“ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მომავალს სწირავს პირადი ხელისუფლების გადასარჩენად” – ამის შესახებ მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს და ე.წ. აგენტების კანონს ეხმაურება.
აგენტების კანონის წინააღმდეგ კამპანია პირველ რიგში იმას უსვამს ხაზს, რომ ეს „რუსული კანონია“ – რაც სრულიად სწორია. მაგრამ არანაკლებ უნდა ჩაიბეჭდოს ადამიანების თავებში, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მომავალს სწირავს პირადი ხელისუფლების გადასარჩენად. ეს ხშირად უნდა გავიმეოროთ არა იმიტომ, რომ ეს გზავნილი ეფექტიანია, არამედ იმიტომ, რომ ეს სიმართლეა, – წერს გია ნოდია.
ცნობისთვის, ე.წ. აგენტების კანონპროექტის ინიციატორი “ხალხის ძალაა”. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს. ე.წ. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. “ქართული ოცნება” აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.