რეზნიკოვი: ზამთარს ძალების გადაჯგუფებისთვისა და განახლებისთვის გამოვიყენებთ

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა გამოცემა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ზამთარი საბრძოლო მოქმედებებს შეანელებს და უკრაინა, ამ პერიოდს, ძალების გადაჯგუფებისთვისა და განახლებისთვის გამოიყენებს.

“ჩვენ ამ დროს (ზამთარს) ჩვენი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური შედეგისთვის, მათი გადაჯგუფებისთვის, განახლებისა და როტაციისთვის გამოვიყენებთ და კარგად მოვამზადებთ”. – თქვა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვის თქმით, ზამთარს რუსეთიც შესასვენებლად გამოიყენებს.

“ზამთარი ბრძოლის ველზე ყველანაირ აქტიურობას შეანელებს, ორივე მხარისთვის… ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. დასვენება საჭიროა”. – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ოლეკსი რეზნიკოვმა ქალაქი ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკან დახევის გამოცხადების მიუხედავად, ოკუპანტებს ამ რეგიონში 40 000 სამხედრო ჰყავთ და მათი ძალები ქალაქშიც არიან დარჩენილები.

“არაა მარტივი ხერსონიდან ამდენი სამხედროს  1-2 დღეში გაყვანა. როგორც მინიმუმ, ერთი კვირა იქნება საჭირო”. – თქვა რეზნიკოვმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებების პროგნოზირება რთულია, ამიტომ კიევი საკუთარ გეგმაზეა ფოკუსირებული.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან რუსეთის ჯარების გაყვანა ძალებს ორივე მხარისთვის გაათავისუფლებს, რათა ისინი სხვა რეგიონში გადაიყვანონ. მისი ვარაუდით, რუსეთი ამ სამხედროებით მეზობელ რეგიონში, ზაპოროჟიეში გაიმყარებს პოზიციებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share