28-29 იანვარს ბლოკჩეინით – ენმ-მ შიდა არჩევნების თარიღი და ფორმა გამოაცხადა

ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნები ბლოქჩეინის პრინციპით მომავალ წელს 28-29 იანვარს გაიმართება – ამის შესახებ რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა. ნაყოფიას თქმით, კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი წარადგინეს, ერთი ნაწილი ელექტრონულ კენჭისყრას გულისმობდა, საუბარი იყო „ფეისბუქ” პლატფორმაზეც, მაგრამ, მისი თქმით, გადაწყვეტილება 69 ხმით ერთის წინააღმდეგ ბლოკჩეინის სასარგებლოდ იქნა მიღებული, რომელიც ნიკა მელიას ჯგუფმა წარადგინა.

რაც შეეხება არჩევნების თარიღს, ნაყოფიას თქმით, 2023 წლის 28-29 იანვარი მისი ინიციატივა იყო, რასაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაეთანხმა. კანდიდატთა რეგისტრაცია კი სამშაბათს 18:00 საათზე დასრულდება.

როგორც ნაყოფიამ განაცხადა, დღეს პარტიის მთავარი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობა და მისი თავისუფლებაა, რაზედაც პარტიაში იმსჯელეს, მათ შორის სამოქმედო გეგმაზე, თუ როგორ შეხვდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 ნოემბრის დილით ცნობილი გახდა, რომ პარტიის წევრთა ნაწილი თავმჯდომარის, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს ახალ არჩევნებს ითხოვდა. ამის შსახებ ენმ-ს წევრმა ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

9 ნოემბრის საღამოს მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის გიორგი ჩალაძე და მოძრაობის „საქართველოსთვის” აქტივისტი გიორგი მუმლაძეც იბრძოლებდნენ. თუმცა ჩალაძემ საკუთარი კანდიდატურა მალევე 16 ნოემბერს მოხსნა.

ამავე დღეს 16 ნოემბერს საკუთარი კანდიდატურა ლევან ხაბეიშვილმა წამოაყენა, მანამდე იგი ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა.

ახლა ერთმანეთის კონკურენტები ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე არიან.

აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო ლევან ხაბეიშვილის ფლანგი, რომელიც ახალი თავმჯდომარის არჩევას წლის ბოლომდე ითხოვდა. ხაბეიშვილის თქმით, გადაწყვეტილება მეგობრებთან და თანამებრძოლებთან რამდენიმედღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო და მისი მიზანია, რომ „ენმ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ვარდების რევოლუციის იდეალები…”. კანდიდატურის წარდგენისას მასთან ერთად იდგნენ დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი, დევი ჭანკოტაძე, ბადრი ბასიშვილი და დიმიტრი შაშკინი.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით ლევან ხაბეიშვილმა აქცია 3 დეკემბერს დააანონსა.

რაც შეხება ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეებს, ისინი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ და საარჩევნო კამპანიის დაწყებას არ ჩქარობდნენ.

გიორგი მუმლაძე კი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოპოზიციურ ტელეარხებზე აქტიურად ჩნდება და საზოგადოებას მათი გუნდის გეგმებს აცნობს, ასევე ნიკა მელიას მწვავედ აკრიტიკებს. მის შტაბს ალიკა კუპრავა, რეგიონულ მიმართულებას კი გიორგი კაპანაძე ხელმძღვანელობს. როგორც მუმლაძე აცხადებს, თუ ენმ-ის თავმჯდომარე გახდება, „მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველგან გაიხსნება მიშას გათავისუფლების შტაბები და მთლიან პარტიულ რესურსს, მოვახმარ მისი პუტინის ტყვეობიდან დახსნას!”

აღსანიშნავია, რომ კანდიდატები ერთმანეთს ხშირად მწვავედ აკრიტიკებენ, ამის მიუხედავად სააკაშვილის სასამართლო პროცესების პარალელურად გამართულ აქციებზე ჩნდებიან და ამბობენ, რომ ერთად დგომის მიზეზი საკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share