24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას”.
ცნობილია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.
1995 წლის 17 სექტემბერს კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში მოაწერეს ხელი, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა.