საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი მიიღო

საქართველოს მთავრობამ ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რაც ცხოველების დაცვის მოთხოვნებს შეეხება. რეგლამენტში განსაზღვრულია რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი და რა სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი თითოეული ხბოსთვის. რეგლამენტი ასევე მოიცავს ფერმერებისთვის განსაზღვრულ ვეტერინარიულ მოთხოვნებსაც.

რეგლამენტის მიხედვით, ხბო განიმარტება როგორც 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონელი.

დადგენილების მიხედვით ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნები ასეთია:

1. ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და აღჭურვილობა, რომელთანაც ხბოებს უშუალო შეხება აქვთ, არ უნდა იყოს საზიანო მათთვის და უნდა ექვემდებარებოდეს სრულად რეცხვა-დეზინფექციას.

2. ელექტროსქემები და აღჭურვილობა ისე უნდა იქნეს დამონტაჟებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკი.

3. იზოლაციამ, გათბობამ და ვენტილაციამ სადგომში უნდა უზრუნველყოს ჰაერის ცირკულაციის, მტვრის დონის, ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობისა და გაზის კონცენტრაციების იმ ზღვრულად დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნება, რაც სადგომში მყოფი ცხოველებისათვის ზიანის მომტანი არ იქნება.

4. ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი ყველა ავტომატური და მექანიკური აღჭურვილობა უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, ერთხელ დღეში. ხარვეზ(ებ)ი აღმოჩენისას უნდა გამოსწორდეს დაუყოვნებლივ ან, თუ ეს შეუძლებელია, ხარვეზის გამოსწორებამდე შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული (ალტერნატიული მეთოდები განსაკუთრებით გამოკვებისა და დამაკმაყოფილებელი გარემოს შენარჩუნებისათვის) ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. სადაც ხელოვნური ვენტილაციის სისტემა გამოიყენება, ასევე მოწყობილი უნდა იქნეს სარეზერვო სისტემა, რაც ძირითადი სისტემის დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფს ჰაერის განახლებასა და ხბოების კეთილდღეობას. სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ასევე უნდა მოქმედებდეს საგანგაშო სისტემა, რათა გაფრთხილებულ იქნეს ცხოველების მომვლელი გაუმართაობასთან დაკავშირებით. საგანგაშო სისტემა უნდა შემოწმდეს რეგულარულად.

5. დაუშვებელია ხბოების მუდმივად სიბნელეში განთავსება. მათი ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებული კლიმატური პირობები შესაბამისი ბუნებრივი ან ხელოვნური განათებისთვის. ხელოვნური განათების გამოყენებისას, ის უნდა ფუნქციონირებდეს ბუნებრივი განათების პერიოდში, ჩვეულებრივ, 9-იდან 5 საათამდე. გარდა ამისა, უნდა იყოს შესაფერისი განათება (ფიქსირებული ან პორტატული) საკმარისად ძლიერი, რათა შესაძლებელი იყოს ხბოების შემოწმება ნებისმიერ დროს.

6. სადგომში განთავსებული ყველა ხბო მფლობელის ან პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, ორჯერ დღეში, ხოლო ხბოები, რომლებიც გარეთ არიან განთავსებულნი – დღეში, სულ მცირე, ერთხელ. თუ ხბო არის ავად ან დაზიანებულია, დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებაროს ვეტერინარის დანიშნულებით შესაბამის მკურნალობას და ნებისმიერი ხბო, რომელიც არ რეაგირებს მფლობელის მოვლაზე/კონტაქტზე, დაუყოვნებლივ ექვემდებარება ვეტერინარის შემოწმებას. საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ან ავადმყოფი ხბოები უნდა იყვნენ იზოლირებულნი ადეკვატურ პირობებში, მშრალ და კომფორტულ ქვეშსაგებზე.

7. სადგომი უნდა იყოს ხბოებისათვის ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება, ადგომა და საკუთარი თავის გასუფთავება სირთულის გარეშე.

8. ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმულნი, გარდა ჯგუფურად განთავსებული ხბოებისა, რომლებიც დაბმულნი უნდა იყვნენ არაუმეტეს ერთი საათისა რძით ან რძის შემცვლელით გამოკვებისას. საბელის გამოყენებისას საბელმა არ უნდა გამოიწვიოს ხბოების დაზიანება და უნდა შემოწმდეს რეგულარულად და შეიცვალოს საჭიროებისამებრ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი კომფორტული მორგება. თითოეული საბელი ისე უნდა იქნეს გამოყენებული, რომ აცილებულ იქნეს დახრჩობის ან დაზიანების რისკი და ხბოს უნდა შეეძლოს გადააადგილება ამ დანართის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

9. სადგომი, ბაკი, აღჭურვილობა და ჭურჭელი, რომლებიც გამოიყენება ხბოსათვის, შესაბამისად უნდა გასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯვარედინი დაინფიცირება და დაავადების მატარებელი ორგანიზმების დაგროვება. ფეკალიები, შარდი, ნარჩენი ან დაღვრილი საკვები მოცილებული უნდა იქნეს საჭირო ინტენსივობით, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სუნი და აცილებულ იქნეს თავიდან მწერებისა და მღრღნელების მოზიდვა.

10. იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა სრიალა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხბოებისათვის ტკივილის ან ზიანის მიყენება მასზე დგომის ან წოლის დროს. იატაკი უნდა იყოს თანაბარი და მყარი, ხბოს ზომისა და წონის შესაბამისად. დასაწოლი ადგილი უნდა იყოს კომფორტული, სუფთა, შესაბამისი დრენაჟით და არ უნდა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ხბოზე. ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშსაგებით.

11. ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს დანიშნული შესაბამისი საკვები რაციონი, რომელიც ადაპტირებულია მათ ასაკთან, წონასა და ქცევით და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. მათი საკვები უნდა შეიცავდეს საკმარის რკინას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისხლის ჰემოგლობინის საშუალო დონე, სულ მცირე, 4.5 მმოლ/ლიტრზე და ორ კვირაზე მეტი ასაკის თითოეული ხბოს ყოველდღიური მინიმალური რაციონი უნდა მოიცავდეს უჯრედანას, რომლის რაოდენობა ყველდღიურად უნდა იზრდებოდეს 50 გრ-იდან 250 გრ-მდე რვიდან ოცი კვირის ასაკის მქონე ხბოებისათვის. ხბოებს არ უნდა ეკეთოთ ალიკაპი.

12. ყველა ხბო უნდა იკვებებოდეს, სულ მცირე, 2-ჯერ დღეში. სადაც ხბოები განთავსებულნი არიან ჯგუფურად და არ იკვებებიან შეუზღუდავად ან ავტომატური გამოსაკვები სისტემით, ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებთან ერთსა და იმავე დროს.

13. ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს წვდომა საკმარისი რაოდენობის ახალ წყალზე ან უნდა შეეძლოს დაიკმაყოფილოს სითხის მიღებაზე მოთხოვნილება სხვა სითხეების მიღებით. თუმცა ცხელი ამინდის პირობებში ან ხბოსათვის, რომელიც არის ავად, ახალი დასალევი წყალი ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

14. საკვებურები და საწყურებლები ისეთი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და ისე უნდა იყოს განთავსებული და მოვლილი, რომ მინიმუმამდე იქნეს შემცირებული ხბოს საკვებისა და წყლის დაბინძურება.

15. ყველა ხბომ უნდა მიიღოს მსხვილფეხა საქონლის ხსენი დაბადებიდან რაც შეიძლება მალე, ნებისმიერ შემთხვევაში – სიცოცხლის პირველ 6 საათში,”- ნათქვამია დოკუმენტში.

წყარო: BM.GE

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share