სისტემის ხარვეზები მძიმე შედეგებს იძლევა, ბზარების ნაცვლად ნაპრალებს ვიღებთ, სადაც მარტო ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა კი არა, პირდაპირი გაგებით, სიცოცხლე, ბავშვების სიცოცხლე ინთქმება.
ამ ნაპრალებს ზედაპირული ამოვსება და და შემთხვევითობის „პლასტირებით“ გადაკვრა სჭირდება… ტელევიზიებსა და სოცქსელებში გარღვეულ სოციალურ ქსოვილს და ნაპრალებგაჩენილ რეპუტაციას გადარჩენა – შედუღაბება და აქ გამოდიან ასპარეზზე „შემდუღებლები.“
ჩნდება ფრაზა – „ტრაგიკული შემთხვევითობა“. რიგითი შემდუღებლის გულგრილობა და მერი, რომელიც მომხდარს ძალიან განიცდის და მზად არის „ტრაგედიის შედეგად ყველა დაზარალებულთან პირადად მივიდეს…“
„პიარშემდუღებლებს“ სულ აღარ ახსენდებათ, რომ ეს ე.წ. დაზარალებულები – ბავშვები არიან, რომ მათდამი განსაკუთრებული მოპყრობა გვმართებს, რომ ასეთ დროს, პირველ რიგში, მოზარდების საუკეთესო ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ და ფსიქოლოგების რჩევის გარეშე ნაბიჯიც არ გადავდგათ. მერე რა, რომ თავიდან ასეც ვფიქრობდით და ასე მოქცევას ვაპირებდით.
„ის მომენტი, რაც იქ მოხდა, საერთოდ არ ახსოვს და ძალიან კარგია, რომ არ ახსოვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ასაკში რაც უფრო გვიან გაიგებს და ფსიქოლოგებთან ერთად მოხდება ამ ინფორმაციის მიწოდება, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი. ჩვენც ვეუბნებით, რომ აქვს ფილტვების ანთება, გაციებულია – ერთხელ უკვე იყო მსგავსი ფილტვების ანთებით მოხვედრილი საავადმყოფოში და მისთვის არ არის სიახლე, რომ შეიძლება იქ მოხვდეს. ამ ეტაპზე დაიჯერა, მაგრამ როდესაც გამოვა გარეთ სოციალური სივრციდან და ა.შ. ამის იზოლირება ძალიან გაჭირდება, მაგრამ ვეცდებით, რომ ფსიქოლოგების ჩართულობით ეს ყველაფერი ისე მიეწოდოს, რომ მის ფსიქიკაზე არ იქონიოს დიდი გავლენა.“ – კონსტანტინე ზარნაძე, ლაზარეს ნათლია, გლდანის მაჟორიტარი.
ანუ, მშობლებთან ერთად ბავშვის ერთერთი მეურვე, მისი ნათლია, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი თორნიკე ზარნაძე 2 დღით ადრე, საავადმყოფოდან გამოწერამდე აღწერს მოზარდის მდგომარეობას და ექიმების და ფსიქოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით ამბობს ძალიან სწორ რაღაცეებს: რომ ბავშვს არ ახსოვს მომხდარი, ჰგონია, რომ ფილტვების ანთების გამო მოხვდა საავადმყოფოში, გამოწერის შემდეგ, მაქსიმალურად ფრთხილად და აუჩქარებლად უნდა მოხდეს მისი ინფორმირებაც და განწყობების მართვაც.
ამ განცხადებიდან 2 დღეში ფეისბუქი და ზოგიერთი ტელევიზიის ეკრანი ჭრელდება თბილისის მერის მაისურითა და ბურთით ბავშვთან სტუმრობის კადრებით, რასაც მოჰყვება „პიარშემდუღებლების“ არმიის კომენტარები კალაძის, როგორც ტრაგიკული შემთხვევითობის მსხვერპლის განცდებსა და სათნოებაზე.
ანუ რა გამოდის: რატომ ვჩქარობთ? ბავშვის ინტერესი, გარკვეული დროის განმავლობაში მაქსიმალური სოციალური იზოლაცია და ფსიქოლოგების სხვა რეკომენდაციები აღარ გვაინტერესებს და გვაინტერესებს, რაც შეიძლება მეტი კადრი ცირკულირებდეს მედიასა და სოცქსელებში, სადაც ქალაქის მერი თანაგანმცდელია და არც ერთი სიტყვა ან მინიშნება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე?! ან რა უთხრეს ბავშვს, როგორ აუხსნეს? კალაძე იმიტომ მოდის შენთან თუ ნათლიაშენთან სახლში, ფილტვების ანთება რომ გქონდა და მალე გამოჯანმრთელება გისურვოსო?!…
ამაზე, და საერთოდ ადამიანებზე, მათ განცდებზე, მათ მდგომარეობაზე ოცნების პიარი დიდი ხანია არ ფიქრობს. სიმართლე გითხრათ, მე ის უფრო გამიკვირდებოდა, სხვაგვარად რომ მოქცეულიყვნენ. ადამიანებს სხვაგვარად რომ მოქცეოდნენ.
მთავარია მომხდარი და სიმართლე შენი ალტერნატივით ჩაანაცვლო, მთავარია ისრები სხვა მიმართულებით მიმართო, მთავარია განცდებმა შენ არ დაგაზარალოს. უხეში და საქართველოს ისტორიისთვის ჯერ არნახული მასშტაბის პროპაგანდისტული მანქანა შენს ხელშია და „შემდუღებლების“ არმია, რომელიც პარალელურად შენსავე დავალებებს დეჰუმანიზებული ენთუზიაზმით შეასრულებს: დააჯერებს საზოგადოებას, რომ უბრალო ელექტროშემდუღებლები არიან მთავარი დამნაშავეები, თუ რამე, მათზე, ან მაქსიმუმ მათ დამქირავებელ კერძო სტრუქტურის ხელმძღვანელზე უნდა გავბრაზდეთ…
აბა, დამნაშავე, მანკიერი მმართველობითი სისტემა, კორუფცია, ზედაპირულობა, არაკომპეტენტურობა და მის სათავეში მყოფი პოლიტიკოსები ხომ არ იქნებიან. ცუდი მმართველობის მსხვერპლი კი არ გვყავს – „ტრაგიკული შემთხვევითობისგან დაზარალებულები…“
ქალაქის მერი კი „დაზარალებულების“ მონახულებას გააგრძელებს. თვითონაც ხომ დაზარალებულია. „მტერი ნაცების ჯინაზე“ მოწყობილი დღესასწაული ჩაუშხამეს, სიცოცხლის, მხიარულებისა და ბავშვური უზრუნველობის სიმბოლო – პარკი – ყველა ჩვენგანისთვის მოუშუშებელი ტრაგედიის ადგილად აქციეს…
აქ მხოლოდ ერთ კითხვას დავტოვებ: ვინ უფრო მეტი დამნაშავეა – ელექტროშემდუღებელი, თუ ის ადამიანები, რომლებიც უპასუხისმგებლობის ჯაჭვის შედეგად წარმოქმნილი ნაპრალების „შედუღებას“ თავისი ენის ან კლავიატურის მეშვეობით ცდილობენ?!