გურიის ტყეების ბედი

1837 წლის 12 იანვრის ბრძანებით რუსეთის იმპერატორმა აკრძალა გურიიდან იმპერიის საზღვრებს გარეთ მუხის მერქნის გატანა. ასევე გურიიდან, სამეგრელოდან და აფხაზეთიდან ნიგვზის და პალმის (ბზა – კავკასიური პალმა) ხეების გატანასთან დაკავშირებით დააწესა საკმაოდ დიდი გადასახადები, გადაზიდვისას გზით სარგებლობის გადასახადის გარდა, იმპერიის გარეთ გატანაზე ფუთზე უნდა გადახდილიყო 5 ვერცხლის კაპიკი. გურიიდან ხეტყის გატანა ძირითადას შეკვეთილში არსებული წმ. ნიკოლოზის პორტიდან ხდებოდა. 1837 წლამდე ხეტყეს აქტიურად ყიდულობდნენ თურქები, რასაც მოყვა რუსეთის იმპერატორის აკრძალვა. ამის შემდეგ იმპერატორის 1837 წლის ბრძანებით გურიიდან მუხის მერქნის გატანაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა.
.
გურიიდან ამ პერიოდში საკმაოდ დიდი რაოდენობის ხეტყე გადიოდა, განსაკუთრებული მოთხოვნა იყო მუხის, ურთხელის, ბზის და ნიგოზის მერქანზე. მერქნის დამზადება დიდი რაოდებით ხდებოდა სურების ხეობაში, საიდანც მდინარე სუფსის მეშვეობით ჩაჰქონდათ ზღვამდე. ხეტყე ასევე პალიასტომის გავლით გაჰქონდათ ფოთში. ამ პერიოდში ხეტყის რეწვამ გურიის ფლორასა და ფაუნას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
.
აბსოლუტურად ყველა ვინც კი გურიაში ჩამოდიოდა აღფრთოვანებით აღწერდა გურიის ულამაზეს ბუნებას, მაგალითად დუნკელ-ველინგი, რომელმაც გურიაში იმოგზაურა 1850 -1851 წლებში წერს – “ამ საოცარი ქვეყნის მთისა და ბარის ბუნება თავისი სილამაზით ყველაფერს აჭარბებს რისი წარმოდგენაც კი ადამიანს შეუძლია. დიდებული ჭადრის, წაბლისა და ნიგვზის ხეებზე კედელივით გადაფენილია ხვიარა მცენარეების, სუროსა და ველური ყურძნის მცენარეული მწვანე საფარი; სერენგას (ველური ჟასმინი) სურნელი ავსებს ჰაერს, ბროწეულებს თავიანთი მუშტისებური მკვეთრად წითელი ყვავილები წამოუწევიათ თავიანთივე მუქი სიმწვანიდან”
.
შემდეგში ტყეების უპრეცენდეტო გაჩეხვა გურიაში ჩაის პლანტაციების გაშენებას მოყვა. ტყის განსაკუთრებით დიდი მასივები შეეწირა დღევანდელი ნარუჯა-ლაითურის და ნასაკირალის ტერიტორიაზე ჩაის გაშენებას. ამ ადგილებში იმდენად გაუვალი და უძველესი ტყეები ყოფილა, რომ ხუთასწლოვან ძვირფასი ჯიშის ხეებს დინამიტით აფეთქებდნენ, რადგანაც მათი მოჭრა და ამოძირკვა სხვა ფორმით შეუძლებელი იყო.
.
გურიის ტყეები განსაკუთრებით მდიდარი იყო ურთხელის (Cunninghamia Lancelata) ანუ წითელი ხის ძვირფასი მერქანით და რომელიც წარმოადგენდა ძირითად საშენ მასალას გურიაში, ოზურგეთშიც დღესაცაა შემორჩენილი ამ მერქნით აშენებული რამდენიმე უძველესი სახლი. თედო სახოკია, რომლის 1897 წელს იყო ოზურგეთში აღნიშნავს – „ბაზარშივე გამოაქვთ გათლილი ფიცრები. სხვათა შორის დიდძალი შემოაქვთ ურთხლის ფიცრები. თითო კარგად მოზრდილი ფიცარი ექვს აბაზად იყიდება ხოლმე.“ ურთხელის ტყეები სრულიად გაჩანგდა გურიაში და დღეს ამ ჯიშის ხე პრაქტიკულად აღარაა შემორჩენილი. ასევე გაჩანგებულია და აღარ არსებობს ბზისა და მუხის ტყეები.
.
ურთხელს გურიაში საკრალური მნიშვნელობაც ჰქონდა, გურული ლეგენდების მიხედვით – სინათლის კონუსი, რომელსაც გურულები „ჯვარის ძალს“ ეძახდნენ ნათელ ღამეს ციდან დაეშვებოდა და დააჯდებოდა ურთხელის ხეს, რის შემდეგაც ეს ხე ხელშეუხებელი იყო.
.
– Земледельческая газета 30.03.1837 г. #26
– Свод законов российской империи 1857, T. 6
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share