გურიაში საცხოვრებელ სახლში მძინარე დემურ გოგოტიშვილს 10-ობით ჭრილობა დანით მიაყენეს. ის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულის, ვაჟა გოგოტიშვილის ბიძაა. დანაშაულის მოტივი კი სავარაუდოდ, შურისძიებაა.
რამდენიმე დღის წინ, უცხოეთიდან დაბრუნებული გიგა როყვა ოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სავარაუდო დამნაშავე ვაჟა გოგოტიშვილი კი ამ დრომდე მიმალვაშია. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ქურდულ სამყაროში გავლენების გადანაწილების მცდელობაა.
ვაჟა გოგოტიშვილი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია, მისი მეუღლე კი ოზურგეთის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.
გურიაში “გიგა ოზურგეტსკის” დალაგებული საქმეები მას შემდეგ აირია, რაც ის უკრაინაში დააკავეს და იმისი აღიარება მოუწია, რომ რუსეთში მოღვაწე კანონიერი ქურდების დავალებით უკრაინის ციხეებში დივერსიას გეგმავდა. ამან ქურდულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია და “ოზურგეტსკის” გავლენების შეკვეცა გადაწყვიტეს. სავარაუდოდ სწორედ და ამ მიზნით დაბრუნდა ქვეყანაში, მოკლული გიგა როყვა. მის მკვლელობას კი მალევე მოჰყვა სავარაუდო მკვლელის ნათესავზე შურისძიება.
როყვა გურიაში 11 სექტემბერს მოკლეს. ის მანქანაში ჩაცხრილეს.
ბრალდებულს კი დღეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ხოლო ერთი პირი ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავეს.