დღეს გახდება ცნობილი, რა წერია ცენტრ ,,ემპათიას” დასკვნაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დოკუმენტი სრულად არ გამოქვეყნდება, გასაჯაროვდება მხოლოდ მცირე ინფორმაცია იმ ძირითად საფრთხეებზე, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას ემუქრება.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დიაგნოზები იმდენად მძიმეა, რომ ეს არათუ სასჯელის გადავადების არამედ გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს.
“ჩვენ მთავარი მიგნებები ბევრჯერ გავახმოვანეთ და იქნება კიდევ ერთხელ, მინდა გითხრათ, რომ დასკვნა არის 193 გვერდი, მას მოჰყვება სამიათას გვერდამდე დანართი, შესაბამისად არის ძალიან მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. დასკვნის მთავარი მიგნება არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული სასჯელისგან, ვინაიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ხვდება გათავისუფლების სტანდარტებში და იგი უნდა იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ შემდგომი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
ორგანიზაციის დასკვნას დღეს ადვოკატებსაც გადასცემენ. ამის შემდეგ უფლებადამცველები სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საკითხებს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან გაივლის, ვინაიდან სააკაშვილი აღარ არის იმ მდგომარეობაში, რომ პოზიციების შეთანხმება მოხდეს.