ნუგზარ სულაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, “ქართული ოცნების” დეპუტატი დიტო სამხარაძე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, წერს, რომ გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთში დაიწყება.
სულაშვილი ამჟამად სწორედ საფრანგეთში ცხოვრობს და ამბობს, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართავს, რადგან ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება.
“ის რაც გუშინ მოხდა, არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი იქნება, მანამდე სანამ ეს სისტემა არ განადგურდება. 12 წელია მსგავსი შინაარსის შანტაჟს და მუქარას ვისმენ.
არაერთხელ გამივრცელეს უბინძურესი ჭორები. ამიმხედრეს ევროპაში მყოფი კრიმინალები.
მიზეზი მარტივია. მათ შესანიშნავად იციან, რომ წვდომა მაქვს უამრავ ინფორმაციაზე.
ამჯერად მე არ მივმართავ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს პირადი უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რადგან ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება. ამიტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება საფრანგეთში დაიწყება” წერს სულაშვილი
“მთავარ არხთან” საუბარში სულაშვილი ამბობს, რომ განაცხადი კომისარიატში უკვე გააკეთა:
“მტკიცება, რომ ეს Fake ექაუნთიდან არის, იქიდან არის თუ საიდან არის, ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მე დღეს უკვე გავაკეთე განცხადება კომისარიატში და კომისარიატი ამას დაადგენს, რა ექაუნთიდან არის მოწერილი, საიდან არის, როგორ არის, ამას ყველაფერს დაადგენენ. უბრალოდ სამარცხვინოა, როდესაც ადამიანს ემუქრები და შემდგომ ამას კონკრეტულად უარყოფ, ალბათ იმის კაცობა და ადამიანობაც უნდა გეყოს, რომ აღიარო, რომ კი – მე ვიყავი ან მე მივწერე. დილას ველაპარაკე კომისარს და უკვე წავიღებ ჩემს ლეპტოპს – ყველაფერს, რაც საჭირო არის და ასე ვთქვათ დაიწყება ამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა”, – ამბობს სულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიმოწერის ამსახველი ე.წ. სქრინი სულაშვილმა გუშინ, 20 მარტს გაავრცელა. თავად დიტო სამხარაძემ კი მას ფეიკი უწოდა და დაწერა, რომ იქ გამოყენებული სიტყვები, “მისი ლექსიკონი” არ არის – “ან ქალის დაწერილია ან გეის” – წერს სამხარაძე