“ჩვენს დროს პროკურატურა დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა”-პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და ის მუდმივად ვითარდება.

როგორც მან პროკურორთა საერთაშორისო 27-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროკურატურის სისტემის განვითარება ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია.

„კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების, ახლა უკრაინაში ომის, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, საფრთხეების, ასევე, ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ დანაშაულთან, მათ შორის კრიპტოვალუტის მეშვეობით ფულის გათეთრების თუ კიბერდანაშაულის მზარდი მასშტაბების პირისპირ, აშკარაა, რომ დღეს მსოფლიო განახლების რთულ პროცესს გადის. უფრო სამართლიანი, დემოკრატიული, მშვიდობიანი საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობაში, სამართალდამცავ ორგანოთა მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს ეროვნულ დონეზე თუ საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში. პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით, კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულიად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად, საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და მუდმივად ვითარდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიც არის პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია.

„180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი განვითარებისთვის და ამავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში. მიმდინარე კონფერენცია და ამ დღეებში დაგეგმილი ღონისძიებებით, მათ შორის საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის სამომავლო თანამშრომლობა-შეთანხმების გაფორმებით, კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი საერთო მიზნებისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share