ვანო ჩხარტიშვილის ცოლს ოზურგეთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა-ამით “აღფრთოვანებულმა” ოლიგარქმა კი მის მეუღლეს 10 000 ლარი გადასცა

ვანო ჩხარტიშვილის ცოლს ოზურგეთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა-ამით “აღფრთოვანებულმა” ოლიგარქმა კი მის მეუღლეს 10 000 ლარი გადასცა-ოღონდ-ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ხელით.

ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილებით, ოზურგეთელი ოლიგარქის, ვანო ჩხარტიშვილის მეუღლეს, ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.ზუსტად იგივე ტიტულით , ორი წლის წინ, ისევ ალეგრობაზე მაშინდელმა მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ვანო ჩხარტიშვილის და, მარინა ჩხარტიშვილი დააჯილდოვა. ( კონფიდენციალური წყარო გვატყობინებს, რომ მომავალ ალეგრობას იგეგმება  ვანო ჩხარტიშვილის ძმის, შალვა ჩხარტიშვილის საპატიო ოზურგეთელობაც, რომელსაც, როგორც გვეუბნებიან, მართლაც აქვს სიკეთეები ნაკეთები ოზურგეთელებისთვის).

ფულადი ჯილდოების ამბავი კი  გუშინ, ოზურგეთში, “ალეგრობის” ტრადიციულ დღესასწაულზე გახდა ცნობილი, რომლის დასრულებისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამსწრეთ, საპატიო მოქალაქეობის ნომინანტები გააცნო და მათ შორის პირველი ჩხარტიშვილის მეუღლე, ნანა გოთუა იყო.

როგორც ოზურგეთის მერიის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნანა გოთუას ოზურგეთის საპატიო მოქალაქეობა – ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის – მიენიჭა.

ამით აღფრთოვანებულმა მისმა მეუღლემ, ოლიგარქმა ვანო ჩხარტიშვილმა, რომელიც ოზურგეთს ამჯერად, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის სტატუსით “სტუმრობდა”, პრემიის სახით  საპატიო ოზურგეთელებს  , თითოეულს 10 000 ლარი გადასცა.

ოზურგეთის საპატიო მოქალაქეობა ასევე გურიის გუბერნატორის ექს მოადგილეს, გია ებრალიძესაც მიენიჭა-მას-ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჭადრაკის აღორძინებისთვის, გურიის რეგიონში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის, ასევე, იუსტიციის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ოზურგეთის საპატიო მოქალაქე ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციონერი, მზევინარ სალუქვაძეც გახდა – საჯარო სექტორში მრავალწლიანი უმწიკვლო მუშაობისთვის. სულ კი “ალეგრობის” დღესასწაულზე ოზურგეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი კიდევ 7  ადამიანს მიენიჭა.

ალეგრობის” დამკვიდრების ისტორია გურიიის უკანასკნელი მთავრის , მამია V გურიელის (1789-1826) დროიდან უნდა ვეძიოთ, რომლის სასახლე იმ დროის ევროპული კულტურული სალონი იყო მთელ დასავლეთ საქართველოში. მაშინდელ ოზურგეთში უცხოელების გამოჩენა არავის უკვირდა,ქალაქში იტალიელი მისიონერებიც უნახავთ და გერმანელი მოხეტიალე მსახიობ-კომედიანტთა დასიც, გურიელმა თავის კარზე რომ დაიტოვა სანახაობათა მოსაწყობად.ამიტომ „ალეგრობა” – იტალიური შინაარსის სიტყვა რომ ეწოდა მხიარულ, მრავალფეროვან და მასობრივ დღესასწაულს, დღევანდელი გადასახედიდან თითქოს არც უნდა გაგვიკვირდეს.

“ალეგრობის” დღესასწაული ოზურგეთში გურიის ყოფილმა გუბერნატორმა, ჟანი კალანდაძემ აღადგინა 2005 წელს                          ( სამწუხაროდ , ეს ,,დეტალი” ღონისძიებაზე  ,,გამორჩათ”)და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება.

„ალეგრობა” , როგორც სახალხო სანახაობა, გურიაში ძველთაგანვე საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. იმ დღეს თითოეული ოჯახი სურსათ-სანოვაგით შეეწეოდა ხოლმე ორგანიზატორებს , ლატარიიდან შემოსული თანხაც მთლიანად საზოგადოებრივ-საქველმოქმედო დანიშნულებით იხარჯებოდა. ქალაქის გარდა, „ალეგრობა” სოფლებშიც იმართებოდა და განსაკუთრებით განთქმული იყო ბახვის, ლიხაურის, შემოქმედის , კვირიკეთის „ალეგრობები”. XIX საუკუნის 80-იან წლებიდან მოყოლებული , ეს დიდი ტრადიცია 1941 წლამდე მოვიდა და მეორე მსოფლიოს ომმა შეაჩერა . იმ ადრინდელი „ალეგრობების” შესახებ ცნობიბი კი ძველმა გაზეთმა და თანამედროვეთა მოგონებებმა შემოგვინახეს.
სხვადასხვა წლებისა და ეპოქის „ალეგრობებს” ჩაქურიან – ყაბალახიანი, ულვაშაწკეპილი გურული ვაჟკაცებიც ახსოვთ და „ცარსკებით” დამშვენებული, „ჩესუნჩისა” თუ სატინის ბლუზებიანიც; ნაწნავ-თავსაფრიანი უმშვენიერესი ასულებიც და მხიარულ „ბუზიკაზე” „ფოქსტროტისა” და „ვალსის” მოცეკვავე გოგონებიც. ყოფილა დიდი მხიარულება, სეირნობა, ქალ-ვაჟთა „გადანახულება” , მუშაობდა „სიყვარულის ფოსტა”, „ბედის კასრი”, იმართებოდა შეჯიბრი ცეკვებში… უხუცეს ოზურგეთელებს ახსოვთ, დღესასწაულის ყველაზე ლამაზ გოგონას ქადეიშვილის ქალის განთქმულ ტორტს რომ მიართმევდნენ პრიზად, თეთრი ვარდებით მორთულ ფაეტონში ჩასვამდნენ და არემარეს ზარზეიმით შემოატარებდნენ. „ალეგრობაზე” ბევრი ქალ-ვაჟის ბედი გადაწყვეტილა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share