„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე სოციალური ქსელის მეშვეობით, აბიტურიენტებსა და პირველკურსელებს რჩევებს აძლევს.
„უკვე 18 წელია უნივერსიტეტებში ლექციებს ვკითხულობ, ჰოდა, სულ მინდოდა, რომ რაღაც რჩევა მიმეცა აბიტურიენტების და პირველკურსელებისთვის და ვერ მოვაბი აქამდე თავი. ჰოდა, ახლა ვცდი.
სტუდენტობა ძალიან მაგარი პერიოდია. ეგ უკვე ალბათ ისედაც იცით და ერთი სული გაქვთ გამოცადოთ. უბრალოდ, რაღაცები გაითვალისწინეთ (ჩემი გამოცდილებით).
1. საბოლოო ჯამში უნივერსიტეტი თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ რაც მართლა გაინტერესებთ და გჭირდებათ, ის ისწავლოთ. ამიტომ, რაც მალე გაერკვევით, რა გინდათ რომ აკეთოთ, მით უკეთესია. ის, რომ ახლა სადღაც ჩააბარეთ, არ ნიშნავს, რომ ვალდებული ხართ ეს არჩევანი არ შეცვალოთ. არ შეგეშინდეთ, თუ პირველ კურსზე აღმოაჩინეთ, რომ იურიდიული კი არა, სამედიცინო გინდათ, სამართალი კი არა – საერთაშორისო ურთიერთობები. ჯერ კიდევ გაქვთ დრო შეცვალოთ. არათუ დრო გაქვთ, მარტივია შეცვლა. ამ ამბავში არავის ენდოთ. თქვენ რაც გინდათ ის უნდა ისწავლოთ და აკეთოთ.
2. არ შეგეშინდეთ, თუ აღმოაჩინეთ, რომ ორი, ან სამი რამის კეთება გინდათ და შეგიძლიათ. მომავლის სამუშაო ბაზარი მრავალმხრივი შესაძლებლობების ახალგაზრდებს მეტად დააფასებს. ოღონდ, თუ რამდენიმეს აირჩევთ, ეცადეთ ყველა არჩეულ სფეროში მაგარი იყოთ. საბოლოო ჯამში, რამდენად ჯობიხართ თქვენს თანატოლებს და კონკურენტებს, ეგ დაგიფასდებათ. სამი საშუალო ან დაბალი უნარის მქონე საშუალო თანამშრომელს მე ისევ ერთის მქონე და მაგარი მირჩევნია.
3. თითქმის ყველაფერი თქვენს ხელშია. ოღონდ, ჯერ შესაძლებლობები უნდა შეიქმნათ. როგორ? შეხვედრაზე წასვლით, ლექციაზე დასწრებით, ადამიანების გაცნობით, სტაჟირებებით, კონკურსებში მონაწილეობით, იდეების დატესტვით, განაცხადების შევსებით, გარისკვით. თუ მარტო გაკვეთილებს ისწავლით, შეიძლება კარგი ნიშნები მიიღო, მაგრამ შესაძლებლობები გამოტოვო. სწორ დროს სწორ ადგილზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როცა სტუდენტი ხარ.
4. არ მოტყუვდეთ, რომ “საქართველოში უნივერსიტეტები არ ვარგა” და “განათლების სისტემა იმდენად ცუდია, რომ…”, “დიპლომს აზრი არ აქვს” და ა.შ.. გააჩნია რას ადარებთ. ფინეთს? მაშინ კი, ცუდია. 20 წლის წინანდელს? შედარებაც არ არის, იმდენად უკეთესია. საბოლოო ჯამში, ფაქტი ის არის, რომ დღეს საქართველოში შეგიძლია მიიღო ისეთი განათლება, რომელიც გაგხდის საბაზისოდ კონკურენტუნარიანს შენს არჩეულ სფეროში. დანარჩენი, რამდენად ამ ბაზაზე დააშენებ მეტ ცოდნას, მთლიანად შენს ხელშია.
5. არ მოგწონს ლექტორი, ან საგანი როგორ ისწავლება? თვით-განვითარება სცადე, coursera-ზე შედი, სხვა ლექციას დაესწარი, ted-ს მოუსმინე, ახალ ამბებს მიჰყევი, იცოდე მსოფლიოში და შენს ქვეყანაში რა ხდება. გამართლებას ნუ ეძებ – ლექტორი არ მივარგოდა და აბა როგორ ვისწავლიდიო. სხვა ლექტორი გეცადა. და თუ ლექტორი არ გივარგა, გამოიწვიე, აჩვენე, რომ არ ვარგა, რომ მეტი უნდა მოგცეს. მერე წუწუნს აზრი არ აქვს.
6. დღეს, როგორც არასდროს, შეგიძლიათ დასავლეთში სწავლა გააგრძელოთ. უამრავი შესაძლებლობაა. ოღონდ ცოტა დაგეგმვა ჭირდება. ბევრი სტუდენტი მინახავს, მეოთხე კურსზე რომ გაახსენდათ უცხოეთში სწავლა და უკვე გვიანი რომ იყო. 4 წელი გაქვთ წინ. მე-2 და მე-3 კურსზე გააკეთეთ აქცენტი გაცვლით პროგრამებზე. არ აქვს თქვენს უნივერსიტეტს კარგი გაცვლები? მობილობა სცადეთ. ისე მიიღეთ მონაწილეობა საზაფხულო და სხვა პროგრამებში. უ ა მ რ ა ვ ი შესაძლებლობაა!
7. იყავით აქტიური. პოლიტიკურად და საზოგადოებრივად. სანამ თქვენ სწავლობთ, ან ერთობით, ვიღაცები შეეცდებიან თქვენი ცხოვრება შეცვალონ უთქვენოდ, გაგიზარდონ გადასახადები, წაგართვან ფული, შეგიზღუდონ თავისუფლება, მოახდინონ გავლენა თქვენზე. ამ წუთში შეიძლება არ გეხებათ, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენზე ახდებს გავლენას. დღეს რომ არჩევნებს გაგიყალბებენ, ხვალ შეიძლება ევროპაში არ შეგიშვან. შენი რა ბრალია, მაგრამ ასე გამოვა. ამიტომ, ახლა გაქვს შანსი იყო აქტიური, ჩაერთო შენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იარო აქციებზე, იყვირო, აპროტესტო და ა.შ. მერე, როცა შვილები და შვილიშვილები გეყოლება, ამას ვეღარ იზამ (ალბათ. იმედია, ვცდები).
8. მოითხოვე. პირველ რიგში განათლება. უფასოზე სწავლობ თუ ფასიანზე, ძვირიანში, თუ იაფფასიანში, მოითხოვე მეტი შენივე უნივერსიტეტისგან და ლექტორისგან. სხვა თუ არაფერი ფულს იხდი განათლებაში. უფასოზე თუ ხარ, მაინც იხდი, ყველა ვიხდით, ჩვენი გადასახადებიდან. თუ მოთხოვნილს არ დაგიკმაყოფილებენ, არა უშავს, აუცილებლად მოახდენს რაღაც გავლენას შენი მოთხოვნა. პროგრესი მხოლოდ მოთხოვნას მოაქვს.
9. 10. 11. 12 და ა.შ: გაერთე. ნუ, ამას ისედაც იზამთ, ამიტომ ჩემი რჩევა აღარ გჭირდებათ. უბრალოდ ისე ნუ იზამთ, რომ ოთხი წლის თავზე მარტო გართობა დაგრჩეთ. მერე უჭირთ ხოლმე ასეთ სტუდენტებს. არადა, ის “მერე” მთელი ცხოვრებაა და გართობა მხოლოდ 4/6 წელი.
სულ ესაა.
გილოცავთ კიდევ ერთხელ!
რაც შეეხება მათ, ვინც ვერ ჩააბარეთ წელს. არავითარი ტრაგედია ამაში არ არის. სრულიად არანაირი. ერთი წელი გაქვთ, რომ ცოდნა გაიღრმაოთ, გაერკვეთ რა გინდათ და ახლიდან სცადოთ. თან, ამ ასაკში არსად გეჩქარებათ. “წლის დაკარგვა” არის ჩვენი წინა თაობების მოგონილი აბსურდული ფრაზა. არაფერს არ დაკარგავთ, პირიქით, მეტი შანსი გაქვთ, რომ კარგად მოემზადოთ“, – წერს სერგი კაპანაძე.