ამიერკავკასიის სტატისტიკურ-ეკონომიკური კრებულის (გამოცემულია 1925 წელს) მიხედვით გურიაში, კერძოდ ოზურგეთში. არსებობს ლატერიტული წარმონაქმნების საკმაოდ დიდი დანალექები, რომლისგანაც შესაძლებელია ალუმინის მიღება.
საუბარია აჭარა გურიის საზღვარზე არსებულ ალუმინის საბადოებზე, თუმცა კრებულში ზუსტი ადგილმდებარეობა არ კონკრეტდება., მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ეს ოზურგეთი გომისმთის საავტომობილო გზაზე, ჟეშტერი-საირმეს ტერიტორიაზეა.
(იხილეთ კრებული – https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/278846?fbclid=IwAR2XmTUuUMHfcqs8DfqlsspsoqxvlFxbwk0c4rOZykg-5wR54ohlJgpXfiE)
აქვე აღნიშნულია, რომ ადვილად გასახსნელი თიხა ამ ელიუვიალურ წარმონაქმნებში ზოგ ადგილზე აღწევს 39%-ე და თუ კი წიაღისეულის დანალექების გამოკვლევა აჩვენებს ხსენებული შემადგენლობის ტოლ ან/და უფრო მეტ შემცველობის გავრცელების შესაბამის მასშტაბს უეჭველია, რომ აქ შესაძლებელია ალუმინის წარმოება.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ალუმინის წარმოების უფლების მოპოვებაზე რამდენიმე სამთავრობო ბიზნეს ჯგუფი იბრძვის.
როგორც გვეუბნებიან, მათ შორის, გომისმთის ალუმინის საბადოს ხელში ჩაგდებასთან ყველაზე ახლოს უჩა მამაცაშვილის ბიზნეს ჯგუფი დგას.
თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება რედაქციამ ვერ შეძლო.
მიმდინარე წლის დასაწყისში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფოს რამდენიმე უწყებამ მალულად დაიწყო.
ადგილზე ამ დოკუმენტაციის მომზადების მიზნით აიყვანეს სპეციალისტები და როგორც გვეუბნებიან, ალუმინის საბადოს ადგილმდებარეობის გასხვისება უახლოეს მომავალში მოხდება.
ხელისუფლების მიზანია, ერთის მხრივ, იუსტიციის სამინისტროს გამოყენებით, მასთან დაახლოებულმა ბიზნეს ჯგუფებმა ხელში ჩაიგდონ საბადო, ხოლო მეორეს მხრივ, პროკურატურის გამოყენებით, კურორტიდან რაც შეიძლება მეტი ხალხი გააძევონ.
რაც შეეხება მიმდინარე გზის მშენებლობას, ეს მრავალმილიონიანი პროექტი, ამ ბიზნეს ჯგუფის ინტერესებშია, და განცხადებები, თითქოსდა მისი განხორციელება კურორტის განვითარებას ემსახურება, როგორც წყაროები გვიმტკიცებენ, სინამდვილეს არ შეესაბამება:
“აქ იქნება დიდი ალუმინის საბადო, რომელსაც თავის მხრივ განვითარებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზა სჭირდება.
კურორტზე მესაკუთრეების სამართლებრივი დევნის მიზანი კი გომისმთაზე მესაკუთრეთა მინიმალური რაოდენობის დარჩენაა, რადგან ამ მიწების გამოსყიდვა ალუმინის საბადოს ხელში ჩაგდების მსურველებს, რაც შეიძლება ნაკლები ფასი დაუჯდეთ.”-გვიყვება წყარო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კურორტ გომისმთაზე, იმ შენობა ნაგებობების დემონტაჟი, რომელიც მათი ვერსიით უკანონო მშენებლობების რიგს განეკუთვნება, მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო.
შენობა ნაგებობების დემონტაჟს ოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, კიშინსკი ხელმძღვანელობს.
კურორტ ბახმაროზე მასიური მშენებლობები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, და “ქართული ოცნებიდან” მაშინდელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ, დაინტერესებულ პირებს დაპირდნენ რომ ყველა მშენებლობა დარეგისტრირდებოდა და მათ კანონიერ კუთვნილებაში გადავიდოდა.
ასეულობით მოქალაქემ შენობა ნაგებობა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა, თუმცა არჩევნების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითობის მუხლით გამოძიება დაიწყო და გომისმთაზე ქონების დამრეგისტრირებელ 600-ზე მეტ ადამიანს ბრალი თაღლითობაში დადო.
როგორც “გურიის მოამბესთან” რამდენიმე მათგანმა განაცხადა – პროკურორები აიძულებენ მოქალაქეებს აღიარონ დანაშაული და ქონება სახელმწიფოს დაუბრუნონ.
პროკურატურის პოზიციაა, რომ ამ მოქალაქეებმა შეცდომაში შეიყვანეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები და ქონება უკანონოდ დაირეგისტრირეს.
არც წულუკიანი და არც ჩიგოგიძე მომხდარზე არანაირ განცხადებებს არ აკეთებენ.
დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა რამდენიმე წელია დაწყებულია და პროკურატურა თაღლითობაში ასეულობით პირს ადანაშაულებს. დღეისათვის სახელმწიფომ, პროკურატურის მეშვეობით 1 120 041 ლარის ღირებულების უძრავი ქონება უკან დაიბრუნა.
კურორტ გომისმთის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობა მეორე წელია მიმდინარეობს.
კურორტ გომისმთაზე, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის გამო, ამ ზაფხულს, ასვლა მხოლოდ შაბათ-კვირას და ისიც კონკრეტულ საათებში იყო შესაძლებელი. , რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია 2021 წლის 15 ივნისიდან.
ოზურგეთიდან გომისმთის მიმართულებით შაბათს, დღის 4 საათიდან შეიძლებოდა წასვლა ღამის 11 საათამდე, ხოლო კვირას გადაადგილება დასაშვები იყო დილის 5 საათიდან ღამის 11 საათამდე. კვირის სხვა დღეებში მოქალაქეთა გადაადგილება აიკრძალა.
გომისმთაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია New Road-ი ახორციელებს.