ხაჭაპურის ინდექსის ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 1 წელში ხაჭაპურის მომზადება 26.1%-ით გაძვირდა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში ხაჭაპურის ინდექსმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.99 ლარია. ეს 0.6%-ით მეტია 2022 წლის ნოემბრის და 26.1%-ით მეტი – 2021 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე.

წინა წელთან შედარებით, ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა: ყველი – 27.4%-ით, რძე – 20.0%-ით, კარაქი – 17.3%-ით, საფუარი – 15.1%-ით, ფქვილი – 13.3%-ით, კვერცხი – 8.6%-ით გაძვირდა.

“წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ფასები გაიზარდა საქართველოს ყველა ქალაქში. წელს ყველაზე დიდი ზრდა (28.9%) თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის თელავი (22.4%), ბათუმი (21.8%) და ბოლოს ქუთაისი (14.1%), სადაც სხვებთან შედარებით მცირე, მაგრამ მაინც მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

2011-2022 წწ-ების მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება 2022 წლის დეკემბერში თითქმის გაორმაგდა 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (2011 წლის 3.76 ლარიდან 2022 წელს 6.99 ლარამდე გაიზარდა). ხაჭაპურის ღირებულება ყველაზე დაბალი 2012 წლის დეკემბერში იყო და 3.43 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალ ნიშნულს კი 2022 წლის დეკემბერში მიაღწია და 6.99 ლარამდე გაიზარდა” – აღნიშნავს ISET-PI.

ხაჭაპურის ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება და ის ქართული ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯებს ასახავს.  ინდექსზე გავლენას ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონე ახდენს, რომელიც ამჟამად 10.4%-ია

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share