“მოსკოვი უნდა დაფიქრდეს, სურს თუ არა ამერიკულ ხაფანგში მოხვდეს” – რას წერს გავლენიანი გერმანული გამოცემა

გერმანულ გაზეთ “დი უელტში” (Die Welt) გამოქვეყნებულია ინტერვიუ პოლიტოლოგ ჰერფრიდ მიუნკლერთან – ბერლინის ვილჰელმ ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორთან, სათაურით – “მოსკოვი უნდა დაფიქრდეს, სურს თუ არა ამერიკულ ხაფანგში მოხვდეს” (ესაუბრებიან ჟურნალისტები ჟაკ შუსტერი და ჯენიფერ უილტონი).

“სანამ დასავლეთი უკრაინას იარაღს აწვდის, კიევი ომს არ წააგებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ უკრაინას იმდენ იარაღს არ აძლევენ, რომ მან ფართო კონტრშეტევა განახორციელოს და ბრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს. აშშ ცდილობს, რომ კონფლიქტი გააჭიანუროს და რუსეთის სამხედრო პოტენციალი დაასუსტოს. რას იზამს კრემლი? სურს თუ არა მას ამერიკულ ხაფანგში მოხვედრა თუ მზადაა, სერიოზულ მოლაპარაკებაზე წავიდეს?”, – ნათქვამია პუბლიკაციის შესავალში.

ხერსონიდან რუსეთის ჯარების უკანდახევის შემდეგ უკრაინის არმიის კონტრშეტევამ თავისი სიმძლავრე დაკარგა, რომელიც მას ოქტომბერში გააჩნდა. ომის ძირითადი კონფიგურაცია იგივე დარჩა: რუსეთს უკრაინაზე მეტი რეზერვები აქვს – როგორც ავიაციაში (თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების მხრივ), ისე – არტილერიაში (ქვემეხების, ჭურვებისა და რაკეტების მხრივ). “უკრაინისა და რუსეთის მდგომარეობა სრულიად სხვადასხვაა – ვერც სამხედრო და ვერც ფინანსური თვალსაზრისით კიევისა და მოსკოვის პოზიციებს ერთმანეთს ვერანაირად ვერ შევადარებთ. ეს ნიშნავს, რომ რუსებს, სანქციების მიუხედავად, შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ განახორციელონ შეტევა”, – ამბობს ჰერფრიდ მიუნკლერი.

“გარდა ამისა, დასავლეთი კიევს არ აწვდის ისეთ იარაღს, რომლითაც უკრაინა ომს რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანს. ასე რომ, ასიმეტრია შენარჩუნებულია. დღემდე ამ კონფლიქტში სამი ფაზა იყო გამოკვეთილი: პირველი – ბრძოლა კიევისათვის, მეორე – ბრძოლა დონბასისათვის, მესამე – უკრაინის არმიის შეტევა სამხრეთით (ხერსონის დაკავება). ახლა, როცა რუსეთის არმია მასირებულად ბომბავს უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო ობიექტებს – “კრიზისულ ინფრასტრუქტურას”, ომის მიმდინარეობა, სადღაც, მესამე-მეოთხე ფაზებს შორის იმყოფება”, – აღნიშნავს ინტერვიუში პოლიტოლოგი.

როგორც ჰერფრიდ მიუნკლერი თვლის, მაისში უკრაინა “უფსკრულის პირზე იდგა, მაგრამ ზოგიერთი საარტილერიო და სარაკეტო კომპლექსის მიწოდებით, აგრეთვე, თვით უკრაინელების მიერ გამოჩენილი სიმამაცით, გარდატეხა მოხდა”. პოლიტოლოგის თქმით, ისინი, რომლებიც იმ დროს იარაღის მიწოდების წინააღმდეგნი იყვნენ, ფიქრობდნენ, რომ უკრაინა დამარცხდებოდა და კონფლიქტი მალე შეწყდებოდა.

ამჟამად დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდება ინტენსიურად ხორციელდება, უკრაინის არმია ძალას ინარჩუნებს, რაც მას საშუალებას აძლევს, ომში არ დამარცხდეს და სამხედრო მოქმედებები გააგრძელოს, მაგრამ კიევს არ შეუძლია უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე ომის გადატანა ან ანალოგიური ქაოსის მოწყობა, როგორსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ახდენს.

ამ ეტაპზე საკითხი ამგვარად დგას: უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერების შენარჩუნების გათვალისწინებით, მზად არის თუ არა კრემლი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს? ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა 24 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს”, – ამბობს ჰერფრიდ მიუნკლერი.

კითხვაზე – რა მიზნები აქვთ ამერიკელებს, პოლიტოლოგი პასუხობს: “ამერიკელები? როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი აცხადებს, კონფლიქტი იმდენ ხანს უნდა გაჭიანურდეს, სანამ რუსეთის სამხედრო პოტენციალი არ დასუსტდება. ამიტომ მოსკოვს დაფიქრება სჭირდება – უნდა თუ არა კრემლს ამერიკულ ხაფანგში მოხვედრა ანუ ომის დიდი ხნით გაგრძელება, თუ სერიოზულ მოლაპარაკებებზე უნდა დათანხმდეს? ამის გარკვეული ნიშნები უკვე იკვეთება”. წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share