სუპერმარკეტების ზოგიერთ ქსელში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კვერცხი 5-10%-ით კიდევ გაძვირდა. როგორც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, პროდუქტი მწარმოებლებს არ გაუძვირებიათ, შესაბამისად, ეს კონკრეტული ქსელების საფასო პოლიტიკაა.
„წესით, გაზრდილი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ მწარმოებლებს ფასი არ გაუზრდია. თითქმის, ყველა სუპერმარკეტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, ხან აქციები აქვთ და ა.შ. უბრალოდ, შეიძლება, თავიდან აქცია იყო კვერცხზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შედარებით ნაკლები ღირდა და შემდეგ ისევ სუპერმარკეტმა ძველ ფასზე დააბრუნა. თორემ, შემიძლია გითხრათ, რომ გაზაფხულიდან არცერთ მწარმოებელს კვერცხის ფასი არ გაუზრდია. ღირებულება დიდი ძალისხმევით შევინარჩუნეთ, ვიყავით მოლოდინის რეჟიმში, რომ იქნება ხორბალზე ფასი შემცირდეს, არ გავაძვირეთ. იმიტომ, რომ როდესაც ხდება ფასის მომატება, ამას ყოველთვის თან ახლავს რეალიზაციის შემცირება და ფასის შესანარჩუნებლად, მოგების მარჟაც კი შეგვიმცირებია (თუ ამას მოგება ჰქვია საერთოდ)“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.
რაც შეეხება სამომავლოდ პროდუქტის ფასს, მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეულის კუთხით, პრობლემები გარკვეულწილად მოიხსნა, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლანდელი ფასების შენარჩუნება ძალიან რთულია და სამომავლოდ აუცილებლად გაძვირდება.
„გასაგებია, რომ საკვებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა მოიხსნა, რუსეთმა გადასახადი გაანახევრა და ცოტა ფასმა დაიწია, მაგრამ გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საკვები 20-23 თეთრით უფრო ძვირია. ამას ემატება გაზის და დენის გადასახადი, რომელიც იანვრიდან გაგვიძვირდა, საწვავი შედარებით გაიაფდა, მაგრამ როდესაც გაძვირდა, მაშინ ფასი ხომ არ მოგვიმატებია?! თვითღირებულება რომ დათვალოთ, მაინც ძალიან ძვირი გვიჯდება წარმოება.
მუშახელზე აღარ მაქვს საუბარი. მეცინება, როდესაც ამბობენ ქვეყანას უმუშევრობის პრობლემა აქვსო. მუშა რომ დაგჭირდეს, ყველანაირი კვალიფიკაციის გარეშე, ვერ ნახავ, ან ორი წლის წინანდელთან შედარებით, სამჯერ მეტი უნდა გადაიხადო. სოფელში კაცი აღარ დარჩა, ზოგი ემიგრაციაშია წასული, ზოგი მშენებლობაზე წავიდა. მუშას ვერ ნახავ…
ამიტომ, დაკლებაზე არ არის საუბარი, მაგრამ მომატება მოგვიწევს. ვითვლით ხარჯებს და ვერაფერს სასიკეთოს ვერ ვხედავთ“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.