მარკ ფეიგინის ინიციატივით, ხვალ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად თავისუფალი მოქალაქეები ერთიანდებიან. საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ გადასვლის უფლება უნდა მისცეს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან შეიკრიბებიან.
ხმაურიანი აქციები იგეგმება დედაქალაქში, აქცია გაიმართება რეგიონებშიც.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად აქცია გაიმართება აგრეთვე შეკვეთილშიც, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქცია შეკვეთილში ხვალ, 18 საათზე გაიმართება, რომელსაც ოზურგეთიდან და ლანჩხუთიდანაც შეუერთდებიან.
ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა აქციის შესახებ სოციალურ ქსელში აანონსებს და ყველას მოუწოდებს, დაიცვან მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე:
”ხვალ 18 სთ-ზე,ვისთვისაც ძვირფასია არა რომელიმე პერსონის, არამედ უბრალოდ, ადამიანის სიცოცხლე, ყოველგვარი პარტიულობის გარეშე, გელოდებით შეკვეთილში. იმ ადამიანის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვისი პირადი ბრძანებითაც კვდება ამ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი ციხეში” – წერს ასკურავა.