ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობის დღემდე უცნობი დეტალები
90 -იანი წლების მოვლენები დღესაც იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს. ჩვენმა რესპონდენტმა გვარ-სახელის გამჟღავნება მიზეზთა გამო არ ისურვა, თუმცა დაგვთანხმდა, რომ მკითხველისთვის მოეთხრო აქამდე უცნობი დეტალები იმდროინდელი პოლიტიკური თუ კრიმინალური ცხოვრებიდან, მათ შორის ექსკლუზიური ამბები ზვიად გამსახურდიაზე.
ოქროსუბნელი ბიჭები
ციხეში სკოლის მერხიდან…
– პირველად 1967 წელს მოვხვდი ციხეში. სკოლაში მეგობართან ვიჩხუბე, ცუდად შევეხე. საბედნიეროდ, არ დაღუპულა, მე კი ორი წელი მოვიხადე. სად არ ვიყავი, ხან კა-პე-ზეში”, ხან ციხეში, თუმცა უცებ მოვერგე სიტუაციას, რადგან იქ ყველას ვიცნობდი, ზოგს პირადად, ზოგს შორიდან. როცა გამოვედი, უბანში ჩვენი სახლი დაენგრიათ და ახალ უბანში ვცხოვრობდი. მახსოვს, იმ პერიოდში 8 სკოლა გამოვიცვალე, ამ ყველაფერმა კი ძალიან შემიცვალა ხასიათი – აგრესიული გამხადა. შევდიოდი კლასში, სადაც ბავშვები ერთად გაზრდილები იყვნენ, მე კი უცხო ვიყავი. გარდა ამისა, სიმპათიური ბიჭი ვიყავი და გოგოს თუ მოვეწონებოდი, მის შეყვარებულთან მქონდა კონფლიქტი. ისეთებთანაც ვჩხუბობდი, თავი ნომერი პირველი” ტიპი რომ ეგონათ. ამიტომ ყოველ ჯერზე სკოლიდან მაგდებდნენ. ერთ-ერთ სკოლაში დამჭრეს კიდეც, ბოლოს მე-15 სკოლა დავამთავრე ექსტერნად, თან ვმუშაობდი.
არჩევანი…
საბურთალოზე ინსტიტუტს აშენებდნენ და იქ დავიწყე მუშაობა. მალევე მომბეზრდა, რადგან სხვისი დავალებების შესრულება, წყალი მომაწოდე”, აგური მოიტანეო, ვერ ავიტანე. მამას გამოვუცხადე, მუშაობის გამგრძელებელი აღარ ვარ-მეთქი, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ დედისა და დისთვის უნდა მიმეხედა და არჩევანის წინაშე დავდექი: წავიდე ქუჩისკენ” თუ პატიოსანი შრომით ვარჩინო ოჯახი-მეთქი? ქუჩაშიც ბევრი რამ არ მომწონდა. ე.წ. ქურდები ქალს როგორც ნივთს, ისე აღიქვამდნენ. ვერ ვიტანდი, როგორ უყურებდნენ ერთმანეთის ცოლებს, დებს… მიუხედავად იმისა, რომ დროის დიდ ნაწილს მათთან ვატარებდი, წითელ ხაზებს არ გადავიდოდი, მე ქურდი არასდროს გავხდებოდი.
“სტუდენტმა ისევ “ძველ ინსტიტუტში” ამოვყავი თავი”
– დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა. სამტრედიაში ჩავედი ბებია-ბაბუასთან და მომზადება დავიწყე. ისეთი მოტივირებული ვიყავი, ფიქრობდნენ, აუცილებლად ჩაირიცხებაო. ასეც მოხდა. თუმცა ისევ რაღაც შემემთხვა და სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტმა “ძველ ინსტიტუტში” ამოვყავი თავი, საიდანაც 1973 წელს გამოვედი. ჩემი ძმაკაცი სამტრედიის ტრესტში მუშაობდა, წვენებსა და მურაბებს ამზადებდნენ, და მეც იქ დავიწყე მუშაობა. რაც უფრო ბევრ წვენს დაამზადებდი და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში გაუშვებდი, მით ბევრი ფული მოდიოდა. ჰოდა, ჩვენც თავდაუზოგავად ვშრომობდით და ფულიც გვქონდა.
“ზვიადს კა-გე-ბემ ბიბლიოთეკა დაუწვა”
– თუ სწორად მახსოვს, 1974 წელი იყო, ყიზლარში ცოცხებს ამზადებდნენ. იქ ჩემი ძმაკაცი მუშაობდა და ხშირად ჩავდიოდი. სწორედ მისგან გავიცანი ზვიად გამსახურდია, რომელიც იმ დროს ყიზლარში, ჩასახლებაში იყო. მორებისგან შეკრულ პატარა ოთახში ბიბლიოთეკა ჰქონდა და თავისთვის იყო წყნარად. ზვიადთან საუბარს ბევრი ვერც კი ინატრებდა, ამიტომ ძალიან მიხაროდა, რომ საათობით ვსაუბრობდით. თვალებში ყურება არ უყვარდა, ერთს შემოგხედავდა და მერე თვალები სულ ქვემოთ ჰქონდა დაშვებული. ძალიან განათლებული კაცი იყო, 17 დღეღა ჰქონდა დარჩენილი, რომ ბიბლიოთეკა დაუწვეს. მაშინვე ვიცოდით ყველამ, რომ ეს კა-გე-ბეს მორიგი მზაკვრობა იყო. ხანძარს მეც შევესწარი. ბიბლიოთეკა თურმე 3.700 მანეთად იყო შეფასებული და ზვიადს ზარალის ანაზღაურებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიება დაიწყებოდა… ცხადია, კა-გე-ბე მორიგ პროვოკაციას უგორებდა. ვუშოვე ფული და ჩავუტანე, თბილისშიც ერთად დავბრუნდით. ყიზლარის შემდეგ ერთმანეთი კარგა ხანს არ გვინახავს. ერთ დღეს მუშთაიდის ბაღში ჩემს მეგობარ გია ბზიკაძესთან ერთად მერაბ კოსტავას მოვკარი თვალი, სკამზე ისხდნენ. იმ დღეს გავიცანი მერაბიც.
“მხედრიონელი” ბუღა ცუდად მოიქცა და მაგრად ვცემეთ”
ზვიადმა წლების შემდეგ თავად მომძებნა. მაშინ “მხედრიონი” ახალი შექმნილი იყო. მახსოვს ერთი კაცი, ბუღას” ეძახდნენ, გვარად ყურაშვილი, მგალობლიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა და მოგვიანებით “მხედრიონში” შევიდა, ჯაბას მოადგილეც იყო (შემდეგ საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. – ავტ.). მას თავიდან ზვიადის რიდი უფრო ჰქონდა, ვიდრე ჯაბასი. მოკლედ, ეს ბუღა” ჩემთან ძალიან ცუდად მოიქცა და ამისთვის მაგრად ვცემეთ, ლამის შემოგვაკვდა, დაჭრილიც იყო… როდესაც ზვიადს მომხდარის შესახებ უთხრეს და ამ საქმეში ჩემი სახელი ახსენეს, უთხოვია, იქნებ შემახვედროთო.
“ზვიადმა მითხრა, დაცვა რომ დამჭირდეს, არ დამიცავო?”
– პაატასთან ვიყავი სახლში (პაატა ჩლაიძე, “კანონიერი ქურდი”. – ავტ.), როცა ვიღაც სამი ბიჭი მოვიდა. პაატას ჩემზე მორიდებით უთხრეს, ვეძებთო. იმ საღამოსვე ზვიადთან ვიყავი სახლში. მანანაც ძალიან კარგად შემხვდა. ცოტნე და გიორგი იმ დროს პატარები იყვნენ. დიდხანს ვისაუბრეთ, ყიზლარს ვიხსენებდით. მოულოდნელად მკითხა, ახლა რას საქმიანობო? რა უნდა მეთქვა? არაფერს-მეთქი, მივუგე სიცილით. ჩემთან წამოდი, გვერდში დამიდექიო… მაშინ პოლიტიკურ ავანსცენაზე რა ხდებოდა, წარმოდგენა არ მქონდა. ყურმოკვრით ვიცოდი, რომ რაღაც პროცესები იყო დაწყებული. მე რაში გამოგადგები, რა უნდა ვაკეთო-მეთქი, გავიკვირვე. ისეთი არაფერი, მაგრამ თუ დამჭირდება, გვერდში დამიდექიო. ვიუარე, ასეთ საქმეებში ვერ ჩავერევი-მეთქი. როგორ, დაცვა რომ დამჭირდეს, არ დამიცავო? – მკითხა სიცილით. თუ სუფრაზე ვიღაცამ ჩხუბი დაიწყო და დანა მოგიქნია, როგორ არ ჩავერევი, მაგრამ ახლა მე და შენ რომ ვინმეს მივადგეთ პრეტენზიებით, ეს გვინდა, ის გვინდაო, ასე არ გამოვა. მე არ ავარ ის კაცი, ასეთ თემებში რომ ერეოდეს-მეთქი. ერთი თვე გრძელდებოდა ეს ამბები, ხან ვინ მოვიდა, ხან ვინ. მერე პაატამ მითხრა, შენც ადექი და მიდიო… უკვე ის პერიოდი იყო, როცა ცხადი გახდა, რომ ზვიადი ხელისუფლებაში მოდიოდა. ამ დროს ისევ დამიჭირეს. საქმე პოლიტიკას არ ეხებოდა. ზვიადი ჩაერია და გამომიშვეს. 6-7 თვე ვიჯექი, რომ არა ზვიადი, 10 წელი მომიწევდა ჯდომა. როცა გამოვედი, დავალებულადაც კი ვგრძნობდი თავს და მივედი, თუ დაგჭირდი, შენ გვერდით ვარ-მეთქი.
“ვცდილობდი, გამსახურდია “ჩვენს ენაზე” გამემართლებინა”
– “მხედრიონი” და “თეთრი გიორგი” თავიდან ერთი ორგანიზაცია იყო, მერე იმიტომ გაიყვნენ, რომ ერთი ნაწილი მხარს გამსახურდიას უჭერდა, მეორე – ჯაბასა და კიტოვანს. ამ პროცესებს თვალს რომ ვადევნებდი, ვხვდებოდი, ზვიადი მართალი იყო. მაშინ საგანგებოდ ხშირად ამბობდნენ, როცა ზვიადი დააკავეს, საჯაროდ გამოვიდა და რაღაცები ილაპარაკაო. ამით მისი დისკრედიტაცია უნდოდათ. მე ვცდილობდი, მათთვის “ჩვენს” ენაზე” ამეხსნა: აი, დაგიჭირეს ქურდობაზე, მეორე დღეს გამოგიყვანეს ტელევიზორში და რას იტყვი, კიდევ მოვიპარავო? არაო, მპასუხობდნენ. ჰოდა, ეს თქვა სწორედ იმ კაცმა, კი ბატონო, ვაკეთებდი ამას და აღარ გავაკეთებო, მაგრამ ხომ აკეთებდა მერე იმავეს, რასაც დაკავებამდე. ჰოდა, რაშია ეს კაცი დამნაშავე-მეთქი. რომ გამოსწორებულიყო და ლენინის ორდენი დაეკიდა, მაშინ Hჰო, მაგრამ საქმე ბოლომდე ხომ მიიყვანა-მეთქი?
“ზვიადის გარემოცვა არ მომწონდა…”
– ჩვენი ურთიერთობა ზვიადის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვალში საცემი გახდა. მის კაბინეტში ნებისმიერ დროს შემეძლო შესვლა. მისი გარემოცვა არ მომწონდა და ამაზე ზვიადთან არაერთხელ მისაუბრია. იმდენად არ მომწონდა მინისტრები, რომ მათ დაკნინებას ვცდილობდი და ზედმეტიც კი მომდიოდა. ეტყობა, ზვიადსაც აღარ შეეძლო ჩემი “ნაგლობის” მოთმენა და ერთ დღეს მკითხა, არ გინდა რამე გააკეთოო? მივხვდი, სამსახური იგულისხმა. ვუთხარი, ადრე წვენებში ვმუშაობდი-მეთქი. ჰოდა, წადი შულავერშიო. შულავერში მატყლის ფაბრიკა იყო. თბილისის, ფასანაურისა და კიდევ ერთი ფაბრიკა უნდა გაერთიანებულიყო და დირექტორი მე უნდა ვყოფილიყავი. ამით ზვიადმა თავის გარემოცვას მომაშორა. დავიწყე მუშაობა და საქმეც კარგად მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზვიადის ბევრი რამ არ მესმოდა, ძალიან მიყვარდა. ის იყო სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი და ამას ვერავინ დაუკარგავს.
მის გარემოცვასთან კონფლიქტი მას შემდეგაც არაერთხელ მქონია. რაჭაში მიწისძვრა რომ მოხდა, ბევრმა, მათ შორის მეც, 300.000 მანეთი შევიტანეთ დაზარალებულთა ფონდში. რაღაც დროის შემდეგ ვაჟა ადამიას, რომელსაც დაზარალებულთა უზრუნველყოფა ზვიადისგან ჰქონდა დავალებული, ვეკითხებოდი, სად წაიღეთ ჩემი 300.000 მანეთი, მაჩვენე ერთი ტელევიზორი ან მაცივარი, რომელიც დაზარალებულებს უყიდეთ-მეთქი. რა უნდა ეჩვენებინათ, რაც არ იყო… ასე მიდიოდა ფული ვიღაცების ჯიბეში.
ბუნკერში…
– 1991 წლის დეკემბრის ბოლოს ზვიადი ბუნკერში ვნახე. თბილისში ომი ახალი დაწყებული იყო. სამი-ოთხი კაცი შევედით ზვიადთან. მაშინაც გულახდილი საუბარი გვქონდა. ვუთხარი, არაფერში გამოგადგები, რადგან მეორე მხარეს ჩემი ძმაკაცის ძმაა, კიდევ მეზობელი, მესამე ვიღაც… იმათ თავისი გაგება აქვთ, მე – ჩემი. ჩემი გაგება კი ის არის, რომ ასეთ საქმეში ვერ ჩავერევი და რად გინდა, ტყუილად სამიზნედ გყავდე-მეთქი. დიდხანს ვისაუბრეთ. გარეთ გამოსულებს პრეზიდენტის გარემოცვიდან ერთი ტიპი გადაგვეყარა. სახელი არ მახსოვს, იმ დროს ძალიან” “პროდვინუტი” იყო, იპოდრომზე რაღაცები ჰქონდა “დათრეული”. მოკლედ, წვიმიანი დღე იყო და მანქანა რომ დავძარით, წყალი შეესხა. არც აცივა, არც აცხელა და დედა შემაგინა. მანქანიდან რომ გადმოვედი, გაშრა, მომიბოდიშა, არ ვიცოდი, თუ თქვენ იყავითო, მაგრამ გვიანი იყო… დედა როგორ შემაგინე-მეთქი და ისე ვცემე… მერე მივხვდი, სკოლის დროინდელი აგრესია დამიბრუნდა…
უკანასკნელი შეხვედრა
– ბოლოს ზვიადი იჯევანში ვნახე, როცა გავიგე, რომ სომხებს დაპატიმრებული ჰყავდათ. იქ მეგობარი მყავდა, ავტოგასამართი სადგური ჰქონდა. თავიდან ზვიადთან არ შემიშვეს… ძალიან დათრგუნვილი იყო და იცით, რისი სინანული ჰქონდა? ხალხმა ჩემი ბოლომდე არ დაიჯერაო. არ მიკითხავს, სად მიდიოდა, რას აპირებდა. ვუთხარი, თუ რუსეთში მოხვდები, იქაც ჩამოვალ-მეთქი. საუბრისას ყიზლარის ბიბლიოთეკაში გატარებული ერთი საღამო გამახსენდა. მაშინ გვიანობამდე ვილაპარაკეთ და ზვიადმა მოულოდნელად თქვა, ვიცი, რომ განწირული ადამიანი ვარ, ამხელა სახელმწიფო მანქანას ერთი და ორი კაცით 10 და 20 წელი ვერ მოერევიო. განწირული კაცი ვარ, თუმცა ეს უნდა მოხდეს, რათა საბოლოო შედეგამდე მივიდეთო. ამ მანქანას აგერ უკვე 25 წელიწადია ვერ ვერევით… მაშინ ამბობდნენ, ზვიადმა ფული წაიღოო. ამ საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ფული ჯაბას, სიგუასა და კიტოვანის ჯიბეებში წავიდა. ზვიადი საკუთარი ქვეყნის ფულს არ წაიღებდა. ერთხელ გამომცემლობა “მერანს” ვთხოვე და ზვიადის ლექსები დავაბეჭდვინე. არ ვიცი, როგორ დაითვალეს, მაგრამ ჰონორარი 1.700 მანეთი გამოვიდა. გადასაცემად მე გამატანეს. ზვიადი ფულს არ მართმევდა, მახსოვს, რამდენ ხანს ვეხვეწებოდი, აიღე, შენი ჰონორარია, კი არ გჩუქნი-მეთქი. მაინც უარობდა. ასეთი კაცი თავისი ქვეყნის ფულს სადმე წაიღებდა?!
კვირის ;ალიტრა