“არიქა თალიკო შენი ჭირიმე მუუთვალე, მუუანგარიშე” – რას იხსენებს ზურა შევარდნაძე?

”ჩემი გვარის და თაობის ყველა სიყვარულით მამიდას ვეძახდით. ვისაც ბიცოლად, დეიდად, ბებიად მოერგებოდა ისინიც კი თალიკო მამიდა, თალიკო მამიდა, თალიკო მამიდა.. არ ვიცი რატომ იყო ასე.
თალიკო მამიდა ეშხიანი, ლამაზი ქალი იყო, ჩვენი ბებია ბაბუების ასაკის, მამაჩემის , ბიძაჩემების და ჩემი მამიდაც იყო. აზრიანი, გონიერი, უსაშველოდ მშრომელი და გამრჯე, ხშირად იყო ჩვენსას. ართმეტიკა და ანგარიში იცოდა. ისე დაუწერლად, საანგარიშო ჩოთქის გარეშეც სხარტად გამოთვლიდა თუ რამე იყო დასათვლელი და გასანაწილებელი. “არიქა თალიკო შენი ჭირიმე მუუთვალე, მუუანგარიშე” ეტყოდენ ჩემები და თალიკო მამიდაც გადანაბავდა თვალებს, უცებ ჩამოკაკლავდა ციფრებს.
თამამი ქალი იყო თალიკო მამიდა და ყველა ჩვენი ბებიებისგან განსხვავებული, თანამედროვე, მოწინავე აზრები ჰქონდა. ყველაფერს სხვანაირად, იოლად უყურებდა და უკვირდა მაგალითად ბებიაჩემი, დუდანა ან უმანკო ბებია თუ გაიკვირვებდენ: “რაფერ გაბედა და იკადრა ცა ვახტანგამ ნუნუიასან საქმის დაჭერა? ან მეზობელი არ იცის ან შინაური ან გარეული მაგ ოღრაშმა კაძახმა მაგან?” იყო ერთი ბჭობა და ამბავი ამაზე და ამისთანებზე. თალიკო მამიდა მორიდებით იკითხავდა: “რაქნას აბა, მაგიზა მოსკოვში იაროს?” დატუქსავდენ თალიკოს და გააჩერებდენ არ ათქმევინებდენ ბოლომდე, არ ეთანმებოდენ.
თალიკო მამიდა დაჟინებით აგრძელებდა უკვე დაბალ ხმაზე: “კი მარა იმას თუ უნდა და ამასაც თუ უნდა შენ რაგინდა?”
ახლა ვფიქრობ რომ გულში ბებიაც ეთანხმებოდა მარა თალიკოს მაინც უბედურ დღეში აგდებდენ. “გაჩერდი თუ ქალი ხარ ნუ ჩივი აბდრულს”, არ აცდიდენ აზრის გამოთქმას.
ახლა როცა ბევრი რამ შეიცვალა, აღარც ჩემი ბებიაა აღარც თალიკო მამიდა, აღარც ვახტანგა და ნუნუიე, სოფელი იმ სოფელს აღარ ჰგავს რომელზეც გიყვებით, ურთიერთობებიც გაიოლდა, ზოგჯერ მაინც გადავეყრები ადამიანს რომლესაც მეორე ორის ურთიერთობა არ მოსწონს, უკვირს და გამოხატავს კიდეც. სულ თალიკო მამიდა მახსენდება, ხან ვიტყვი და ხან ჩემდა გავივლებ გულში: “კი მარა იმას თუ უნდა და ამასაც თუ უნდა, შენ რა გინდა?”
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ყვავილი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share