2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით“ 2 934 ოჯახმა ისარგებლა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ ოჯახებში ბავშვების საერთო რაოდენობა 7 332-ია.
ცნობისთვის, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“ სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებასა და ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ასეთმა ოჯახებმა დახმარების მისაღებად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს უნდა მიმართონ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება 800 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. მათივე ცნობით, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“ ბიუჯეტი 1 800 000 ლარით განისაზღვრება.