“ღარიბაშვილის იმედი მაქვს, წულუკიანის-არა” – ქეთი დოლიძეს „ფესტივალის“ დაფინანსება შეუმცირეს

რეჟისორი ქეთი დოლიძე BMG-თან ინტერვიუში ხელოვნების საერთაშორისო „ფესტივალის“ დაფინანსების შესახებ ესაუბრა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ საიუბილეო 25-ე წლისთავზე, ფესტივალს კულტურის სამინისტროსგან დაფინანსება 800 000 ლარიდან 230 00 ლარამდე შეუმცირდა.

ქეთი დოლიძის შეფასებით, ეს სამინისტროს მხრიდან მის დასჯას ჰგავს, თუმცა უცნობია, რა მიზეზით. ქეთი დოლიძე ამბობს, რომ ღარიობაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

„დამთავრდეს ეს ფესტივალი და მე მექნება რამდენიმე ძალიან მკაცრი შეკითხვა, რაზეც უნდა მივიღო პასუხი. ყველაზე მთავარი არის სირცხვილი და იმიჯი შენი ქვეყნის. აქ უკვე კონკრეტულ ადამიანებზეა ლაპარაკი, რასაც აუცილებლად მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს. კულტურის სამინისტროსთან მე არაფერს აღარ გავარკვევ, ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დაველაპარაკო ირაკლი ღარიბაშვილს. მგონია, რომ 25 წლით და ჩემი ბიოგრაფიით დავიმსახურე, რომ როცა მინდა შეხვედრა, შევხვდე. ჯერ კიდევ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. კულტურის მინისტრის იმედი არ მაქვს“, – ამბობს რეჟისორი.

დოლიძემ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრმა ეს ფესტივალიც მისი დირექტორის, გაგა ჩხეიძის გამო დასაჯა.

„რატომ დაისაჯა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი? იმიტომ, რომ გაგამ ერთი-ორჯერ რაღაცა კრიტიკული თქვა? მთავრობა და ჩინოვნიკები ჩვენ გვემსახურებიან, ჩვენ კი არ უნდა ვემსახუროთ მათ. მე მაგალითად ზოგიერთ დეპუტატს რომ ვუყურებ, ჩემი სული და ყველაფერი არის შეურაცხყოფილი იმიტომ, რომ ყოველ თვე ჩემი გაჭირვებული ხელფასიდან ვიხდი ფულს, რათა ის შევინახო“, – ამბობს ქეთი დოლიძე.

ცნობისთვის, BMG წერს, რომ: მიმდინარე წლის გაზაფხულზე კულტურის სამინისტრომ საერთაშორისო ფესტივალები და მასტერკლასები კონკურსის საფუძველზე დააფინანსა. ჟიურიმ 10 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა და მათ დასაფინანსებლად 500 000 ლარი გამოყო. გამარჯვებულთა შორის იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, რომელიც წელს 230 000 ლარით დაფინანსდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share