აგრო – ტურისტული ფესტივალი ურეკში

აგრო-ტურისტული ფესტივალი წელს ურეკში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, შპს ბახვი ჰესის და USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მხარდაჭერით გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მცხოვრები მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია: ჩაი, თაფლი, მშრალი ხილი, ჩურჩხელა, ღვინო და არაყი.
ფესტივალის მიზანი ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვაა. სპეციალურად კურორტზე დასასვენებლად ჩამოსული სტუმრებისთვის მოეწყო ღვინის კუთხეებიც, რომლის ფარგლებში ღვინის მწარმოებლები დამსვენებლებს სთავაზობდნენ ადგილობრივი ღვინის დეგუსტაციას, ჩაის მეწარმეები კი დაინტერესებულ სტუმრებს აცნობდნენ ქართული ჩაის ისტორიას და თავისებურებებს. ფესტივალის ფარგლებში ასევე, მოეწყო რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი კუთხეები.
ფესტივალის ორგანიზატორი იყო ასოციაცია „ჩაის გზა“. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის გაძლიერების კუთხით უკვე თითქმის ერთი წელია აქტიურად მუშაობს, როგორც შპს ბახვი ჰესი, ასევე, USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. ბახვი ჰესის დახმარებით, ასოციაციამ შეიძინა სპეციალური დახლი სტენდები, ასევე მოეწყო განათება. სწორედ ამ დახლებზე იყო გამოფენილი გურული ჩაის ის სახეობები, რომელიც გურიაში მზადდება.
„ჩვენ ვაძლიერებთ ასოციაციას და მის წევრებს. ჩვენი მიზანია, გურიაში განვახორციელოთ პროექტები, როემლიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მდგრად განვითარებას, მოიზიდავს და შექმნის დოვლათს და გააძლიერებს ოჯახებს. ამისთვის კი საჭიროა, როგორც ერთის მხრივ მეოწარმოების და სტუმარ-მასპინძლობის განვითარება, რითაც ვართ დაკავებული ამჟამად, ასევე მეორეს მხრივ, რეგიონის და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია ფართო წრეებში. სწორედ, პოპულარიზაციას ემსახურება ეს კონკრეტული ღონისძიება, რომლის მხარდაჭერებიც ჩვენ ვართ, ისეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად როგორიც არის ადგილობრივი მერია და USAID-ი“ – განაცხადა დავით მიქელაძემ, კომპანია ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯემრმა.
აგრო-ტურისტული ფესტივალი ერთ დღეს გაგრძელდა. მას ბევრი სტუმარი ჰყავდა. ღონისძიებას დაესწრნენ მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, კერძოდ შპს ბახვი ჰესის და USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share