სააგენტო წერს, რომ ბერმუდის მოსამართლემ ბანკს თავისი კლიენტისთვის, ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის ანაზღაურება მარტში დააკისრა. სასამარლომ დაადგინა, რომ Credit Suisse Life-მა მსჯავრდებულ პატრის ლესკოდრონის მიერ ივანიშვილის ფულის ბოროტად გამოყენებაზე „თვალი დახუჭა.“ კომპენსაციის თანხა ორივე მხარის ბუღალტრული ექსპერტების ანგარიშების საფუძველზე გამოითვალა და ლესკოდრონის მიერ არამიზნობრივად გამოყენებულ ან სხვა კლიენტებისთვის გადაცემულ აქტივებს, ასევე, მათგან მიღებულ შესაძლო შემოსავალს მოიცავს.
თუმცა თავის შაუმდგომლობაში ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს ზედმეტად გამარტივებული გაანგარიშებაა და მხოლოდ თეორიულ შემოსავალს ეფუძნება.
Bloomberg-ის შეფასებით, ამ აპელაციით ბანკი ერთწლიანი სამართლებრივი პრობლემებისა და ინვესტორების ნდობის დაკარგვისგან რეაბილიტაციას ცდილობს. ადვოკატის თქმით, ბერმუდის სასამართლო პროცესით ბანკს ზიანი მიადგა, როცა მთავარი მოსამართლე Credit Suisse Life-ს მკვეთრად აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ Credit Suisse-მ თაღლით ბანკირზე „თვალი დახუჭა.“
ბანკის არგუმენტით, ფრანგი, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს, დამოუკიდებლად მოქმედებდა და ე.წ. მარტოხელა მგელს წარმოადგენდა, რომელიც თავის დანაშაულებრივ საქმიანობას კოლეგებსა და ზედამხედველებს უმალავდა. ამის მიუხედავად, მოსამართლე ნარინდერ ჰარგუნმა დაადგინა, რომ პასუხისმგებლობა ბანკის განყოფილებას ეკისრებოდა, რადგან „Credit Suisse Life-მა ლესკოდრონის გარკვეული დანაშაულის შესახებ იცოდა და ამის შემდგომი დანაშაულებრივი განვითარებაც შეეძლო ან უნდა სცოდნოდა.“
Bloomberg-ის ცნობით, Credit Suisse-მ ბიძინა ივანიშვილისთვის ზიანის ასანაზღაურებლად სახსრები უკვე გამოყო, რაც სააპელაციო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირობითი დეპონირების რეჟიმში რჩება.
სააგენტო აქვე აღნიშნავს, რომ ივანიშვილი შვეიცარულ ბანკს 800 მლნ დოლარის ზარალზე სინგაპურშიც უჩივის. სექტემბერში გამართულ სასამართლო პროცესზე სინგაპურში მოქმედმა Credit Suisse Trust-მა აღიარა, რომ ვერ აცნობა თავის მილიარდერ კლიენტს მისი ანგარიშებიდან არაავტორიზებული გადარიცხვების შესახებ. Bloomberg-ის შეფასებით, ეს მოულოდნელი აღიარებაა, რამაც შესაძლოა, სასამართლო პროცესის შედეგი განსაზღვროს.
„ეს იყო ბოლო იურიდიული ჩავარდნა ბანკისთვის, რომელსაც მძიმე წელი ჰქონდა, როცა ივნისში ფულის გათეთრების თავიდან აცილების უუნარობისა და კლიენტების კუთვნილი ათობით მილიარდი დოლარის გადინების საქმეზე გაასამართლეს. Credit Suisse განაჩენს ასაჩივრებს,“ – წერს Bloomberg.