ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უკვე არის პრაქტიკულად დაშლილი პოლიტიკური სუბიექტი. “ნაციონალური მოძრაობა” დაიშლება მარტივ-მამრავლებად, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევისა და ზოგადად, პარტიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის დაშლილი და ისეთი არ არის, როგორიც იყო თუნდაც გუშინ და გუშინწინ.
„ხედავთ, როგორ ვითარდება პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ეს არის სრულიად ლოგიკური. როდესაც პარტია ასახელებს კანდიდატად თუნდაც ისეთ პერსონაჟს, კომიკოსს, როგორც არის ხაბეიშვილი, ბუნებრივია, რომ ამ პარტიას არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს. ეს ჩემი შეფასება არაა და ეს რომ ნამდვილად ასეა, შეგიძლიათ იხილოთ ხატია დეკანოიძის მოსაზრება – პარტიას, რომლის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მგონი, ქართულიც არ იცის, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ამ პარტიას რაიმე მომავლისთვის პრეტენზია ჰქონდეს“,- განაცხადა ღუდუშაურმა.