დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. პრემიერი ინტერპელაციის წესით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს. დეპუტატებმა სექტემბერში წინასწარ გაუგზავნეს პრემიერ-მინისტრს კითხვები და 18 ნოემბერს გადაწყდა პრემიერის მოსმენა. რამდენიმე საათია პარლამენტში დებატები გრძელდება. საზოგადოებამ უკვე მოისმინა პრემიერის შეფასებები და განცხადებები.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ,,კვირის პალიტრასთან” პრემიერის გამოსვლას აფასებს:
”სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ის, რასაც ყოველთვის ვუყურებთ, არაფერი იცვლება. ვხედავთ ურთიერთდაპირისპირებას, ურთიერთშეურაცხყოფას. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ დასავლეთის უმძიმეს კრიტიკას. ძალიან მაღალი, მძიმე სოციალური რისკებია ქვეყანაში, უპერსპექტივობის განცდაა. ამ დროს, ამტკიცებენ, რომ თურმე ყველაფერი კარგადაა.
მორიგი ასეთი სცენა ვიხილეთ დღეს. ის, რასაც ვუყურებთ მთელი ეს წლებია. არანაირი პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. მათ პრობლემებზე საუბარი არ უნდათ. არ ხდება არანაირი გამოსავლის ძიება და დარწმუნებული ვარ, პრემიერი რომ მოდიოდა დღეს პარლამენტში, იმას ფიქრობდა, გიორგი ვაშაძისთვის და სხვებისთვის რა ეპასუხა. ეს იყო მისი საფიქრალი და არა ის, რომ ხალხის პრობლემები გადაწყვიტოს.
საერთოდ, პოლიტიკურ ელიტას ჰგონია, ხალხმა ისინი იმიტომ აირჩია, რომ თავიანთი ბრძნული აზრები მოახვიონ თავს, სინამდვილეში, ხალხმა ისინი აირჩია მსახურებად, რომ მათი პრობლემები გადაწყვიტონ. ამ “ელიტარულ კლუბში” კი სხვა მიმართულებით მიდის მუშაობა, ამას ვუყურებთ, ეს არ არის ახალი, სხვა მოლოდინი არც მქონდა. მხოლოდ ნეგატიური პოლიტიკური ციკლია, სიძულვილის ენაა მთავარი ინსტრუმენტი. ამ დროს, რთულ სამყაროში ვცხოვრობთ. უზარმაზარი პრობლემებია და საქართველო არ არის გამონაკლისი. ამ პრობლემებს კი არ წყვეტენ, ამაზე ლაპარაკიც არ უნდათ. მხოლოდ ძალაუფლების პრიზმაში უყურებენ ყველაფერს და არა გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი განვითარების.
თურმე 10 წლის წინანდელი ხელისუფლების ბრალი ყოფილა ყველაფერი რაც ხდება დღესაც, მუდმივად აპელირებაა ამაზე. არადა, იმ ხელისუფლების დროს ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს თავად ირაკლი ღარიბაშვილი და ახლა კი გამოგვივიდა ვითომ დიდი მებრძოლი. არ ვიცოდე მაინც, რას აკეთებდა მაშინ, მაგრამ რას ვიზამთ, ამ საგიჟეთში გვიწევს ცხოვრება, სამწუხაროდ.
ყველას კარგად ესმის, რომ ის ჯგუფი, რომელიც ასე შეურაცხმყოფელად გამოდის, არ იქცევა სწორად. ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს მისი ხელისუფლების წარმომადგენელმა შეურაცხყოფა მიაყენა. დავანებოთ თავი კრიტიკას, კრიტიკაზე აღარ ვლაპარაკობთ. შეურაცხყოფაზე გადავიდა ის. ახლა პრემიერი ცდილობს, როგორ გამოძვრეს თვითონ ამ უერხულობიდან და ამბობს, მე პირადად ვიქნებოდი დიპლომატიურიო. მისი გუნდის წევრი ზარქუა რომ უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს სენატორს, ეს თითქოს არაფერია.
ოპოზიციაც იქვეა. მას მიაჩნია, რომ პოლიტიკა არის ხელისუფლების მხილება და მათზე შეტევა. ხალხი კი სხვაგანაა, სხვა პრობლემებითაა დატვირთული, მათ შორის ხიდია ჩატეხილი. ვერც პოზიცია და ვერც ოპოზიცია ვერ აყალიბებს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ხალხი ეკითხება, კი, ბატონო, გავიგე, რომ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ შენ ვინ ხარ, შენ რა შეგიძლია გვითხარი და დამარწმუნე იმაში, რომ შენს ხელში უკეთესი ქვეყანა გვექნება, მაგრამ ისინი ამაზე საერთოდ არ საუბრობენ. მხოლოდ ნეგატივი ისმის.
ოპოზიცია ფიქრობს, თუ დაამტკიცა, რომ ხელისუფლება ცუდია, თვითონ ამით კარგი გახდება. ასე არ ხდება, არა. შენ მარტო ის კი არ უნდა ამტიცო, რომ შენი ოპონენტი ცუდია, შენ ისიც უნდა დაამტკიცო, რომ შენ თვითონ ხარ კარგი, მაგრამ ისინი ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ.
მერწმუნეთ, გადაწყვეტილებები ევროპაში არც ევროკომისრის საუბრებით იქნება მიღებული და არც სხვა ვინმესი, მით უფრო, მან აღიარა კიდეც არ ვარ ამ სიკითხებში ჩახედულიო.
გადაწყვეტილებები მიიღება ამ 12 პუნქტის შესრულება-არშესრულების პირობებში. ეს 12 პუნქტი არ სრულდება, შესაბამისად, ვინ რა განაცხადებას გააკეთებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა.” – განაცხადა ხუხაშვილმა.