ის ხალხი, ვინც ეუბნება პრეზიდენტს, სააკაშვილი შეიწყალეო, ერთხელ წინ დამისვით და თვალებში შემახედეთ: ვეტყვი ორ სიტყვას – შვილი გყავს? რაც ჩემს შვილს სააკაშვილმა მოაწია, მომიკლა შვილი, შენი შვილი რომ მოეკლა ასეთნაირად, ხელს მოაწერდი მის შეწყალებას? ამას თუ იზამდი, შენი შვილის მტერი ხარ მაშინ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.
„დღეს საღამოს გაოგნებული შემოვედი სახლში. ვიცოდით, რომ შვილმკვდარი მშობლები ვიკრიბებოდით პრეზიდენტის სასახლესთან. რა თქმა უნდა, მივედი და ადამიანები ამბობდნენ – მივაწვდინოთ სიმართლის ხმა პრეზიდენტს. 15-20 წუთის შემდეგ მოვიდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს სურდა ჩვენთან შეხვედრა. წავედით, გაიღო რკინის ჭიშკარი და გამოვიდა პრეზიდენტი. მე გამაოგნა სამჯერ ნათქვამმა სიტყვამ – პირდაპირ, აგრესიული ტონით – „რომ შემომივარდით ჩემთანო“. არავის არ უნდოდა მაგ ჭიშკარში შესვლა, თვითონ გააღეს კარები. არ მინდა დავიჯერო, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს, მაგრამ ყველანაირად ისე მიდის საქმე, რომ თვითონ პრეზიდენტმა რატომ იკადრა ეს? როგორ მინდა, რომ ეს რომელიმე მრჩეველს დაჰბრალდეს. ნუთუ საქართველოს პრეზიდენტი, ხალხმა რომ ავირჩიეთ და ხალხის პრეზიდენტი რომ ჰქვია, თავისივე მიპატიჟებულ ხალხზე იტყვის, შემომივარდნენო? პრეზიდენტმა ხომ თქვა, რომ არ შევიწყალებო, ახლა რატომ ამბობს, რომ არ ვიტყვიო? პრეზიდენტი ხარ, მასხრად რას იგდებ ამდენ ხალხს, ან თქვი კი, ან არა. ის ხალხი, ვინც ეუბნება პრეზიდენტს, სააკაშვილი შეიწყალეო, ერთხელ წინ დამისვით და თვალებში შემახედეთ: ვეტყვი ორ სიტყვას – შვილი გყავს? რაც ჩემს შვილს სააკაშვილმა მოაწია, მომიკლა შვილი, შენი შვილი რომ მოეკლა ასეთნაირად, ხელს მოაწერდი მის შეწყალებას? ამას თუ იზამდი, შენი შვილის მტერი ხარ მაშინ. მე ვინ გამომაგზავნა იქ? ჩემი შვილის საფლავმა გამომაგზავნა იქ. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვთხოვ, ღმერთი არ გაუწყრეს და არ შეიწყალოს სააკაშვილი. ეს საქართველოს და ჩვენი ახალგაზრდების მომავალს სპობს“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.