“ახლა ვართ მდგომარეობაში, როდესაც შეგვიძლია სრული კანდიდატობა მოვიპოვოთ….რომელიც არ აქვს არც უკრაინას და არც მოლდოვას”-შალვა პაპიაშვილი

სწორედაც რომ ახლა ვართ მდგომარეობაში, როდესაც შეგვიძლია სრული კანდიდატობა მოვიპოვოთ, რომელიც არ აქვს არც უკრაინას და არც მოლდოვას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა გაეხსნა და ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია ქვეყნისთვის.

მისი თქმით, მთავარი ეტაპი ახლა არის სრული კანდიდატობა, რომელიც არცერთს ამ სამი ქვეყნიდან არ აქვს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია იმდენად, რამდენადაც ჩვენ ევროპული პერსპექტივა გაგვეხსნა. ეს არის ის ფორმულა, რომელსაც ნატრულობდა ჩვენი დიპლომატია 2014 წელს, როდესაც ასოცირების შეთანხმების ბოლო ტექსტი თანხმდებოდა. მაშინ სამწუხაროდ, ევროპული პერსპექტივა და ის, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ეს არ ჩაიდო. ჩვენ დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ზუსტად ვიცით 12 საკითხი, რომლის შესრულების შემთხვევაში ავტომატურად გვექნება სრული კანდიდატობა. დღეს არც ჩვენ, არც უკრაინას და არც მოლდოვას არ აქვს სრული კანდიდატობა. უკრაინას და მოლდოვას აქვს კანდიდატობა პირობით, თუ არ დააკმაყოფილებენ ისინი სრულ კანდიდატობას ვერ მიიღებენ და ჩვენ მართალია არ გვაქვს კანდიდატობა, მაგრამ გვაქვს იგივე პირობები და თუ დავაკმაყოფილებთ, მივიღებთ სრულ კანდიდატობას. ამიტომ, ჩვენ ფაქტობრივად თანაბარ მდგომარეობაში ვართ იმიტომ, რომ სხვაობა კანდიდატობასა და ჩვენს მდგომარეობას შორის რაიმე არსებითი სხვაობა დაფინანსების კუთხით და ა.შ. არ არსებობს.

მთავარი ეტაპი ახლა არის სრული კანდიდატობა, რომელიც არცერთს ამ სამი ქვეყნიდან არ აქვს. ახლა ამ სამი ქვეყნის მთავარი ამოცანაა, რომ შესრულდეს რეკომენდაციები, რომლებიც ყველას აქვს წარმოდგენილი და ჩვენი მიზანია, რომ წლის ბოლომდე ყველა ეს რეკომენდაცია შესრულდეს.

შესაძლოა წლის ბოლოს ეს შეფასება არ იყოს გრაფიკიდან გამომდინარე და იყოს მომავალ წელს, მაგრამ მთავარია აქ მოძრაობა ამ მიმართულებით. მთავარი არის, რომ ჩვენ სწორედაც ახლა ვართ მდგომარეობაში, როდესაც შეგვიძლია სრული კანდიდატობა მოვიპოვოთ, რომელიც არ აქვს არც უკრაინას და არც მოლდოვას. სამივე ქვეყნის შემდეგი ეტაპი არის სრულფასოვანი კანდიდატობის მოპოვება, რომლის შემდეგაც უკვე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება წევრობაზე და სწორედ ეს ეტაპია მნიშვნელოვანი. კანდიდატის სტატუსი თავის მხრივ არაფერს არ იძლევა, არანაირ უპირატესობას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვართ ასეთ მდგომარეობაში. ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ევროკავშირმა საქართველოსთან სამი წლით გვიან დაიწყო, ვიდრე უკრაინასთან. საბოლოო ჯამში, 2014 წელს ჩვენ უფრო ადრე მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, ვიდრე უკრაინამ,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share