როტშილდები, საუკუნის კონტრაქტი და ჯეიმს ბონდი – კავკასიური მილსადენების ისტორია

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში გრძელდება. მსოფლიოს ომის შედეგად შექმნილ ახალ დღის წესრიგთან უწევს შეგუება – ევროპაში ენერგოკრიზისია, ინფლაცია ბევრ ქვეყანაში მძვინვარებს, სავაჭრო მარშრუტები კი მიმართულებას იცვლის.

დასავლეთში ჯერ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარს ბოლომდე ვერ ამბობენ, თუმცა კარგად ესმით, რომ ქვეყანა სანდო პარტნიორად არ გამოდგება და ახალ მიმწოდებლებს აქტიურად ეძებენ – ევროკომისია უკვე შეთანხმდა აზერბაიჯანთან, რომ 2027 წლამდე ქვეყნიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს.

ამასთანავე, რუსეთმა უკვე რამდენჯერმე შეაფერხა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი საკუთარი ტერიტორიის გავლით. ამის მიზეზად კი სახელდება ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი პუტინის ომს მხარს არ უჭერს.

ამ ყველაფრის ფონზე, ყაზახეთს საკუთარი ნავთობის გატარება რუსეთის გვერდის ავლით სურს, პრიორიტეტულ მიმართულებად კი საქართველოზე გამავალ მარშრუტს ასახელებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიური დერეფნის მნიშვნელობა იზრდება და სამომავლოდ, შესაძლოა, კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდეს.

კავკასიის პირველი ნაბიჯები ენერგოპოლიტიკაში

სამხრეთ კავკასია გლობალური ენერგოპოლიტიკის რუკაზე მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა და აქედან მოყოლებული ენერგორესურსების იმპორტიორი სახელმწიფოების და ენერგოკომპანიების მუდმივი ყურადღების ცენტრშია.

ამ პერიოდში რუსეთის იმპერია მსოფლიო ენერგოპოლიტიკის მთავარი მოთამაშე იყო, ხოლო ენერგორესურსების მოპოვება და მისი ტრანსპორტირება ხორციელდებოდა თანამედროვე აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებზე, რომლებიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ.

ნავთობის ბუმი მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, როდესაც შვედმა მეწარმეებმა, ძმებმა რობერტ და ლუდვიგ ნობელებმა ბაქოში ნავთობის ჭაბურღილები და გადამამუშავებელი საწარმო ააშენეს.

ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 1883 წელს როტშილდების ოჯახის დაფინანსებით ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზი აშენდა. 1906 წელს კი რკინიგზის გასწვრივ 883 კილომეტრის სიგრძის პირველი მილსადენი, ე.წ. „ნავთის მილსადენიც“ გამოჩნდა.

ddd-1661772727.jpg

ნობელების ნავთობის ჭაბურღილები ბაქოში, 1891 წელი

პირველი მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში ნავთობის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე გავლენის დამყარების მიზნით სამხრეთ კავკასია საერთაშორისო დაპირისპირებების ადგილად იქცა. შემდეგ იყო საბჭოთა პერიოდი, რომლის დროსაც, კერძოდ, 1941 წლისთვის, ბაქო საბჭოთა ნავთობის სამ მეოთხედს აწარმოებდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვოლგა-ურალის აუზში ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენამ ბაქოს როლი შეასუსტა და მის ნავთობის საბადოებს მუშახელი და ინვესტიციები მოაკლდა, თუმცა 1980-იანი წლებისთვის ბაქო კვლავ რჩებოდა ნავთობის წარმოებისა და მოპოვების კუთხით წამყვან ძალად.

 

„საუკუნის კონტრაქტი“ და პირველი მერცხალი

აზერბაიჯანმა და საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, გლობალურ ეკონომიკასა და ენერგოპოლიტიკაში ადგილის დამკვიდრება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყეს.

იმპერიისგან გამოთავისუფლების შემდეგ აზერბაიჯანი რესურსებით მდიდარ სახელმწიფოდ მოევლინა მსოფლიოს, რომლის ეკონომიკაც დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლებიდან მიმდინარე ყარაბაღის ომით მნიშვნელოვნად დაზარალდა. ეკონომიკის აღდგენის მთავარ გზად აზერბაიჯანული პოლიტიკური ელიტა ნავთობის მრეწველობის განვითარებას ხედავდა.

ქვეყნის მთავარი გამოწვევა ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე რუსეთის გავლენის შემცირება იყო, თუმცა რუსეთი გავლენის დაკარგვას ვერ ეგუებოდა და სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა.

მიუხედავად ამისა, 1994 წლის 20 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მთავრობამ, აზერი-შირაქი-გუნეშლის საბადოების განვითარების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ისტორიაში „საუკუნის კონტრაქტის“ სახელით შევიდა.

llll-1661772777.jpg

კონტრაქტის გაფორმების ცერემონია ბაქოს გულისტანის სასახლეში – ხელშეკრულების გაფორმებაში 6 ქვეყნის 11 მთავარი ნავთობის კომპანია მონაწილეობდა

 

აზერბაიჯანული ნავთობის რკინიგზით ტრანსპორტირება ნელი და ძვირი იქნებოდა და მილსადენით ტრანსპორტირებას, ამ შემთხვევაში, ალტერნატივა არ ჰქონდა.

სწორედ ამიტომ, აშენდა დასავლეთ მიმართულების საექსპორტო მილსადენი, რომელიც რუსული მარშრუტის ალტერნატივაა და თითქმის 1906 წლის დროინდელ ტრაექტორიას იმეორებს, თუმცა ბათუმის ნაცვლად სუფსაში მთავრდება.

მილსადენის მშენებლობა 1999 წელს დასრულდა და ის ბაქო-სუფსას მილსადენის სახელითაცაა ცნობილი.

ბაქო-სუფსის მილსადენი საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის (WREP) პირველი ინვესტიციაა საქართველოში. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი, სანგაჩალის ტერმინალის გავლით, დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის.

მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია. აქედან, საქართველოს მონაკვეთი 375 კმ-ს შეადგენს. ჩვენს ტერიტორიაზე პროექტის მენეჯმენტს კონსორციუმის ყველაზე მსხვილი წილის მფლობელი, კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ (BP) ახორციელებს.

ნავთობსადენი დღეში, დაახლოებით, 86 ათას ბარელ ნავთობს ატარებს, სრული დატვირთვის პირობებში კი 100,000 ბარელის გატარებაც შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ მილსადენის გამტარუნარიანობა არც ისე დიდია, მის აშენებას რეგიონისთვის უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ის იყო პირველი მერცხალი, რუსეთის ენერგოდერეფნის ალტერნატივა, რომელმაც გზა გაუკაფა სხვა უფრო დიდ პროექტებს.

 

ჯეიმს ბონდი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გადასარჩენად

ადრეული მარშრუტის განსაზღვრისა და ბაქო-სუფსის მილსადენის გაყვანის შემდეგ დასავლური კონსორციუმისთვის მთავარი გადასაწყვეტი საკითხი ის იყო, თუ რომელი მარშრუტი გამოეყენებინათ აზერბაიჯანიდან ნავთობის დიდი მარაგის ექსპორტისათვის.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე მომგებიანი რუსეთის მარშრუტი იყო არსებული მილსადენის ვრცელი ქსელითა და ევროპასთან წვდომის თვალსაზრისით. რუსეთის შემდეგ ეკონომიკურად მომგებიანად ირანის მარშრუტი ითვლებოდა, საქართველო-თურქეთის ვარიანტი კი ყველაზე ძვირადღირებულად მიიჩნეოდა.

თუმცა გადაწყვეტილების მიმღებებს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებაც უწევდათ – რუსეთში კიდევ ერთი მილსადენის აშენება მის გავლენას გაზრდიდა, ირანსა და აშშ-ს შორის კი დაძაბული ურთიერთობა იყო. შესაბამისად, გადაწყდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გაყვანა, მიუხედავად რუსეთის მტკიცებისა, რომ ნავთობსადენი კომერციულად წამგებიანი იქნებოდა და აზერბაიჯანს ნავთობის საკმარისი მარაგი არ ჰქონდა.

ნავთობსადენის აშენებას მხარს უჭერდა აშშ-ს პრეზიდენტი ბილლ კლინტონი, რომელსაც კასპიური რესურსების ტრანსპორტირებაში რუსეთისა და ირანის მონაწილეობის გამორიცხვა სურდა. ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის რეგიონის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ამ პერიოდში შეიქმნა სპეციალური თანამდებობა – „პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი კასპიური ენერგოდიპლომატიის საკითხებში“.

სიძვირის გამო პროექტს დასავლური კომპანიების ნაწილიც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნავთობპოლიტიკის მთავარი მოთამაშე BP ამერიკულ ნავთობის კომპანია Amoco-ს შეუერთდა.

მილსადენის მშენებლობას საფუძველი 2002 წლის სექტემბერში ჩაეყარა და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ბოსფორის სრუტეში ტანკერების გადატვირთული მოძრაობის განტვირთვაც იყო.

ბაქოს სანგაჩალის ტერმინალზე გამართულ ცერემონიას სამი ქვეყნის თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, აჰმედ ნეჯდეთ სეზერი, ედუარდ შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი ესწრებოდნენ, რომელმაც სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროექტი რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას შეუწყობდა ხელს და სამ ერს კიდევ უფრო გააერთიანებდა.

მილსადენის მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა, სრულ ექსპლუატაციაში კი 2006 წელს მიიღეს. მისი მშენებლობის მთლიანმა ხარჯმა, BP-ის ინფორმაციით, 4.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მილსადენის სიგრძე 1,768 კილომეტრია (443 კმ. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კმ. საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კმ. თურქეთის ტერიტორიაზე) და ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. მას დღეში ერთი მილიონი ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია.

ამ პროექტით საქართველო პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელს იღებს ტრანსპორტირებულ ყოველ ბარელ ნავთობზე სატრანზიტო გადასახადის სახით.

აღსანიშნავია, რომ მილსადენი ჯეიმზ ბონდის 1999 წლის ფილმის ერთ-ერთი მთავარი თემაა, სადაც ფილმის მთავარი პერსონაჟი ბაქოდან თურქეთის მიმართულებით გამავალი ახალი მნიშვნელოვანი საექსპორტო ნავთობსადენის აფეთქების მცდელობას შლის. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მილსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სახელით არაა მოხსენიებული, ტრაექტორია ზუსტად იგივეა.

fffffff-1661772924.png

ნაწყვეტი ფილმიდან – The World Is Not Enough

 

სამხრეთის გაზის დერეფანი

სამხრეთ კავკასიაში ნავთობსადენების პროექტების წარმატებულად განხორციელებამ აზერბაიჯანული შაჰდენიზის საბადოს გაზის საექსპორტო მიმართულებაც განსაზღვრა.

2004 წელს დაიწყო ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გასწვრივ აშენდა და ექსპლუატაციაში 2006 წელს მიიღეს.

გაზსადენის სიგრძე 970 კმ-ია (442 კმ აზერბაიჯანში, 248 კმ საქართველოში და 280 კმ ქართულ-თურქულ საზღვარზე ერზრუმამდე გადის), ხოლო წლიური გამტარობა 16 მილიარდი კუბური მეტრი. გაზსადენის ძირითადი დამფინანსებლები არიან ბრიტიშ პეტროლიუმი და სტატოილი.

სამხრეთ კავკასიური მილსადენით მოწოდებული გაზი საქართველოსთვის წარმოადგენს ალტერნატიულ ენერგეტიკულ რესურსს და მას ქვეყნისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ქვეყანა აღარ არის სრულად დამოკიდებული რუსული ბუნებრივი აირის მონოპოლისტ „გაზპრომზე“.

მილსადენის პირველი მიზანია თურქეთისა და საქართველოს გაზით მომარაგება. როგორც სატრანზიტო ქვეყანა, საქართველოს აქვს უფლება მიიღოს წლიური გაზის მოხმარების 5%. გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროპას კასპიის ბუნებრივი აირის მიწოდება დაგეგმილი აქვს სამხრეთ-კავკასიური, ტრანს-ადრიატიკული და ტრანს-ანატოლური მილსადენებით.

l-1661772982.jpg

ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენები

 

საქართველო უკვე წლებია, საიმედო და სანდო სატრანზიტო პარტნიორია რეგიონში. ამგვარ პროექტებს ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და სამომავლოდ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მის ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენს ტერიტორიაზე სატრანზიტო მილსადენების აშენებამ, ფაქტია, საერთაშორისო ენერგოპოლიტიკაში ქვეყანას პოლიტიკური წონა შესძინა და რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა.

ევროპული ქვეყნების ძიებამ ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული წყაროებისა და მარშრუტებისათვის კავკასიურ დერეფანზე მოთხოვნა უკვე გაზარდა. რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სცენარის განვითარებაზე კვლავ ბევრია დამოკიდებული, თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოზე გამავალ მარშრუტებს პერსპექტივა ნამდვილად აქვს და გაზრდილ ინტერესს ქვეყანაც მომზადებული უნდა დახვდეს.

(სტატიაში გამოყენებული ლიტერატურა: მამუკა კომახია, სამხრეთ კავკასიის ენერგო დერეფანი: პერსპექტივები და გამოწვევები, 2017.)

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share