გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: უჩინმაჩინი ლიდერები

“გილოცავთ!”

პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენს ქვეყანას ღიად და ოფიციალურად პრორუსული კოალიცია მართავს. მას შემდეგ რაც “ლეგენდარულ” ოთხეულს, უმრავლესობის კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა, ქართულმა ოცნებამ, როგორც პარტიამ, პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა. დღეს ქვეყანას სათავეში უდგას ორსუბიექტიანი საპარლამენტო კოალიცია, საიდანაც ერთ-ერთი აშკარად და მკაფიოდ ანტიდასავლური დღის წესრიგის მქონე პოლიტიკური გაერთიანებაა და რომლის გარეშეც ქართული ოცნება პარლამენტში გადაწყვეტილებებს უბრალოდ ვეღარ მიიღებს. აი, როდის და რა საკითხებთან მიმართებაში გამოავლენს ხალხის ძალა “ხასიათს”, ამას უკვე ივანიშვილი გადაწყვეტს.

რატომ დგამს ამ ნაბიჯს ივანიშვილი და რატომ ახლა: რუსეთს ასიამოვნა, არჩევნებისთვის ემზადება, დასავლეთთან პინგ-პონგის ახალ სერიას იწყებს თუ მორიგი აჯანყებულები სჭირდება პარლამენტში, ჯერ ბუნდოვანია. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ივანიშვილი მოქმედებს, ის თამაშშია, რაღაცას გეგმავს, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი პერსპექტივაში, როგორც შიდა, ისე გარე მოთამაშეებისთვის და შესაბამისად, ახდენს კიდეც ფიგურების გადაადგილებას პროვინციულ ჭაობად ქცეული ქართული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე. ის კარგად გრძნობს, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო დასავლეთში საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს. ძველი პოლიტიკა კი კვლავ ინერციით მოძრაობს და საელჩოების დონეზეა დატოვებული. ივანიშვილი ხედავს, რომ უკრაინის ომთან, ბირთვულ საფრთხესთან, საყოველთაო ენერგო თუ სასურსათო კრიზისითან შედარებით, საქართველოს შიდა ვითარება ნაკლებად მნიშვნელოვანია და იმასაც ამჩნევს, რომ სანამ მართვის პულტი ხელში აქვს და ვაშინგტონისთვის საკუთარი თავის – ქვეყნის სტაბილურობის საყრდენ წერტილად შესაღებას ახერხებს, როგორც აქამდე, მომავალშიც გაუვა.

და სად არის და რას აკეთებს ამ ფონზე ოპოზიცია? ზოგი უფრო მკაცრად იტყვის: არსად და არაფერსო. მე უფრო შევარბილებდი და ვიტყვი – მათი ყოფნა სულ უფრო რთულად შესამჩნევი ხდება. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ყოველდღიურად ცდილობს საკუთარი პოზიციების გაძლიერებას და ახალი სქემების დალაგებას, ოპოზიციას არც საერთო გეგმა აქვს და არც მასზე მუშაობის სურვილი. არამარტო სტრატეგიული შეთანხმება არ არსებობს და კარგა ხანია საერთო მაგიდასთან მსხდომი ოპოზიციის ლიდერები არ გვინახავს, არამედ მათი ნაწილი, თვეებია, საერთოდ დაკარგული და გაუჩინარებულია პოლიტიკური სივრციდან.

დღეს ოპოზიციას “უჩინმაჩინი” პოლიტიკური ლიდერები ჰყავს. მელია, ხაზარაძე თუ გახარია არიან ფიგურები, რომლებიც ბარიერგადალახულ, საპარლამენტო ფრაქციების მქონე პარტიებს ხელმძღვანელობენ. თვეები გადის და მათ არათუ ვერ ვხედავთ საჯარო სივრცეში რიამე ტიპის იდეებით შემოსულს, არამედ საერთოდ ვერ ვხედავთ… რომელიმე მათგანის ოჯახთან ერთად დასვენების ფოტოს თუ ამოაგდებს ფეისბუკი. და თუ ვხედავთ ტელეეკრანებზე, ან არარეალისტურ მოლოდინებს ქმნიან, ან საერთოდ არ ქმნიან არანაირ მოლოდინს, არანაირს, რაც მხოლოდ ივანიშვილის უძლეველობის მითს ამყარებს და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებისთვის, რომელიც ამ ქვეყნის უმრავლესობაა, იმედგაცრუებისა და ნიჰილიზმის მიზეზი ხდება.

თუ მიგაჩნია, რომ ივანიშვილმა შეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი, მთლიანად მიიტაცა სახელმწიფო, საბოლოოდ კრავს ავტორიტარულ წრედს, მაშინ შენი, როგორც ოპოზიციის ლიდერის მთავარი ფუნქცია ამ სისტემის სიმახინჯის მკაფიოდ წარმოჩენა, მასთან ილუზორული თანამშრომლობის ნაცვლად, ურთიერთობის სრულად გაწყვეტა და ეროვნული დაუმორჩილებლობის ორგანიზებაა: როდესაც ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად ისეთ დისკომფორტს უქმნის ავტოკრატს, რომ ის ვეღარც თვითკერძულად მართვას ახერხებს და ვერც ავტორიტარული სტაბილურობის გარანტად გამოდგება, მისი ხელისუფლებაში დარჩენა კი ქვეყანაში ქაოსსა და დესტაბილიზაციას მოასწავებს. და თუ სხვადასხვა მიზეზით ამას ვერ ახერხებ, ქვეყნის შიგნით რაღაც არ გამოგდის – გარეთ მაინც იაქტიურე, ერთობლივი ვიზიტით ჩადი ვაშინგტონში, ბრიუსელში თუ ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის ახალი და აქტიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას მისცე ბიძგი და იქიდან მაინც შეუქმნა ივანიშვილის რეჟიმს საფრთხე.

და თუ ვერც ამას ახერხებ, პოლიტიკური ჭადრაკის დაფასთან ჯდომის თავი არ გაქვს, დაიღალე, კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდა, უჩინმაჩინის ქუდი დაგიხურავს, სირაქლემას პოზაში ხარ და გგონია, რომ ვერავინ გხედავს, მაშინ ეს ნიშანია იმისა, რომ დროა გვერდზე გაიწიო, იმიტომ, რომ ის მოლოდინი, რომელიც გიკავშირდება და ის დრო, რომელსაც ფლანგავ, შენ აღარ გეკუთვნის, და საჭიროა, რომ სხვამ, ხედვის მქონემ, ქმედითმა და აქტიურმა დაიკავოს.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share