“კოალიციამდე სანამ მიდიან პოლიტიკური პარტიები, მანამდე ითვლიან საკუთარ წონას. უბრალოდ ერთიანობა და ერთიანობა უშინაარსობაში გამოსავალი ნამდვილად არასდროს არ არის ხოლმე. როგორც წესი, ეს ბუტაფორიად გარდაიქმნება იქ, სადაც დიდი პარტია დომინანტია და დანარჩენი მომყოლია. სხვათა შორის, ამის მაგალითები წინა და იმის წინა არჩევნებზე გვქონდა და ამან, მათ შორის, მნიშვნელოვნად დააზიანა პოლიტიკური პარტიები. ამიტომ, ეს არასწორი მგონია.
კოალიციაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა არჩევნები მოვა, როცა წიწილებს დავითვლით და ყველა ჩვენს წონას გავზომავთ. მე ჩემსას, ნაციონალური მოძრაობა – თავისას, ლელო – თავისას და ასე შემდეგ.
სულ მესმის ერთი ფრაზა – ახლა ამის დრო არ არის. არანაირ შინაარსობრივ საკითხზე არ ვდაობთ. ხომ შეიძლება, ჩვენ ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ განათლებაზე, თავდაცვაზე, რამეზე, ამაზეც პასუხია, რომ ახლა ამის დრო არ არის. საზოგადოებამაც პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტი უნდა მოსთხოვოს და საჭიროა, პოლიტიკაში, პოლიტიკურ პარტიებში დიდი გადატვირთვა მოხდეს. შემდეგ საზოგადოებამ შეაფასოს, რომელი პარტია წავა წინ” – თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა.