“ბინძური ბომბის” გამოყენების შესაძლებლობას ბინძურად მოაზროვნე კრემლი უკრაინელებს აბრალებს, თავად კი…

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ, რომელიც თვეების განმავლობაში ტელეფონის ყურმილს უკიდებდა თავის დასავლელ კოლეგებს და პრინციპულად არ პასუხობდა მათ ოფიციალურ ზარებს, გუშინწინ ერთი კარგი ჭორიკანა ქალივით ერთმანეთის მიყოლებით თავად ჩამოურეკა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებს და “დიდი საიდუმლო” გაუმხილა – თურმე, ზელენსკის სადღაც “უშოვნია” “ბინძური ბომბი” და მის აფეთქებას უკრაინის ტერიტორიაზე აპირებს, რომ შემდეგ ეს ბირთვული ინციდენტი რუს სამხედროებს დააბრალოსო…

შოიგუს ზღაპრები, რა თქმა უნდა, არც ვაშინგტონში დაიჯერეს, არც ლონდონსა და პარიზში და ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საკადრისი ოფიციალური პასუხიც გასცეს კრემლის მორიგ ნაბოდვარს.

ეს უკვე არავითარ ლოგიკაშიც აღარ ჯდება – ის რუსეთი, რომელიც შეიჭრა მეზობელ უკრაინაში და დაიპყრო მისი ორი ატომური ელექტროსადგური (ჩერნობილიდან მალევე გავიდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კი დღემდე აქვს ოკუპირებული), სხვა უკრაინული ატომური ობიექტების თავზე, დაბალ სიმაღლეზე, ფრთოსან რაკეტებს აფრენს და, ბოლოს და ბოლოს, ღიად აცხადებს, რომ მცირე სიმძლავრის ბირთვული ქობინის ურჩი უკრაინის ცაში აფეთქებაზეც არ იტყვის უარს, იქით სდებს ბრალს უკრაინელებს “ბინძური ბომბის” შესაძლო გამოყენებაზე?

1-bin-1666606640.jpg
კუსტარული „ბინძური ბომბის“ საილუსტრაციო ნახატი, თუმცა რეალურ „ჭუჭყიან ბომბს“ სავარაუდო ტერორისტები ალბათ ისე შენიღბავენ, რომ ვიზუალურად მისი გარჩევა რომელიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკისგან უბრალოდ შეუძლებელი იქნება…

 

ეს იმავე რუსული რეპერტუარიდანაა, რომლის თანახმადაც თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში, თურმე, მთელი მსოფლიოს გასანადგურებელი მიკრობები “გამოჰყავთ”…

გასაგებია, რომ უშუალოდ ბრძოლის ველზე წაგებისკენ მიმავალი რუსეთის საოკუპაციო არმიის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთის მოსახლეობის ყურადღების გადატანას სწორედ უკრაინული ქალაქების უმოწყალო დაბომბვებითა და ამ სახის დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, მაგრამ საზოგადოებას მართლაც აინტერესებს, თუ რას წარმოადგენს ეს “ბინძური” ბომბი, რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს უბრალო მოქალაქეებისთვის და როგორ უნდა დაიცვან მათ თავი…

შეძლებისმაგვარად ვეცდები ამაზე პასუხის გაცემას, მით უმეტეს, რომ ჩემი 30-წლიანი სამხედრო ჟურნალისტობის პერიოდში არა ერთხელ მქონია შეხება რადიოაქტიურ ნივთიერებებთან, ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთასთან, ატომური რეაქტორის “გულში” ჩასვლისა და თვით რადიოიზოტოპების გადამალვის ჩათვლითაც კი, რომ ის მოწინააღმდეგეს არ ჩავარდნოდა ხელში…

რა არის “ბინძური” ბომბი?

ჩვეულებრივი კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულია მაღალი რადიაოქტიური იზოტოპები და დამონტაჟებული აქვს მცირე სიმძლავრის ამფეთქი მოწყობილობა, მხოლოდ იმიტომ, რომ აფეთქების ძალამ კონტეინერის კონსტრუქცია დაშალოს და იზოტოპები რამდენიმე ათეულ ან ასეულ მეტრში მიმოფანტოს, დანარჩენ ტრაგედიას ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის კი უხილავი რადიაცია გააგრძელებს…

გასაგებია, რომ ამ დროს არ იწყება ჯაჭვური რეაქცია და არ ხდება ბირთვული აფეთქება…

“ბინძური ბომბის” განმარტებაც პირობითია და ის მსოფლიოს საზოგადოებაში, ძირითადად, ჰოლივუდურმა მძაფრსიუჟეტიანმა მხატვრულმა ფილმებმა გაავრცელეს, როდესაც შვარცნეგერისა თუ სტალონეს კინოგმირები მორიგ საერთაშორისო ტერორისტს, რომელსაც “ბინძური” რადიოაქტიური ბომბის აფეთქება ნიუ-იორკის ცათამბჯენზე ან ვაშინგტონის მეტროში სურდა, წარმატებით ანადგურებს და ამერიკელ მოქალაქეებს დიდ განსაცდელს აშორებს…

სინამდვილეში, “ბინძური ბომბის” კუსტარულად დამზადება, სამწუხაროდ, არცთუ ისე ძნელია, მთავარია მაღალრადიოაქტიური იზოტოპების შოვნა…

იონიზირებადი გამოსხივების გამოყენებით შექმნილ ასაფეთქებელ მოწყობილობას რადიოლოგიურ იარაღსაც უწოდებენ და სანამ დღეს ათასი ჯურის პოტენციური თუ რეალური ტერორისტი მოიფიქრებდა მისი საშუალებით ქალაქების “გაბინძურებას”, დიდი სახელმწიფოები მის შეიარაღებაში მიღებაზეც კი ფიქრობდნენ…

2-bin-1666606681.png
კარგად შენიღბული „ბინძური ბომბის“ აღმოჩენის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ საშუალებას მაღალმგრძნობიარე დოზიმეტრები წარმოადგენენ…

 

ჯერ კიდევ სტალინის დროს, გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირში ლავრენტი ბერიას საერთო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ორი საიდუმლო პროექტი, სახელწოდებით – “გერანი” და “გენერატორი”, რომლებიც ბალისტიკური რაკეტის (სხვათა შორის, ჰიტლერისგან ნაალაფარი “ფაუ-2”-ის საბჭოთა მოდერნიზებული კლონის) საბრძოლო ქობინში მაღალი რადიოაქტიური ნივთიერებების განთავსებას ითვალისწინებდნენ.

1957 წელს, უკვე სტალინის გარდაცვალებისა და ბერიას დახვრეტის შემდეგ, ხრუშჩოვმა საბჭოთა სამხედროებს სამი რაკეტა გამოაცდევინა, რომლებსაც საბრძოლო ქობინებში “გენერატორი-5”-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი “ბინძური ბომბები” ეყენათ.

იმავე პერიოდში, ჯერ ყირიმის ნახევარკუნძულზე და შემდეგ სემიპალატინსკის ატომურ პოლიგონზე, საბჭოთა საბრძოლო ავიაცია ცდიდა თვითმფრინავზე ჩამოკიდებული საავიაციო ბაკებიდან თხევადი რადიოაქტიური ნივთიერების ჩამოღვრას სავარაუდო მოწინააღმდეგის პოზიციებზე – ეს თხევადი მასა მზადდებოდა ატომური რეაქტორების მუშაობის შედეგად გამოყოფილი რადიოაქტიური ნივთიერებების ნარჩენების მჟავებში გახსნის შედეგად…

ლენინგრადთან, ლადოგის ტბაზე კი უკვე საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტი არკვევდა წყალში “ბინძური ბომბების” საბრძოლო გამოყენების ეფექტიანობას…

უფრო მეტიც, როგორც ახლა ირკვევა, საბჭოთა აკადემიკოსი სახაროვი, რომელმაც თავი შემდგომში სამშვიდობო ინიციატივებით გაითქვა, თუმცა პირველი საბჭოთა თერმობირთვული ბომბის შექმნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, თურმე, პირველი ცივი ომის დროს ხრუშჩოვს სთავაზობდა აშშ-ის სანაპიროსკენ სავაჭრო გემი მიემართათ, რომლის ტრიუმში მძლავრი ბირთვული ბომბი იქნებოდა ფარულად დამონტაჟებული, ხოლო გემის კორპუსის კედლები კი – რადიოაქტიური “კობალტი-60”-ით დაფარული – ერთი თერმობირთვული აფეთქება მთლიანად ჩრდილო-ამერიკის კონტინენტს ვერ გაანადგურებდა, მაგრამ “კობალტი-60”-ის ატმოსფეროში გაფანტვა ყველა ცოცხალ არსებას რამდენიმე თვეში მოკლავდა…

საბედნიეროდ, არც რუსებისა და არც ამერიკელების (მათაც “აწუხებდათ” პირველი ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის ტერიტორიის და, ბუნებრივია, მასში იძულებით შემავალი საქართველოს, მძლავრი “ბინძური ბომბებით” “დაფარვის” მავნე აზრები) საშიში ჩანაფიქრები “ბინძური ბომბების” სამხედრო დანიშნულებით გამოყენების თაობაზე არ განხორციელდა და ის შეიარაღებაში არ იქნა მიღებული, მაგრამ განა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანი ძალიან განიცდიდა ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომ ტრაგიკულ ბედს, არამედ – იმის გამო, რომ “ბინძური ბომბების” ექსპლუატაცია ძალიან ძვირად ღირებული და ამასთან – საშიში გახდებოდა თავად სამხედროებისთვის – რადიოაქტიური ნივთიერებების იონიზირებადი გამოსხივება ფორმიანსა და უფორმოს ერთმანეთისგან ვერ და არ არჩევს…

რა არის იონიზირებადი გამოსხივება?

იონიზირებადი გამოსხივების წყაროები შეიძლება იყოს ბუნებრივი (მზეზე თერმობირთვული რეაქცია, რადიონუკლიდების სპონტანური რადიოაქტიური დაშლა, კოსმოსური სხივები) და ხელოვნური (ბირთვული რეაქტორები, ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებლები, რენტგენის აპარატები და, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღის აფეთქებები).

იონიზირებადი გამოსხივების ბიოლოგიური ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმებზე და, პირველ რიგში, ადამიანის ორგანიზმზე დამღუპველად მოქმედებს და დამოკიდებულია გამოსხივების ტიპსა და ზემოქმედების დროზე.

მაგალითად, თუკი ალფა-ნაწილაკებისგან დაცვა ადამიანს მაშინაც შეუძლია, თუკი … ქაღალდს აიფარებს (მთავარია, ორგანიზმის შიგნით არ მოხვდეს), მაგრამ გამა-გამოსხივებისგან შეიძლება ვერც ტანკის სქელმა ჯავშანმა დაგიფაროთ…

ადამიანის ორგანიზმზე რადიოაქტიური იზოტოპების დასხივების დოზა იზომება ზივერტებში და ითვლება, რომ თუკი ადამიანმა მთელ სხეულზე მიიღო 1-2 ზივერტი დასხივების დოზა, მას მწვავე სხივური ავადმყოფობა განუვითარდება. შედარებისთვის: ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ამერიკული ატომური დაბომბვების შედეგად ადგილობრივებმა (ვინც უშუალოდ ამ დაბომბვებს იმ მომენტში გადაურჩა) 230 მილიზივერტი დოზის დასხივება მიიღეს…

სად გამოიყენება იონიზირებადი გამოსხივების მქონე ტექნიკური საშუალებები?

იონიზირებადი გამოსხივების სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობები, რომლებთანაც მოსახლეობას ხშირად აქვს შეხება, გამოიყენება ინტროსკოპიაში (მაგალითად, ადამიანების და ტვირთის შემოწმებისას – აეროპორტებში), სტერილიზაციაში (სამედიცინო ხელსაწყოების და საკვები პროდუქტების), საათებისა და ხელსაწყოების ციფერბლატებზე დატანებულ, მუდმივად მანათობელ რადიოაქტიურ ნაერთებში, ხანძრის დეტექტორებში, გაყინვის მაჩვენებელ რადიოიზოტოპურ სიგნალიზატორებში (“კვირის პალიტრის” ერთგულ მკითხველს, ალბათ, ემახსოვრება, თავის დროზე რამდენი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩამოწერილი შვეულმფრენებიდან ამოეღოთ “რიო-3” ტიპის რადიოაქტიური სიგნალიზატორები), რენტგენოგრაფებში, რენტგენოსკოპებში, კომპიუტერულ ტომოგრაფებში…

სპეციალური ინსტრუქციის თანახმად, ყველა ამ ხელსაწყოდან ამოღებული და სპეციალური წესით უტილიზირებული უნდა იყოს იონიზირებადი გამოსხივების წყაროები (რაც მკაცრად კონტროლდება), როდესაც მათი მოქმედების ვადა გადის – მართალია ისინი შეიძლება აღარ გამოდგნენ ამ ხელსაწყოებში გამოსაყენებლად, მაგრამ “ბინძურ ბომბში” თავისი საშიში ფუნქციის შესრულებას კიდევ შეძლებენ…

“ალაზნით” ნიუ-იორკში “ბინძური ბომბის” აფეთქებას გეგმავდნენ?!

2003 წელს ამერიკულ მასმედიაში ერთიმეორის მიყოლებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მოლდოვას პროსუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში დაიკარგა 38 სარაკეტო დანადგარი, რომლებსაც სეტყვასაწინააღმდეგო “ალაზნის” ტიპის რაკეტის გაშვება 12 კმ-მდე შეეძლოთ. ამერიკული სპეცსამსახურები შიშობდნენ, რომ ამ “ალაზნების” საერთაშორისო ტერორისტების ხელში აღმოჩენის შემთხვევაში, ადვილი იქნებოდა მათი გადაკეთება რადიოაქტიურ “ბინძურ ბომბებად” და ნიუ-იორკისა თუ ვაშინგტონის ცენტრისკენ გაშვება ქალაქის რომელიმე ცათამბჯენის სახურავიდან…

საბედნიეროდ, ეს შიში არ გამართლდა და მას შემდეგ აღარავის უხსენებია დუეტში “ალაზანი” და “ბინძური ბომბი”, თუმცა, წმინდა ტექნიკურად, ეს შესაძლებელია და მისი გამოყენების შემთხვევაში, რადიოაქტიურ დაბინძურებაზე მეტად, მეგაპოლისში დაწყებული საყოველთაო პანიკა უფრო იმოქმედებს დამღუპველად ამ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის…

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share