ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
შესაბამისი ცვლილება შს სამინისტროს ინიციატივით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ხორციელდება, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის დონის შემოწმების წესი კი – შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
ამავე პროექტით, იზრდება სანქცია სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან ხმოვანი სიგნალის, ასევე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა.