„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ფაქტობრივად გააუქმა სავალუტო აუქციონები და ფარულად ყიდულობს უცხოურ ვალუტას. მისივე ინფორმაციით, ივლისის თვეში ღია აუქციონზე იყიდა ნული დოლარი, აუქციონის გარეშე კი 109 მილიონი დოლარი.
„ამას ვიგებთ მხოლოს თვის გასვლიდან 25 დღის შემდეგ. სინამდვილეში, თუ ეროვნულმა ბანკმა პირველ ივლისს განახორციელა ინტერვენცია, ამას შესახებ შევიტყობთ 55 დღის შემდეგ, მაგრამ პრობლემა იმაშიცაა, რომ ეროვნული ბანკი მთელი თვის განმავლობაში განხორციელებულ ჯამურ მაჩვენებელს აქვეყნებს და არ ვიცით, რომელ დღეს რამდენი უცხოური ვალუტა იყიდა ან გაყიდა. მიუხედავად პირადად ჩემი მოთხოვნისა, გამოვიყენე რა კონსტიტუციით მონიჭებულო სადეპუტატო შეკითხვის უფლება, ეროვნულ ბანკმა ამ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი მითხრა“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
მისივე შეფასებით, როდესაც ადამიანთა ვიწრო ჯგუფი ფლობს მსგავს ინფორმაციას, მათ შეუძლიათ ლარის გაცვლის კურსით მანიპულირება და ამ ინფორმაციით ვაჭრობა, ასეთი ვითარება ქმნის სერიოზულ მაკროეკონომიკურ რისკებსაც.
„მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს მნიშვნელოვან საკითხებზე და საფუძვლიანი ეჭვების არსებობის პირობებში, თავს ვიკავებდი მხარი დამეჭირა ეროვნულ ბანკის ზოგიერთ ქმედებებთან დაკავშირებით “გირჩის” მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისა და ბოლო თვეებში ლარის საეჭვო მკვეთრი რყევებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ მხარი დავუჭირო ამ კომისიის შექმნას“,- აცხადებს რომან გოცირიძე.