მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია ლევან იოსელიანს, რომელსაც პარტია მოქალაქეები ომბუდსმენობის კანდიდატად წარადგენს, პოლიტმატიმრობასთან დაკავშირებით კითხვას უსვამს. ამის შესახებ გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.
“როგორც პოლიტპატიმარს, სახალხო დამცველობის კანდიდატისთვის ერთი შეკითხვის დასმის უფლება მგონი უნდა მქონდეს და გამოვიყენებ: როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციისას არ გკითხავ)? სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვნება მართებს და “კი” ან “არა” პასუხით ძალიან დამავალებ”, – წერს გვარამია.
გვარამია მიმართავს დეპუტატ თამარ კორძაიასაც, რომელმაც იოსელიანის კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა და ამბობს, რომ ამ ვითარებაში, სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერა პოლიტპატიმრების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაცაა.
28 თებერვალს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარტია მოქალაქეების ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. იმავე დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატობასთან დაკავშირებით “ლიდერების დონეზე” გარკვეული კონსულტაციები იყო. იოსელიანის კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს დეპუტატებმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემაც.
2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა. სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირდა ოპოზიციის ნაწილიც.
პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა. საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.