ესმა კუნჭულიას „ლობიოს გმირები პოლიტიკაში“ – „ჯაბა იოსელიანის ეპოქის მეხსიერებას “პაკრიშკებზე”მოხარშული ლობიოს სუნი აქვს, დღეს “სვეცკად” ვაბლენდერებთ კიდეც და ფაჟოლური მანერით მივირთმევთ“- ე.წ. ლობიოს თემას უძღვნის ვრცელ და სარკაზმუილ პოსტს ფეისბუქზე ტელეწამყვანი „ქართულ გასტრონომიული მუზეუმის “ დამფუძნებელი ესმა კუნჭულია.
”ლობიო – როგორც მეხსიერების ადგილი;
ლობიოს ფენომენი პოლიტიკურ და კულტურულ მეხსიერებაში
ლობიო რა იყო არ იცოდა არც კოლხმა მედეამ და არც შოთა რუსთაველმა… ასე, რომ დიდმარხვებში არ აცხობდნენ ლობიანს არც გრიგოლ ხანძთელის მონასტრებში, არც ექვთიმე და გიორგი ათონელები, არც იოანე პეტრიწი საშუალო საუკუნეების ტიპიკონები სდუმან ლობიოზე. იმიტომ, რომ არ ჰქონდათ ლობიო.
ლობიოს მარცვლები ჯიბით ჩამოიტანეს ქრისტეფორე კოლუმბის ხომალდის ბიჭებმა აღმოჩენილი ამერიკის კონტინენტიდან და ახარეს იზაბელა კასტილიელს (მათი მოგზაურობის სპონსორს) 1495 წელს: თამბაქოსთან, კარტოფილთან, პომიდორთან, ინდაურთან და სხვა მრავალ პტოდუქტთან ერთად.
ეს ის დროა, როცა უკვე დაცემულია კონსტანტინოპოლი, ხოლო ქართველი მეფეები იზაბელას ესპანეთში წერილებს წერენ ევროპა დაგვახმარე – ოსმალებს უნდა მოვუგოთო ეს წერილები აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ ბარსელონის არქივში იპოვა და ამაზე ცალკე გიამბობთ
17 საუკუნის ბოლოს და 18 საუკუნის დასაწყისში, როცა მორჩა და გამოიცა ევროპებმოვლილი სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, იქ უკვე იპოვით სიტყვა ლობიოს. ლათინურად – ფაჟოლი ჰქვიაო, ხოლო არმენიულად – პოღოჭიკიო;
ლობის ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში მხოლოდ ქოთანში ჩაბუჟბუჟებული სურნელოვანი მწვანილებით შეკმაზული კერძის ფუნქცია როდი აქვს. არც მხოლოდ რაჭველთა საამაყო ლობიანის გულია ლობიო.
ლობიო შეძვრა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ პოლიტიკურ მეხსიერებაში.
თუ ჯაბა იოსელიანის ეპოქის საქართველოსთვის ლობიოობა დემოკრატია არ უნდა გვგონებოდა, გია გაჩეჩილაძის მიხედვით, ლობიო ვჭამოთ სჯობს “ისეთ ფაჟოლურ ევროპას”, სადაც სულხან-საბაც არ მიიღეს…
“ფაჟოლის ჭამა” აეკრძალა ლუდივიკო 14-ის ენაზე მობაასე საქართველოს პრეზიდენტსაც, რადგანაც იმ დროს შევიდა საფაჟოლეში, როცა არ იყო საჭირო შესვლა
ახლა მე იცით რას ვიზამ? ქართველი ერის კვების კულტურული მეხსიერების კვლევის ნაწილში დიდი ასოებით გამოვყოფ ქვეთავს “ ლობიოს როლი ქართველთა პოლიტიკურ მეხსიერებაში”
ჯაბა იოსელიანის ეპოქის კოლექტიურ მეხსიერებას “პაკრიშკებზე” და ნავთქურებზე მოხარშული ლობიოს სუნი აქვს, დღეს ლობიოს “სვეცკად” ვხარშავთ, ვაბლენდერებთ კიდეც და ფაჟოლური მანერით მივირთმევთ.
ჰოდა, თუ ლობიო გაევროპელდა, მე რატომ უნდა დავრჩე მხოლოდ ლობიოსთან ერთად ევროპის გარეშე?
საბოლოოდ კი, ჩვენც და სამივე “ლობიოს ტერმინოლოგიის გმირები” ერთი ეთნიკური ქოთნების შვილები ვართ და რითი ვერ მივათრიეთ ეს ჩვენი ლამაზი, მაგარი სამშობლო ბედნიერების წერტილამდე?
ამაზე გაქვთ ვინმეს გეგმა? ამაზე ფიქრობს დღეს ვინმე?” – წერს კუნჭულია.