ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:
”იცით რატომ ჰგონიათ საშუალო სტატისტიკურ კალაძეებს, რომ ამერიკელმა ექიმმა შეიძლება ყალბი დასკვნა დადოს პაციენტის საქმეზე?
არასდროს უსწავლიათ, ერთი საათი განათლებაზე არ დაუხარჯავთ და მათთვის ადვილია ნაყიდი დიპლომის თუნდაც დაკარგვა, რამე რომ იყოს… ფული ხომ შერჩებათ…
ქრთამს რომ იღებენ იმის შიში არ აქვთ, რომ მთელი ცხოვრების ნაშრომს წყალში გადაყრიან ერთი ფეხის წაცდენით. არასდროს უშრომიათ რაიმე საქმიანობის პროფესიულად წარმოების უფლებისთვის.
ამერიკაში სამედიცინო პრაქტიკის ქონა დიდი პატივია, მაგრამ ამავე დროს ჯოჯოხეთურ შრიმას მოითხოვს.
შევეცდები მოკლედ გატაროთ გზაზე რასაც ყველანი გავდივართ, ვისაც აქ ექიმის ლიცენზია გვაქვს და თავად მიხვდებით რამხელა აბსურდია, “ამერიკელი ექიმი იტყუება”.
სამედიცინოზე ჩაბარებამდე, მინიმუმ ორი წელი კოლეჯის განათლება გჭირდება. თუ ძალიან მაღალ ქულებზე არ დაამთავრე, კონკურსი იმდენად მაღალია, სამედიცინო სასწავლებელში ვერ მოხვდები. მოსახვედრად აბარებ ურთულეს გამოცდას. მერე 4 წელი და უამრავი ურთულესი გამოცდა. ამას მოსდევს მედიცინის რეზიდენტურის სამი წელი და რეზიდენტურაში ჩაბარების უფლების მისაპოვებლად სამი, 9 საათიანი, მართლა ურთულესი გამოცდა. რეზიდენტურა ნამდვილი ჯოჯოხეთია. ჩემი დილა ჰოსპიტალში 7 საათზე იწყებოდა, მუდმივად გამოუძინებელი დადიხარ, სულ გამოცდები გაქვს, თვეში სამი ვიქენდი მორიგეობა გიწევს უმეტესად, მხოლოდ ერთი სრული ვიქენდი გაქვს. რეზიდენტურის ბოლოს ბორდის 9 საათიანი ურთულესი გამოცდაა. მანამდე სამი წლის განმავლობაში იგივე ტიპის გამოცდა სამჯერ გაქვს, ყოველწლიური პროგრესის შესაფასებლად. ამას მოსდევს ვიწრო სპეციალობის სამწლიანი ფელოუშიპი. მაგალითად, მე კარდიოლოგიის ფელოუშიპის ბოლოსთვის ოთხი ბორდის 5-8 საათიანი გამოცდა უნდა მქონდეს ჩაბარებული, ზოგადი კარდიოლოგის, ექოკარდიოგრაფიის, პერიფერიული სისხლძარღვების, ნუკლეარული კარდიოლოგიის. არც ესაა ყველაფერი. ამის მერე კარდიოლოგია ვიწროვდება და მაგალითად, ელექტროფიზიოლოგია თუ გაინტერესებს კიდევ ორწლიანი ფელოუშიპი გჭირდება. რასაც ასევე ელექტროფიზიოლოგიის ბორდის უგრძესი და ურთულესი გამოცდით ასრულებ. ამ გამოცდების ჩაწყობის მექანიზმი არ არსებობს. ყველაფერი კომპიუტერიზებულია და ციხის საკნის მსგავს უჯრედში ტარდება. იქ შესვლისას ლამის გახდილს გათვალიერებენ, რომ სადმე წარწერა არ გქონდეს. ტანსაცმლის ყველა ჯიბეს სათითაოდ ამოწმებენ, თითის ანაბეჭდს და ფოტოს გიღებენ და ისე იწყებ გამოცდას. 9 საათის განმავლობაში სულ ერთი საათი გაქვს შესვენება. ამას გადაანაწილებ მთელს საგამოცდო დღეზე. ოღონდ უნდა გაითვალისწინო, რომ ოთახიდან გასვლა შწმოსვლისას ყველა პროცედურა თავიდან იწყება. ანაბეჭდების აღება, ჯიბეების ტრიალი და ასე შემდეგ. ცხადია, ცდილობ მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას გახვიდე. კომპიუტერთან კამერაა დამონტაჟებული რომელიც თვალებში გიყურებს. მეორე კამერა ოთახის სხვა ნაწილშია და ზურგის ფრონტს აკონტროლებს. ოთახს გამჭვირვალე კედელი აქვს და კედლის მიღმა ციცხალი მაყურებელია. ჯდომისას ფეხის მოხერხებულად სკამზე შემოდება და ზედ წამოსკუპება მჩვევია. რამდენი ამას ვიზამდი, იმდენი დამადგებოდა თავზე ფეხი ჩამოიღეო. არ ვიცი რას უშლიდა. ქაღალდზე რამის მოსანიშნად მათივე სპეციალური დაფა და მარკერი გეძლევა. გარედან ამ “საკანში” შესულს მხოლოდ საკუთარი თავის და ტვინის უჯრედებში ტატუირებული ცოდნის შეტანის უფლება გაქვს. წყალსაც და ერთჯერად ცხვირსახოცსაც კი იქვე გაძლებენ. პირადი ნივთების ქონის უფლება არ გაქვს. არც საათის. დრო კომპიუტეზე ტრიალებს ხოლმე და გგონია არასდროს იძვრის. ერთ კითხვაზე წუთზე ნაკლები გაქვს. კითხვა კი ხშირად იმხელაა სქროლვა გიწევს, რომ სავარაუდო პასუხი მონიშნო. ერთ გამოცდაზე დაახლოებით სამასზე მეტი კითხვაა ხოლმე. ამ ჯოჯოხეთის გავლის მერე გეძლევა ლიცენზია, რომელსაც ყოველ ათ წელში ხელახლა აბარებ. ის ათი წელი კი სპეციალური კრედიტები უნდა აგროვო, რომ ყოველ წელს შეინარჩუნო. კრედიტები ლექციებიდან, კურსებიდან და წაკითხული ელექტრონული მასალიდან გროვდება. ანუ, ისევ ყოველდღიურად სწავლა გევალება. რეზიდენტების და ფელოებისთვის სასწავლო გრანდ-რაუნდებს უკვე შემდგარი ექიმები ყიველდღიურად ესწრებიან, ეს მათთვის ცოდნის განახლების და კრედიტების დაგროვების აუცილებელი რიტუალია, რათა პაციენტთან მუშაობის უფლება ჰქონდეთ. სააკაშვილის ციხის ექიმმა მისი ვიზიტი კამერაზე რომ აღბეჭდა და მერე ჩვენ ყველამ ვნახეთ, ეს ფაქტი საკმარისი საფუძველი იქნებოდა ასეთი წვალებით მოპოვებული ექიმობის უფლების დასაკარგად. კიდევ უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მხოლოდ ამ ერთი პაციენტის მოვლის პროცესში რაც იკადრეს იქიდან, როგორ დაემშვიდობებოდა ბევრი ექიმობის უფლებას.
მოკლედ, იმ ამერიკელ ექიმებს ეს გზა აქვთ გავლილი იმისთვის, რომ პაციენტთან მიკარების უფლება მიიღონ. ძალიან შორს წამიყვანდა თორემ გამოგზაურებდით ჩემს ერთ მორიგეობაში, ან უბრალო დღეში და მიხვდებოდით რა ჯოჯოხეთური შრომაა და რამდენ ცოდნას იძლევა ყოველი დღე. ჰოდა ამას არანაირი მიზეზით არ დაკარგავ მერე რაიმე ტიპის კორუფციული გარიგების გამო.
იცის მაინც კალაძემ რამდენია ორთოპედი ქირურგის შემოსავალი? პატიოსანი, ინტელექტუალური შრომით ამ წესიერი კაცის შემოსავალი მინიმუმ მილიონზე მეტი იქნება წლიურად. სავარაუდოდ ბევრად მეტი, შეიძლება რამდენიმე მილიონიც კი. ჰოდა რა უნდა გადაუხადონ ახლა მას ისეთი, რომ ამდენწლიანი კარიერა, ამხელა შრომა და ავტორიტეტი პაციენტთან დაკავშირებული ტყუილით გააფუჭოს. მეტიც, ტყუილი ზოგადად იმხელა უბედურებად ითვლება ამერიკაში, სადმე მინიმალურ, უწყინარ ტყუილში რომ გამოგიჭირონ, დასრულებულია კარიერა სამუდამოდ. სადაც არ უნდა ეცადო გაგრძელებას, თან გაგყვება მატყუარას იარლიყი და ვეღარ გააგრძელებ პაციენტთან მუშაობას. პაციენტისგან საჩუქრის მიღება კანონით იკრძალება. ლიმიტია და 100$-ზე მეტი ღირებულების ყვავილის მიღებაც კი არ შეგიძლია პაციენტისგან. ფედწრალურ სისტემაში ეს ზღვარი მგონი სულაც 35$-ია. ნაყიდდიპლომიან, ფულზე მანიაკალურად შეყვარებულებს ვერ წარმოუდგენიათ, პაციენტთან მუშაობის უფლებას წარმოუდგენელი შრომა, უდიდესი განათლება და მორალი რომ უმაგრებს ზურგს… ამიტომაცაა მათთვის ადვილი წამოაყრანტალონ – “ამერიკელი ექიმი იტყუება”…” – წერს გეგეჭკორი.