ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას არაოფიციალური ხაზებიდან შეატყობინეს, რომ უკრაინიდან ბელარუსზე თავდასხმას აპირებდნენ. ლუკაშენკო, ამ დაუდასტურებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ემუქრება.
“გუშინ, უკვე არაოფიციალური კავშირებით გაგვაფრთხილეს უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსზე იერიშების მიტანაზე. როგორც განაცხადეს: ისე მოვიქცევით, ყირიმის ხიდი 2 იქნებაო. ეს ინფორმაცია სასწრაფოდ მაცნობეს. ჩემი პასუხი მარტივი იყო: უკრაინის პრეზიდენტსა და სხვა შეშლილებს, თუ კიდევ დარჩნენ, გადაეცით, თუ თავიანთი ბინძური ხელებით ჩვენი ტერიტორიის ერთ მეტრს მაინც შეეხებიან, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოეჩვენებათ”. – თქვა ლუკაშენკომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.
ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ მოკავშირე სახელმწიფოს შეთანხმების ფარგლებში, ლუკაშენკო და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერთობლივი რეგიონალური ძალების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, “ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტია”.