ტარასი მამალაძის ეთნოგრაფიული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ, გურიაში არსებობდა წარმართული რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ფრინველებს და ცხოველებს გააჩნდათ ადამიანისათვის საზიანო თვისებები და შეეძლოთ შეეძლოთ მათი “დაძლევა” და უბედურების მოტანა, რისი საწინააღმდეგო საშუალებაც გახლდათ ე.წ. “სამჯობინარი”, რომელის მომზადება და მიღება საკალანდო რიტუალების შემადგენელი ნაწილი გახლდათ და გურულები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ “ძლეულ” კაცის მთელი წელლის განმავლობაში უბედურება ელოდა.
–
ტარასი მამალაძე – “გურიაში ახალი წლის პირველ დილას ძალიან ადრე გათენებამდე იღვიძებდნენ და გაღვიძებისთანავე უნდა ეჭამათ „სამჯობინარი“, რომელიც გახლდათ პურის ან მჭადის მარილიანი ნატეხი. ასევე შეიძლებოდა პირდაპირ მარილის ნატეხის ჭამაც. მხოლოდ „სამჯობინარის“ ჭამის შემდეგ იბანდნენ ხელპირს და იცვამდნენ ტანსაცმელს.
„სამჯობინარის“ ჭამა და ამ წესის შესრულება იწყებოდა ახალი წლის დილიდან და გრძელდებოდა ყოველ დილით, მანამ სანამ გაზაფხულზე გადამფრენი ჩიტები დაბრუნებოდნენ.
გურულების რწმენით „დაძლევა“ შეეძლო ნებისმიერ ცხოველსა და ფრინველს, მათ შორის თუნდაც ძალიან პატარა ჩიტსაც კი. ასევე ძალიან უფრთხოდნენ პირველ იანვარს დაბადებულ ბავშვს. ვინც სამჯობინარს დროულად არ შეჭამდა იგი ძლეული იქნებოდა და უბედურება ელოდა.
ასე მაგალითად – თუ ვინმე კალანდის დილას „სამჯობინარის“ ჭამამდე გასროლის ხმას გაიგონებდა ეს იმას მოასწავებდა, რომ მას და მის სამჯობინარს გასროლა „დასძლევდა“, ეს კი გურულების წესის მიხედვით ძალზედ ავისმომსწავებელი გახლდათ „ძლეულისათვის“, რადგანაც მას მთელი წელი შემოსავალი არ ექნებოდა და საჯდომზე ნახვრეტებიანი (ნატყვიარის მსგავსი) შარვალით ივლიდა.
მაგალითად თუ ადამიანი სამჯობინარის ჭამადე თხას დაინახავდა ან მის ხმას გაიგონებდა, თვლიდნენ, რომ მას თხა დასძლევდა და იგი მთელი წელი უშედეგოდ და გაუთავებლად ილაყბებდა.
გურულები განსაკუთრებით უფრთხოდნენ ჩიტებისგან „ძლევას“, რადგანაც “ძლეულს” იმ წლის მთელს მოსავალს ჩიტები შეუჭამდნენ. ჩიტებიდან კი განსაკუთრებით უფრთხოდნენ გუგულისა და მოლაღურისაგან „ძლევას“, რადგანაც გუგული ბუდეს არ იკეთებდა და იმ წელს უსახლოდ დარჩებოდნენ, ხოლო მოლაღურის ძლევაც დიდ უბედურებას მიასწავებდა, რადგანაც მის ხმას ამსგავსებდნენ სიტყვებს „შვილო გოგიას“ და ფიქრობდნენ, რომ შვილი მოუკვდებოდათ.
თუ ვინმეს ყველაზე პატარა ჩიტი ჯინჯალა „სძლევდა“ მისი არანაირი საქმე წარმატებით არ დაუსრულდებოდა და მისი ნებისმიერი საქმიანობის შედეგიც ძალიან მცირე ჯინჯალას ოდნა იქნებოდა.
მომზადებულია – ეთნოგრაფ ტარასი მამალაძის ნაშრომის მიხედვით (1893 წელი)
ნახტი – ელენე ახვლედიანი „ლიხაური“ (1961 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა