ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დადგენილი დემენციის დიაგნოზი მის მოწამვლასთან დაკავშირებულია.
მისივე თქმით, ის თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით ციხეში მოიწამლა და არა სამედიცინო დაწესებულებაში.
როგორც სმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში ჩართვის დროს აღნიშნა, ის, რომ კვლევის შედეგად სისხლში მძიმე მეტალების არსებობა 26 დღის შემდეგაც გამოვლინდა, ნიშნავს იმას, რომ ნივთიერებები ორგანიზმში დიდი რაოდენობით იყო.
„სააკაშვილის სისხლის ანალიზი გვიან აიღეს, პირველი გულის წასვლიდან 26 დღის შემდეგ. მძიმე მეტალები სისხლის ნაკადიდან ძალიან სწრაფად ქრება, შესაბამისად, ჩვენ ვიკვლევთ ხოლმე თმას, რათა ამ მეტალების არსებობა დავადგინოთ.
ჩემი აზრით, პირველი ინტოქსიკაცია მაისში მოხდა და მოგვიანებით მის ორგანიზმში მოხვედრილმა მძიმე მეტალებმა დააზიანა მისი ორგანოები. როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას სიმპტომები უკვე ჰქონდა. მე ვთვლი, რომ ის მოიწამლა მანამდე, ციხეში და არა სამედიცინო დაწესებულებაში. მედიცინის პრინციპების მიხედვით, მარტო ლაბორატორიული ტესტი დიაგნოზის დასმის საშუალებას არ გვაძლევს. იმისთვის, რომ დიაგნოზი დაისვას, ლაბორატორიული ტესტები პათოლოგიურ გამოვლინებებს უნდა დავუკავშიროთ. იმისთვის, რომ მოწამვლა დაუკავშირდეს პათოლოგიურ ცვლილებებს, ამისთვის საჭირო იყო, ტესტი მალე ჩატარებულიყო და არა 26 დღის დაგვიანებით. თუ დაგვიანდა, მაშინ უნდა გამოეკვლიათ სხვა ქსოვილები, მაგალითად, თმა.
ის, რომ კვლევის შედეგად სისხლში მძიმე მეტალების არსებობა 26 დღის შემდეგაც გამოვლინდა, ნიშნავს იმას, რომ ნივთიერებები დიდი რაოდენობით იყო ორგანიზმში. ვვარაუდობ, რომ იმდენად მაღალი იყო ამ ტოქსიკური ნივთიერებების დოზა, რომ 5 თვის გასვლის შემდეგაც კი თმაში, შარდსა და ფრჩხილებში მათი კონცენტრაცია მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა.
დემენცია, რომელიც სააკაშვილს დაუდგინდა, დაკავშირებულია მის მოწამვლასთან“, – განაცხადა დევიდ სმიტმა.