თბილისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეც რუსი ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილია, ნიკა მელიამ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, კოპილკოვი პუტინის გარემოცვის ოლიგარქებთან დაახლოებული პირია და უშუალო კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან.
“რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ აყენებს შეურაცხყოფას თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს. ეს პირი, რომელიც რუსული ოცნების ხელისუფლებამ უპრობლრმოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე- პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი – პაველ კოპილკოვი აღმოჩნდა. ის პოლიციამ მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისათვის დააკავა, ისიც საჯარო აღშფოთების ფონზე და დღეს ის უკვე თავისუფალი, მან დატოვა მცხეთის იზოლატორი დაკავებიდან რამდენიმე საათშივე.
პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან – სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში.მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში!
რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის „Boyevoe Bratstvo”-ს სპონსორი, ორგანიზაციის რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში.
ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო სანქციები.
კოპილკოვი ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს რამზად კადიროვთან დაახლოვებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან.
ასე მუშაობს დღეს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,“ თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორების ოჯახებს უშვებს საქართველოში.
ვინმე იტყვის, რომ ეს ადამიანები რუსულ რეჟიმს არიან გამოქცეულები, არ სურთ ომი და ამ მოტივით უნდა შევიფაროთ?”, – განაცხადა ნიკა მელიამ.