“ე.ი. სკოლებში ამ სემესტრში კიდევ უფრო ცუდი გრაფიკი კეთდება. ჩემი შვილის სასწავლო გრაფიკში, საგნების საათობრივი მაჩვენებელი შემცირდა, კიდევ უფრო მკაცრად სთხოვენ მასწავლებლებს რომ 20 წუთს არ გადააცილონ დისტანციური რეჟიმი. ეს ქმნის ძალიან ცუდ მოცემულობას. სასწავლო პროგრამა იგივეა, მასწავლებელი იძულებული გახდება ორმაგი დოზით მისცეს სამუშაო მოსწავლეებს, რასაც კიდევ უფრო მოჰყვება სასწავლო შედეგის და ეფექტიანი სწავლების შემცირება. კიდევ უფრო შემცირდა მასწავლებელთან კონტაქტის დრო საგნებში, შემცირდა დრო მათემატიკაში, ქართულში, მე და საზოგადოებაში, ბუნებაში და ა.შ. მაშინ როდესაც სასწავლო მასალა, ცხადია, რთულდება. რა ვქნათ? უფრო და უფრო ვღუპავთ ბავშვებს? უფრო მეტად ვამცირებთ სასწავლო შედეგს? მასწავლებელი შავ დღეშია, რადგან გასაქანი არ აქვს და არც უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ იმუშაოს. მოსწავლე შავ დღეშია, რადგან კონტაქტის დრო ნაკლები აქვს და სასწავლო მასალა ბევრად მეტი, მშობელი შავ დღეშია, რადგან სასკოლო მუშაობის პროცესი პრაქტიკულად სახლშია გადასული… როდესაც ასე ხდება, ე.ი. სისტემაა კატასტროფული”-წერს ექსპერტი არჩილ გამზარდია.
ცნობისთვის: საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 18 იანვარს ონლაინ რეჟიმში განახლდა.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, პატარა ქალაქებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში სწავლა არა დისტანციურად, არამედ დასწრებით უნდა დაწყებულიყო, თუმცა, განათლების სამინისტროსგან განსხვავებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის გადაწყვეტილებით პირველ თებერვლამდე სწავლა ონლაინ უნდა გაგრძელებულიყო და სკოლები მომავალ რეკომენდაციას დალოდებოდნენ.