მმართველი გუნდში არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, არასამთავროებს პოლიტიკური ამბიციები აქვთ, გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით, პრაქტიკულად პოლიტიკურ პარტიების წარმოადგენენ და ზოგიერთი მათგანის ხარჯები არ არის გამჭვირვალე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” ამბობს, რომ აღნიშნულ კრიტიტიკას არ ექნება ხელშესახები შედეგები და „ოცნების” ქმედება გამოიწვევს მხოლოდ დასავლელი პარტნიორების უკმაყოფილებას, რაც საქართველოს ხელისუფლებას „ისედაც არ აკლია”.
„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან აცხდებს, რომ არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება სხვადასხვა წყაროსგან და ისინი გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნით, აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას.
მისივე თქმით, არასამთავრობოებს აქვთ საზოგადოების წინაშე მორალური ვალდებულება, აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი.
„თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არ აქვს, რაც რისკებს ქმნის. არა მარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე ფინანსური თვალსაზრისით, არამედ იგივე ეხება არასამთავრობოებსაც”, – განაცხადა კობახიძემ.
თბილისის მერი და „ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე კი არასამთავრობოებს მიუკერძოებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი პრაქტიკულად პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ.
„არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ ყველა მათი ქმედება უნდა იყოს გამჭვირვალე. ისინი უნდა იყვნენ აპოლიტიკურები და ჩვენთან, სამწუხაროდ, ყველაფერი შეტრიალებულად ხდება.
„არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ განწყობები რაც არის საზოგადოებაში, ეს არის თავად მათი დამსახურება. თქვენ ნახეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველა განვლილ პერიოდში, არჩევნების პროცესში, არჩევნების შემდეგ როგორი დღის წესრიგი აქვთ. სამწუხაროდ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან. როდესაც შენ არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია და ჩართული ხარ „პი-ვი-ტის” გაყალბებაში, ეს არის ძალიან მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ ჩართული იყვნენ რევოლუციურ სცენარში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” ამხილა და „ქართული ოცნების” ლიდერების გამომჟღავნების შემდეგ აიწია ეს თემა, რომელიც ძალიან მძიმე იყო”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამ განცხადებებს არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ ხელისუფლების შეტევის დასაწყისად არ აღიქვამს. თუმცა მიიჩნევს, რომ ეს კრიტიკა შესაძლოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას უკავშირდებოდეს.
„როგორც ჩანს, ამგვარი კრიტიკა არ არის საბრძოლო ყიჟინა. მეეჭვება ფიზიკურ შედეგებამდე მივიდეს დაპირისპირება. დიდი ხანია უპირისპირდებიან ამერიკის ელჩსაც, მაგრამ არ დამდგარა მისი გაწვევის საკითხი. ასე რომ, ეს დაპირისპირებები უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და სრული მხარდაჭერაც არ ექნება.
„ვფიქრობ, აღნიშნული კრიტიკა უფრო უკავშირდება 12 პუნქტზე მუშაობის პროცესს. შესაძლებელია მსგავსი ბრალდებები წამოაყენონ მაშინ, როდესაც ევროპელებთან იმსჯელებენ 12 პუნქტის შესრულებაზე, რასაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან კვლავ უკმაყოფილება მოყვება, ეს კი ისედაც არ გვაკლია”, – განაცხადა საყვარელიძემ.
რეზონანსი