როგორ იზრდება ონლაინ შოპინგი მსოფლიოსა და საქართველოში და როგორ იცვლება მომხმარებლის ქცევა

Statista.com-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ელ. კომერციის გაყიდვებმა 5.2 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მათივე პროგნოზით აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ამავე წელს, ონლაინ შემსყიდველთა რიცხვმა 2.14 მილიარდს მიაღწია, რაც იმ დროის მსოფლიო მოსახლეობის 27,6%-ს შეადგენს. 2022 წლის ბოლოს კი კიდევ უფრო განსხვავებული სურათი გვექნება.

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ონლაინ შესყიდვებს?

დრო ყველაზე ფასეული აქტივია, რასაც თითოეული ჩვენგანი ფლობს. ვიცით, რომ მას უკან ვეღარ დავიბრუნებთ, ამიტომ ვცდილობთ, ყოველი დღე ნაყოფიერ საქმიანობას მოვახმაროთ, მათ შორის დასვენებასა და ძალების აღდგენას, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია.

რატომ უნდა დავკარგოთ დრო მაღაზიის რიგში მაშინ, როცა საშუალება გვაქვს, პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად შევარჩიოთ და შეკვეთიდან რამდენიმე წუთში მივიღოთ? აღნიშნული შეეხება როგორც სურსათს, ისე ტანსაცმელს, ტექნიკას და სხვა.

იმისათვის, რომ მომხმარებლის ქცევაზე ზეგავლენა მოახდინონ, კომპანიები მაქსიმალურად ამარტივებენ ვებგვერდის თუ აპლიკაციის დიზაინს, მოსახერხებელს ხდიან მას, მკაფიოდ წარმოაჩენენ პროდუქტს და საბოლოო შენაძენის გასაკეთებლად მაქსიმუმ 2 კლიკის გავლას სთავაზობენ. ვებგვერდის ან აპლიკაციისგან მიღებული პოზიტიური გამოცდილება და დაზოგილი დრო საბოლოოდ მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს.

როგორ შევიცვალეთ, როგორც მომხმარებლები?

პანდემიის პერიოდში ონლაინ შემსყიდველთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. როგორც მედიაში იწერებოდა, ეს იყო „ისტორიული და დრამატული ცვლილება მომხმარებლის ქცევაში“. შეიძლება პანდემია დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჩვენი, როგორც მომხმარებლის ქცევები წარსულს არ უბრუნდება.

თუ COVID-19-მდე ონლაინ შოპინგის მიმართ სკეპტიკურად იყავით განწყობილი, „ლოქდაუნის“ დროს აუცილებლად მოგიწევდათ მისით სარგებლობა. მიღებული პოზიტიური გამოცდილება კი რეგულაციების მოხსნის შემდეგაც გიბიძგებთ, იგივე გაიმეოროთ.

მიუხედავად იმისა, რომ მობილური აპლიკაციებით შოპინგი წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, 2021 წელს მის მიმართ ინტერესი გაიზარდა და არათუ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, არამედ საქართველოშიც, კომპანიები ცდილობენ, თავიანთ მომხმარებლებს შოპინგის აღნიშნული გამოცდილებაც შესთავაზონ. მით უფრო, რომ სმარტფონი დღის განმავლობაში ადამიანის შეუცვლელი საკომუნიკაციო, გასართობი და შემეცნებითი მოწყობილობაა.

როგორია ონლაინ გაყიდვების მომავალი საქართველოში?

საქართველოში მსხვილი კომპანიების დიდმა ნაწილმა უკვე შექმნა და ჩაუშვა მობილური აპლიკაცია, მათ შორის არის სააფთიაქო ქსელები, სასურსათო მარკეტები, სამედიცინო და სადაზღვევო დაწესებულებები და სხვა. გაზრდილი კონკურენციის გამო კი ისინი მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობენ ხოლმე, რასაც თავიანთ უპირატესობად მიიჩნევენ.

რომ შევაჯამოთ, ჩვენი, როგორც მომხმარებლის ქცევა საბოლოოდ შეიცვალა, მივეჩვიეთ შესყიდვების უფრო კომფორტულად განხორციელებას, ხოლო ონლაინ შოპინგზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ნებისმიერ ბიზნესს, იქნება ეს სტარტაპი თუ საერთაშორისო მასშტაბის კომპანია, საშუალება მიეცა, საკუთარი პროდუქტი სამიზნე აუდიტორიამდე უფრო მარტივად მიიტანოს. ელექტრონული კომერცია კი წლების განმავლობაში კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share