რა პრობლემებს უქმნიან ჩინოვნიკები ბიზნესს საბაჟოზე – დეკლარანტის უცოდინრობა თუ მიზანმიმართული „შეცდომა“ იმისათვის, რომ ბიზნესმა მის „დაჯილდოებაზე“ იფიქროს

bpn.geმაშინ, როდესაც სახელმწიფო ყველა ნაბიჯზე აპელირებს, რომ ბიზნესს მხარს უჭერს, საბაჟო სამსახურში გარკვეული პირები იგივე ბიზნესს პრობლემებს უქმნიან. მაგალითად, იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებას ერთი კონკრეტული დეკლარანტის „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე აძვირებენ. ეს კი იმ დროს ხდება, როდესაც კომპანიას ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის, საექსპორტო ქვეყნის საბაჟო სამსახურის დეკლარაცია სრულყოფილად შევსებული აქვს.

რა მიზანი ამოძრავებს ამ დროს საბაჟო სამსახურს, ცოტა გაუგებარია. ასეთ დროს კითხვის ნიშნებიც ჩნდება – უკავშირდება ეს კონკრეტული დეკლარანტის მხრიდან საქმის უცოდინრობას, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიზანმიმართულად იქნა მიღებული? თუ იმისათვის, რომ ბიზნესი აიძულონ „გაუმაზოს“, რათა მომავალში პრობლემა აღარ შეუქმნან? და ასეთ შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი, ხომ არ ბრუნდება ძველი დრო, როდესაც კორუფცია და ქრთამის აღება ფაქტობრივად, ყველა სტრუქტურაში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო და ამისთვის როგორც წესი, არავინ ისჯებოდა და თუ ისჯებოდნენ, მხოლოდ ერთეულები.

რაც შეეხება კონკრეტულ ქეისს, ამ შემთხვევაში საბაჟო სამსახურის დეკლარანტის „მსხვერპლი“, „ჯეო ფეიფერი“ გახდა. კომპანიას უწყების ერთმა თანამშრომელმა იმპორტირებული ტვირთის ღირებულება 2 552 დოლარით ისე გაუზარდა, რომ დამატებითი კითხვაც არ გასჩენია. ცხადია, „ჯეო ფეიფერი“ დეკლარანტის დასკვნას არ ეთანხმება და დოკუმენტის კორექტირებას ითხოვს. ამ დროისთვის კომპანიის საჩივარს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო განიხილავს. „ჯეო ფეიფერში“ ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და თუ დავების საბჭო დეკლარაციის კორექტირებას არ დათანხმდება, საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

ცნობისათვის, „ჯეო ფეიფერი“ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ახორციელებს როგორც იმპორტს, ასევე ექსპორტს და სარგებლობს გადაზიდვის ყველა ტიპით, იქნება ეს სახმელეთო თუ საზღვაო (საკონტეინერო). როგორც „ჯეო ფეიფერის“ დირექტორი მარიამ ქემაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, შესაბამისად, ნებისმიერი საბაჟო პროცედურა კომპანიისთვის კარგად ცნობილია.

„უამრავი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, სადაც საბაჟოს წარმომადგენელი, დეკლარანტი ითხოვს ამა თუ იმ დოკუმენტის, ან დამატებით წარდგენას, ან დაზუსტებას, ეს ჩვეული სამუშაო პროცესია. ხშირი იმპორტიდან გამომდინარე, „ჯეო ფეიფერი“ მუშაობს განბაჟების პროგრამა „ასიკუდაში“, ყველა დეკლარაცია იბეჭდება წინსწრებით ჩვენი დროითი რესურსების ოპტიმიზაციისთვის“, – ამბობს ქემაშვილი.

მისივე თქმით, როდესაც ტვირთი კვეთს საქართველოს საზღვარს ენიჭება შესაბამისი ფერი, და ხდება შემდგომი პროცესები ან შემოდის პირდაპირ დაცლის მისამართზე ან გადადის თბილისის გეზ-ში.

„ამა წლის 26 სექტემბერს „ასიკუდაში“ მოხდა ჩვენი კომპანიის კუთვნილი კონტეინერის წინასწარი დეკლარირება, გამომგზავნი და მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი, პროდუქტი ცარცირებული ქაღალდი. ტვირთი შემოსვლისას მოხვდა წითელ დერეფანში, დათვალიერების და ღირებულების ექსპრეტიზის კრიტერიუმით და შევიდა თბილისის გეზ-ში. დათვალიერების შემდეგ მებაჟე ექსპერტმა ნატო ნასიძემ დადო დასკვნა, რომ ტვირთი არ შეესაბამება საბაზრო ღირებულებას და რატომღაც მოხდა საინვოისო ღირებულების 2 552 დოლარით გაზრდა. არადა, დეკლარირების დროს წარდგენილი გვქონდა ყველა ის მონაცემი, რაც აუცილებელი იყო, მათ შორის, ჩინეთის საბაჟოს ექსპორტის დეკლარაცია. ელემენტარულად აღნიშნულ მებაჟეს, ან ამ საქონლის მსოფლიო ფასი გაერკვია, ან აქ ადგილზე საბაზრო ფასი, ან ნებისმიერი კითხვა დაესვა…

მიუხედავად ამისა, დეკლარანტმა თანხა გაზარდა. ეს მოხდა თან ისე, რომ დამატებითი კითხვა არ გაჩენია. არადა, როგორც წესი როდესაც ტვირთი წითელ დერეფანში ხვდება, მებაჟე ყოველთვის გვისვამს დამატებით კითხვებს, ახდენს დამატებით დოკუმენტების გამოთხოვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ყოველგვარი ინფორმირების, კითხვის გარეშე დეკლარანტმა გაზარდა ტვირთის ღირებულება“, – ამბობს ქემაშვილი.

კიდევ ერთი პრობლემა დეკლარანტის მიერ დასკვნის დაწერის დრო გახდა. ქემაშვილი ამბობს, რომ დეკლარაცია 7 ოქტომბერს, პარასკევს საღამოს დაიბეჭდა, როდესაც სამუშაო საათი უკვე სრულდებოდა. იმის გამო, რომ 6 საათის შემდგომ ფაქტობრივად, არც ერთი სახელმწიფო უწყება არ მუშაობს, ქემაშვილის თქმით, მოუწიათ მიემართათ საპატრულო პოლიციისთვის და შეედგინათ ოქმი, რომ არ ეთანხმებიან დეკლარაციას. უკვე მეორე დღეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში საჩივარი დაწერა კომპანიის ბროკერმა და მოითხოვა დეკლარაციის იმ თანხაზე კორექტირება, რაზეც წარდგენელი იყო ყველა დოკუმენტი.

„საჩივრის განსახილველად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს 10-დღიანი ვადა ჰქონდა, რომელიც ამოიწურა 24 ოქტომბერს. ჩვენი საჩივრის პასუხად საბაჟომ დავების საბჭოს გადაუგზავნა წერილი, სადაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია შპს „ჯეო ფეიფერის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ახლა ბოლო სიტყვა სწორედ დავების საბჭოზეა“, – განაცხადა მარიამ ქემაშვილმა.

მარიამ ქემაშვილს იმედი აქვს, რომ დავების საბჭო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. სხვა შემთხვევაში, კომპანია საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დავას სასამართლოში გააგრძელებს: „შეცდომები ყველგან ხდება და ამ შეცდომებზე თუ არ ვისაუბრეთ და გავაანალიზეთ, ქაოსში აღმოვჩნდებით. როდესაც სახელმწიფო უამრავ რესურსს ხარჯავს ბიზნესის მხარდასაჭერად, ვალდებულად ვთვლი თავს სწორი ინფორმაცია მივაწოდო მას, სად არის ხარვეზი და რა მიმართულებით გვჭირდება ცოდნის ამაღლება.

ჩემთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ანალოგიური შემთხვევა საბაჟოზე ბევრ კომპანიას ჰქონდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს სათანადო ყურადღება დაეთმობა და უმოკლეს ვადაში იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული. მაგრამ თუ მათაც არაკეთილგონივრული გადაწყვეტილება მიიღეს, არ გავჩერდებით და მივმართავთ სასამართლოს, რადგან ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები ვართ“, – ამბობს ქემაშვილი.

რა ეტაპზეა ამ კონკრეტული ქეისის განხილვა, ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსმა“ ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს უკვე მიმართა და მათგან პასუხს ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share