ექსკლუზივი-რატომ სცემეს ერთმანეთი ოზურგეთის მერმა და გურიის სამაშველო სამსახურის უფროსმა

გურია სერიოზული დაპირისპირებების ზღვართან – ვინ დაეუფლება „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოყოფილ 50 მილიონ (50,000,000) ლარს.

რამდენიმე დღის წინ „გურიის მოამბე“ იმ ინცინდენტის შესახებ წერდა, როცა ერთმანეთს, ფიზიკურად, გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი, მერაბ ჭანუყვაძე, თავის გარემოცვასთან ერთად, და ოზურგეთის მერის მოადგილის ძმა, დათუნა გოლიაძე (არჩილ თალაკვაძის გარემოცვა) და ქმარი, კოტე შევარდნაძე, დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღეს, მერაბ ჭანუყვაძემ, კოტე შევარდნაძემ, მსუბუქად დაშავდნენ დათუნა გოლიაძე და რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებიც ამ საქმის გარჩევას ესწრებოდნენ.

ინცინდენტი წინადღით, ერთ ერთი ადგილობრივი ბიზნესმენის, გია ზაქარიაძის დაბადების დღეზე მოხდა.

კონკრეტულად, ქეიფის დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მერაბ ჭანუყვაძე მიეჭრა სუფრაზე მჯდომ ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს და ამ უკანასკნელს, მუცლის არეში ხელი მტკივნეულად მოუჭირა.

თვითმხილველთა მონათხრობით, ეს „ქმედება“ იმდენად მტკივნეული იყო, რომ ავთანდილ თალაკვაძემ სასოწარკვეთილებისაგან ყვირილი დაიწყო.

მომხდარმა პირველი კოტე შევარდნაძე აღაშფოთა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა, რაც მეორე დღეს, უკვე ყველასათვის ცნობილი ამბით გაგრძელდა.

სინამდვილეში ჭანუყვაძეებსა და თალაკვაძეებს შორის დაპირისპირება ამ დაბადების დღეზე არ დაწყებულა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ორ კლანს შორის დაპირისპირება მიმდინარე წლის 25 ნოემბერს დაიწყო-როცა ცნობილი გახდა, რომ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 50 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერით გათვალისწინებულია „პროგრამა „მშენებლობის განვადებით“ – ის ფარგლებში „ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის და ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი წითელი სხივისა და ნარუჯის უბნების წყალმომარაგების სისტემის, ასევე დაბა ურეკისათვის ორი ჭაბურღილის მოწყობის პროექტირება – მშენებლობის“ სახელმწიფო შესყიდვა.

როგორც ზემოთ ვწერდით „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ამ საქმეზე 50,000,000 ტენდერი 25 ნოემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 24 დეკემბერს დაიწყება და 29 დეკემბერს დასრულდება.

ესეიგი მიმდინარე წლის ბოლოს, საახალწლოდ გვეცოდინება ვინ დაეუფლება 50 მილიონ ლარს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მერის არჩევნების წინ, მერაბ ჭანუყვაძის დაჯგუფებამ ავთანდილ თალაკვაძეს არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ, რამდენიმე პირობა წაუყენა, პირველი, სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობა, მეორე ოზურგეთის წყალკანალის დირექტორის თანამდებობა, და მესამე ა(ა)იპ „სატისის“ – სოფლების წყალგაყვანილობის სამსახური – ხელმძღვანელობა.

ვინაიდან ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვებაში ლომის წილი თუ არა გადამწყვეტი – მერაბ ჭანუყვაძის ფაქტორი იყო, მას ყველა პირობა შეუსრულეს – პირველის დირექტორი თვითონ გახდა, მეორეს შალვა კონჯარია და მესამეს ბუკა ჩხარტიშვილი. მეტიც, მთელი რიგი სოფლის გამგებლებისა, ჭანუყვაძის კვოტთ დაინიშნენ-მათ შორის მერიისა და ნატანების გამგებლები.

„დაახლოებით გასული თვის მიწურულს, მერაბ ჭანუყვაძე შეხვდა ავთანდილ თალაკვაძეს და უთხრა, რომ ვინაიდან შეთანხმებისამებრ, ეს სისტემა მას აქვს ჩაბარებული, ქალაქისა და სოფლის წყლის სისტემები, ეს ტენდერიც მას ეკუთვნის – თუმცა თალაკვაძემ მას აუხსნა რომ ტენდერში კოტე შევარდნაძის კომპანია გაიმარჯვებს და ეს „ზემოთ“ უკვე გადაწყვეტილია. ამას ჭანუყვაძის მხრიდან აღშფოთება მოყვა და მოხდა დაპირისპირება, საქმის გარჩევა დაახლოებით სამჯერ იყო, დაბადების დღეზე მომხდარი ინცინდენტი ეს უკვე ამის შემდეგაა, რადგან თალაკვაძეებმა დაიწყეს ჭანუყვაძის მკვეთრად შევიწროება, დააკავეს მერიის გამგებელი, აპირებენ დააკავონ ნატანების გამგებელი, იგეგმება შალვა კონჯარიასა და ბუკა ჩხარტიშვილის განთავისუფლება და შესაძლო დაკავება, ასევე ზეწოლებია საკრებულოში გელა აროშიძეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თალაკვაძეები უკან არ დაიხევენ და 50 მილინი ის თანხაა, რომლის გამოც თვითონ ჭანუყვაძესაც დაიჭერენ და მის ძმასაც, საინტერესოა, რომ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, მომავალ წელს კიდევ აპირებს დამატებით 50 მილიონიანი ტენდერის გამოცხადებას, 100 მილიონი კი ამ დაპირისპირების სისხლიან გარჩევებში გადაზრდის პერსპექტივას რეალურს ხდის“ – გვეუბნება წყარო.

ეს წერილი მზად იყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, შალვა კონჯარიას, ოზურგეთის წყალკანალის დირექტორობიდან გადაყენების შესახებ, ასევე რამდენიმე კვირაა გამქრალია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა აროშიძე, ნატანებში, არჩილ თალაკვაძის მომხრეებმა დაიწყეს მოძრაობა ადგილობრივი გამგებლის გადაყენების მოთხოვნით – ყველა ესენი ჭანუყვაძის დაჯგუფებიდან არიან.

თუ ამ მოვლენებს გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ არჩილ თალაკვაძე წინასაახალწლოდ 50 მილიონიანი ტენდერის ფაქტიური გამარჯვებული გახდება და ეს კოტე შევარდნაძესთან აფილირებული კომპანიის საშუალებით მოხდება.

ჩვენ შევეცადეთ კოტე შევარდნაძესთან დაკავშირებას, თუმცა გვითხრეს, რომ ის მეზობელ თურქეთში-იხვებზე სანადიროდ გაემგზავრა.

ჩვენს ზარებს ძმებმა თალაკვაძეებმა, ისევე როგორც ძმებმა ჭანუყვაძეებმა არ უპასუხეს.

(გაგრძელება იქნება)

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share