რა არის არასაფრენი ზონა და რატომ არ კეტავს ნატო უკრაინის საჰაერო სივრცეს

ქვეყნის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ომის პირველივე დღიდან დაჟინებით ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ნატო და აშშ აცხადებენ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ამ ნაბიჯს შეიძლება ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვეს.

ბრიუსელში 4 მარტს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები კიევის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო დახმარებას გააგრძელებენ, მაგრამ უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენისთვის აკრძალულ ზონას მხარი ისევ არ დაუჭირეს.

“ყველა ადამიანი, ვინც დღეიდან დაიღუპება, მოკვდება თქვენ გამოც, თქვენი სისუსტის, განხეთქილების გამო”, – მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს გუშინვე.

ნატოს განცხადებით, ასეთი ზონის გამოცხადება და ფრენის აკრძალვა ნიშნავს, რომ თუ რუსეთის ავიაცია ამ აკრძალვას დაარღვევს, ალიანსმა ეს თვითმფრინავი არ უნდა დაუშვას, ან უკრაინის საჰაერო სივრციდან უნდა გააძევოს. ნატოს მიაჩნია, რომ ეს ალიანსს რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაითრევს და ომი ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოედება.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უკრაინის თავზე დახურულ საფრენ ზონას დააწესებს, უკრაინის ომში ჩართულ მხარედ ჩაითვლება.

რა არის არასაფრენი ზონა?

არასაფრენი ზონა არის საჰაერო სივრცის ტერიტორია – მთელი ქვეყანა ან მისი ნაწილები – სადაც ფრენის უფლება არცერთ თვითმფრინავს არ აქვს, გარდა საჰაერო სივრცის პოლიციისა.

როგორც წესი, მას ომის დროს ადგილზე მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო მიწოდებისთვის აწესებენ.

რატომ ითხოვს უკრაინა ქვეყნის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას?

უკრაინა არასაფრენი ზონის შემოღებას რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან თავის დასაცავად ითხოვს. ცაზე არასაფრენი ზონის გამოცხადება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში დაბომბვებისა და ჰუმანიტარული კატასტროფის შესაჩერებლად ამ მოცემულობით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იქნებოდა.

“ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინას პარტნიორებიც დაეხმარონ თავის დაცვაში, განსაკუთრებით კი საჰაერო გზით. ახლავე დახურეთ ცა”, – მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პარტნიორებს 3 მარტს.

როგორ ხდება არასაფრენი რეჟიმის დაცვა?

საჰაერო სივრცის 24/7-ზე კონტროლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საჰაერო ხომალდის გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემაა (AWACS) – არსებითად “თვალი ცაში”.

AWACS-ის თვითმფრინავი სადესანტო სარადარო სისტემების ფუნქციას ასრულებს. მას შეუძლია დააფიქსიროს ყველაფერი, რაც მოძრაობს არასაფრენ ზონაში სხვა თვითმფრინავებით დაწყებული რაკეტებით დამთავრებული, თუნდაც ისეთები, რომლებიც მნიშვნელოვანი დისტანციიდანაა გასროლილი.

რატომ ეუბნებიან უკრაინას უარს?

პეტრ პაველი, ჩეხეთის არმიის ყოფილი გენერალი, რომელსაც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, ხსნის რატომ ვერ წესდება არასაფრენი ზონა უკრაინის თავზე.

“ეს მაშინვე აიხსნება, როგორც ომი ნატოსა და რუსეთს შორის. იგივე გავლენა ექნება, როგორც ნატოსა და უკრაინულ ჯარების ერთობლივ ბრძოლას რუსეთის ჯარების წინააღმდეგ”, – ამბობს ის.

იგივე შეიძლება ითქვას, თუ ნატოს რომელიმე წევრი, მაგალითად, როგორიცაა შეერთებული შტატები, არასაფრენი ზონის დაწესებას დამოუკიდებლად შეეცდება.

“როდესაც ნატოს ან ნატოს რომელიმე ცალკეული ქვეყანა, როგორც ორგანიზაცია, უერთდება უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს ფაქტობრივად ომის გამოცხადებაა რუსეთსა და ნატოს შორის”, – თქვა პაველმა. “ჩვენ აღმოვჩნდებით ბევრად უფრო დიდ კონფლიქტში, უფრო მეტი იარაღით, რუსეთისგან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობამდე”.

ბენ ჰოჯესის თქმით, რომელიც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი იყო და ახლა აშშ-ში დაფუძნებულ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრში მუშაობს, არსებობს სიფრთხილის სხვა მიზეზებიც.

“ჩვენ არასოდეს დავაყენებთ მფრინავებს ჰაერში, თუ არ ვიქნებით მზად მტრის საჰაერო თავდაცვა ხმელეთზე გავანადგუროთ. ასე რომ, ახლა თქვენ საუბრობთ სროლაზე, რუსეთის სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმაზე უკრაინის შიგნით და, ალბათ, რუსეთის შიგნითაც კი”, – თქვა ჰოჯესმა.

ევროკავშირმა რუსული თვითმფრინავებისთვის უკრაინაში ცა უკვე ჩაკეტა. მაგრამ, რადგან ევროკავშირი სამხედრო ორგანიზაცია არ არის, ამ შემთხვევაში მას ის შესაძლებლობები არ აქვს, რაც ნატოს გააჩნია.

“ზოგადად, არასაფრენი ზონების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუ რამდენად შეძლებს მის დაცვასა და განხორციელებას. ევროკავშირს ამის შესაძლებლობები არ აქვს, ამის შესაძლებლობა აქვს ნატოს. შეიძლება საუბარი იყოს ევროკავშირი-ნატოს პარტნიორობაზე. მაგალითად, ევროკავშირმა ჰუმანიტარული მიზნებისთვის იმუშაოს და მისი შესრულება უზრუნველყოს ნატომ. ეს იქნებოდა თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკული მექანიზმი”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ბათუ ქუთელია.

“საჰაერო სივრცე, ზოგადად, ქვეყნის სუვერენული ნაწილია და თუ ამ სუვერენულ ნაწილზე უკრაინა ნატოს მისცემს კონტროლს, ბუნებრივია, ეს რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას გამოიწვევს. ეს არგუმენტი იყო მოყვანილი, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი. თუმცა ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პირიქით არის. არასაფრენი ზონის გამოცხადება ნატოს ბოლოს მაინც მოუწევს, იმდენად არასამართლიან და ყველანაირი ნორმებისა და წესების დარღვევით მოქმედებს რუსეთი. ამიტომ, რაც უფრო ადრე გამოაცხადებს ამას, მით უფრო ნაკლები იქნება სამოქალაქო მსხვერპლი და რუსეთის შეკავება უფრო ეფექტურად მოხდება”, – ამბობს ბათუ ქუთელია.

“დახურეთ ცა უკრაინის თავზე” – რა არგუმენტები აქვს უკრაინას?

“ჩვენ ვართ ჟურნალისტები ქალაქ კრივი რიჰიდან, დნეპროპეტროვსკის რეგიონი. ჩვენ ვართ ადგილობრივი მედიაპლატფორმა “Expert-KR”. ახლა ომის წინა ხაზზე ვცხოვრობთ. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე ჩვენგან 100 კილომეტრია, ხერსონამდე – 200, მიკოლაევამდე – 180 კმ.

ჩვენ მივმართავთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს დასავლეთში დღეს ერთი მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილით: დახურეთ ცა უკრაინის თავზე!” – უთხრა რადიო თავისუფლებას ჟურნალისტმა ანდრიი ვლასენკომ 5 მარტს.

Reuters-ის დაკვეთით Ipsos მიერ 3-4 მარტს აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელების უდიდესი ნაწილი 74% მიიჩნევს, რომ აშშ-მ ნატოსთან ერთად რუსეთისგან თავდასაცავად უკრაინის საჰაერო სივრცე უნდა ჩაკეტოს.

თუმცა გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, რესპონდენტები, რომლებმაც უკრაინის ცის დაკეტვას დაუჭირეს მხარი, ერკვეოდნენ თუ არა კონფლიქტის რისკებში, რადგან მათი უმრავლესობა უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნას ან უკრაინული არმიის მხარდასაჭერად საჰაერო თავდასხმების იდეას ეწინააღმდეგებოდა.

ასევე, მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს ონლაინპეტიციას, რომელიც უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას ითხოვს.

რუსეთისთვის უკრაინის ცის ჩაკეტვას კიდევ უფრო მეტი მომხრე მას შემდეგ გამოუჩნდა, რაც 4 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც იქ ხანძარი გაჩნდა.

„მაიმუნი ყუმბარით“ – ასე აფასებენ ექსპერტები ატომურ ელექტროსადგურებზე შეჭრილ სამხედროებს

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ნატოს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოს უკრაინის ცის დახურვა ნატოს წინააღმდეგ რუსეთის პირდაპირ აგრესიას გამოიწვევს.

“ეს სუსტი, შინაგანად დაუცველი ადამიანების თვითჰიპნოზია, თუმცა ისინი ჩვენზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობენ. ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. და რაზე ფიქრობდით იმ შეხვედრაზე?” – ამბობს ზელენსკი.

ვიდეომიმართვაში ის ასევე აღნიშნავს, რომ ნატომ დღეს რაც შეძლო, უკრაინისთვის 50 ტონა დიზელის საწვავის შესყიდვაა.

“ალბათ იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის დაწვა შევძლოთ, უკეთესად რომ იწვოდეს. მაგრამ ის ჩვენთვის უკვე დაიწვა რუსეთის ჯარების ცეცხლში. განა, ასეთი ნატო გვინდოდა? ეს არის ალიანსი, რომელიც თქვენ ააშენეთ? არასაფრენი ზონის არშემოღებით დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების შემდგომ დაბომბვებს აუნთო მწვანე შუქი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა 1994 წლის დეკემბერში, ეუთოს კონფერენციაზე მას შემდეგ გაფორმდა, რაც უკრაინამ მის ტერიტორიაზე განლაგებულ ბირთვულ იარაღზე თქვა უარი. მემორანდუმით ბირთვულმა ქვეყნებმა – აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა პოლიტიკური ვალდებულება აიღეს, რომ უკრაინის სუვერენიტეტის გარანტები იქნებოდნენ.

“ფრენისთვის აკრძალულ ზონას შეიძლება სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვეს ევროპაში”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 5 მარტს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე და ამით ნატოს გადაწყვეტილება დაიცვა, არ ჩაკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცე. ბლინკენის თქმით, აშშ არ ეცდება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში ჩაბმას

პრესკონფერენციაზე ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაბმას არასდროს ეცდება.

“ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ომი არ გავრცელდეს უკრაინის გარეთ…” – განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, პუტინს უკრაინაში შეჭრა ძვირად დაუჯდება. ამავე დროს ის ამბობს, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროკავშირს შორის მიზნებთან დაკავშირებით სრული თანხმობაა.

მან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე დიდი გავლენა უკვე მოახდინა.

ქვეყნები, სადაც არასაფრენი ზონა მოქმედებდა

სხვადასხვა დროს არასაფრენი ზონები გამოცხადებული იყო ლიბიაში, ბოსნიასა და ერაყში.

  • გაეროს უშიშროების საბჭომ უფლება მისცა ნატოს 2011 წელს, “ქვეყანაში თავდასხმის საფრთხის ქვეშ მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად”, ლიბიის თავზე არასაფრენი ზონა შეექმნა;
  • ნატომ 1993 წლის აპრილიდან 1995 წლის დეკემბრამდე ბოსნიაზე არასაფრენი ზონა შემოიღო;
  • შეერთებულმა შტატებმა და კოალიციურმა ქვეყნებმა ერაყში 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ორი არასაფრენი ზონა დააწესეს.

რით განსხვავდება უკრაინის შემთხვევა ლიბიასა და ერაყში დაწესებული არასაფრენი ზონებისგან?

“ლიბიასა და ერაყში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ რუსეთი არასაფრენი ზონის შექმნის წინააღმდეგი არ იყო. ის იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობას დაეთანხმა იმაში, რომ არასაფრენი ზონა ადგილზე მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად საჭირო იყო. ჰოჯესი არ გამორიცხავს, რომ ნატო მოგვიანებით მაინც ჩაერიოს.

“შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ალიანსი იტყვის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გვერდზე დავდგეთ და დავუშვათ მეორე სრებრენიცა”, – თქვა ჰოჯესმა.

შესაძლებელია თუ არა ჰუმანიტარული მიზნით ნაწილობრივი აკრძალული ზონის დაწესება?

რაც შეეხება ჰუმანიტარული დახმარების დასაშვებად არასაფრენი ზონის ნაწილობრივ დაწესებას, პეტრ პაველის თქმით, ეს ალბათ რუსეთზე იქნება დამოკიდებული.

“თუ ეს იქნება ჰუმანიტარული ოპერაცია, ამას რუსეთი უნდა დაეთანხმოს, რადგან თუ არ შეთანხმდნენ, რუსებმა შეიძლება ჰუმანიტარული რეისი ჩამოაგდონ”, – თქვა პაველმა.

უკვე მე-10 დღეა, უკრაინაში რუსეთის ომი მიმდინარეობს. თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი და 1,2 მილიონზე მეტი კი ლტოლვილად იქცა.

რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). იბომბება უკრაინის ყველა მსხვილი ქალაქი, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქები და დედაქალაქიც.

სამხედრო აგრესიას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება უძღოდა წინ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი “უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა”.

წყარო : რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share