”სააკაშვილი, 2008 წლის მერე, ღვინოებით ხვდებოდა რუსებს, და მაგათთან ერთად სვამდა”

“.. ეს არის ჩვეულებრივი, პროვინციული, ორღობის ჭორაობა, რომლის იქითაც საქართველო ვერასოდეს წავიდა! განა თბილისური ჭორაობაა, არამედ – ორღობის! ვიღაც დადის დემნა გვასალიას დაბამბულ, ხუთი ზომით დიდ სამოსში და ჰგონია, ქართულ ელიტას წარმოადგენს, ბოდიში და “სვეცკობა” წარმოუდგენია. ეს არის ღრმა პროვინციალიზმი!”, – განაცხადა “კვირის პალიტრასთან” საუბრისას რეჟისორმა ქეთი დოლიძემ, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვკითხეთ აზრი. მისი უმწვავესი რადიკალური ტონი არავის უკვირს, მაგრამ ამჯერად რიგი საკითხების მიმართ კიდევ უფრო მძაფრი დამოკიდებულება ჰქონდა…

”მე კომენტარს აღარაფერზე ვაკეთებ, მაგრამ გეტყვით, რომ თბილისობის დღესასწაული დღესასწაულად რჩება და აუცილებლად უნდა იყოს! ხან ასეთი გამოვა, ხან – ისეთი, მაგრამ უკაცრავად, რა, მეც თუ კომუნისტების დროს ვცხოვრობდი… ერთ-ერთი ყველაზე არაკომუნისტური, არაბოლშევიკური, არანაირად საგინებელი ღონისძიება ეგ არ იყო, რასაც თბილისობა ერქვა! ვინ იყო საგინებელი – რამიშვილები, დარახველიძეები, ვერიკო ანჯაფარიძე თუ ოთარ მეღვინეთუხუცესი? ეს ხალხი ამათი საგინებელია, “ნაციონალების”?

ახლაც, თბილისის საპატიო მოქალაქეობა ელდარ შენგელიას არ ეკუთვნოდა თუ ტარიელ ჭანტურიას, ჯემალ სეფიაშვილს?! რომელი იყო უღირსი? ერთადერთი, მე ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მაქვს გვასალიაზე… ალბათ, რაღაც ისეთი ნაბიჯი იყო…

დემნა გვასალიამ თქვა, თბილისში ფეხს არ ჩავდგამო და ეს რომ საწყენია, რაღაზე ვსაუბრობთ?! არ არის ეს თბილისელი კაცი, სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, მგონი, თბილისში არც არასდროს ყოფილა!

მსოფლიოსთვის საქართველო დემნა გვასალიას არ გაუცნია და ძალიან გთხოვთ, ეგ აღარც გაიმეოროთ!

რის საქართველო, რა საქართველო?! როდის იყო სადმე დემნას საქართველოზე ესაუბროს?! სადმე ქართველ დიზაინერად მოიხსენიება? რას მელაპარაკებით თქვენ, კაცო?! არსად უხსენებია და უნდა რცხვენოდეს, თუ ნამუსი და სინდისი აქვს! ადამიანები, რომლებიც მიშა სააკაშვილზე და “ნაცებზე” გიჟდებიან, ჩემთვის არც არსებობენ!

რაც შეეხება ლარსიდან შემოსულ რუსებს, მაგაზეც “ნაცებმა” ატეხეს ერთი ამბავი და ამ დროს, მიშა სააკაშვილი, 2008 წლის მერე, ღვინოებით ხვდებოდა რუსებს, არიქა, რაც შეიძლება მეტი უნდა შემოხვიდეთო და მაგათთან ერთად ღვინოს სვამდა კიდეც… მორჩა, დაოკდეს ახლა ყველა! რაც უნახავთ, ვეღარ ნახავენ!

როგორც შემოვლენ, ისე წავლენ, აქ არც ერთი რუსი არ დარჩება! კაფეში, გვერდით ისხდნენ რუსები და გვითხრეს, უმეტესობას ამერიკაში წასვლა გვინდაო… ბაიდენმა გამოაცხადა, რომ თავშესაფარს აძლევს მათ და წავლენ ამ თავშესაფარში! არავის სჭირდება შენი გაჭირვებული საქართველო! მით უმეტეს, რუსს რაში სჭირდება, ამერიკამ აგერ კარი გაუღო!

თქვენ მიმართ ნიშნისმოგებით გაიჟღერა, ივანიშვილი ასე იშორებს თავისიანებსო…

– არავის არსაიდან მოვუშორებივარ! საიდან მომიშორა ივანიშვილმა, ძალიან მაინტერესებს? რა სისულელეა, ღმერთო ჩემო! ადამიანმა თქვა, მე აღარასოდეს აღარაფერში ჩავერევიო! კულტურის მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერ-მინისტრი?! მანანა ბერიკაშვილს, მიხეილ გიორგაძეს ჰკითხეთ, ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი! რომელი თეატრის საქმეში ჩარეულა ბიძინა ივანიშვილი, მაინცდამაინც ქეთი დოლიძე მოეშორებინა?! სირცხვილი აღარ არსებობს, რა უზნეობაა ეგეთი შეკითხვების დასმა?! საერთოდ ასეთი აზრის არსებობა?!

ეს არის ჩვეულებრივი, პროვინციული, ორღობის ჭორაობა, რომლის იქითაც საქართველო ვერასოდეს წავიდა! განა თბილისური ჭორაობაა, არამედ – ორღობის!

ვიღაც დადის დემნა გვასალიას დაბამბულ, ხუთი ზომით დიდ სამოსში და ჰგონია, ქართულ ელიტას წარმოადგენს, ბოდიში და “სვეცკობა” წარმოუდგენია. ეს არის ღრმა პროვინციალიზმი!

ყველაზე გენიალურად ეგ ნოდარ დუმბაძემ თქვა! – ჩემთვის არისტოკრატი ადამიანი არის ბაბუაჩემი, გურიის სოფელში პატარა ბავშვი რომ ღობეს გადმოაბიჯებდა, ფეხზე დგებოდა და ისე ხვდებოდაო…

ამათ ჰყავდეთ თავიანთი დემნა გვასალია, სადაც არის! ეტყობა, ეს დაჯილდოება ჟესტი იყო, რომ სინდისში ჩააგდონ. თუ მაგარი ტიპია, თქვას რამე თბილისის საპატიო მოქალაქეობაზე! ხანდახან რაღაცები ავანსად კეთდება და თუ ვინმე დემნა გვასალიას აქეთ მობრუნება სჭირდება, მოაბრუნოს, მე არაფერში მჭირდება!”

კვირის პალიტრა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share