სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ კორუფციაში მხილებული ადამიანების მიმართ დაწესდა – კრამერი

“მე მხარს ვუჭერ გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ მიიღო. ვთვლი, რომ ეს იყო ნაბიჯი, რომელიც მათ უნდა გადაედგათ”, – ამბობს მოსამართლეების დასანქცირებაზე
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი.

როგორც კრამერმა “ღამის მთავარის” ეთერში თქვა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არ არის სანქიცები ქართველი ხალხის მიმართ. მისი თქმით, სანქცირებული არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული.

“მე  მხარს ვუჭერ გადაწყვეტილებას, რომელიც სახდეპმა გუშინ მიიღო და  ვთვლი, რომ ეს იყო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა სახდეპს. ის მუქარა, რომელიც ისმის აშშ-ის საელჩოს მიმართ, არის ძალიან სამარცხვინო. ვთვლი, რომ ყველა ის საქართველოს მმართველი, რომელსაც აქვს გავლენა პოლიტიკაზე, უნდა მიხვდეს, რომ ასეთი პოლიტიკის გატარებას ძალიან ცუდი შედეგი ექნება იმიტომ, რომ ფრთხილად უნდა მოექცნენ აშშ-ის საელჩოს და სახდეპს. მათ ადგილას მე გავუფრთხილდებოდი ასეთ მუქარებს. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არ არის სანქციები საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ეს არის სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მხილებული იყვნენ კორუფციაში.

სამწუხაროა, რომ “ოცნების” ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია უკვე იერიში მიაქვს აშშ-ს საელჩოზე და უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება, ისინი მოხვდნენ სანქცირებული ადამიანების სიაში..

მე არ ვლაპარაკობ აშშ-ის სახელით, რომ “ქართულ ოცნებას” შეიძლება დაემუქროს სანქციები, თუმცა მათ ერთი გაკვეთილი უნდა ისწავლონ, თუ უნდათ რომ მოსკოვს დაუახლოვდნენ, ისინი დიახ, ამ გზაზე შემდგარი კარგად არიან, თუმცა თუ უნდათ, რომ მომავალი ევროკავშირს დაუკავშირონ, მაშინ ასე არ უნდა მოიქცნენ.

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სამწუხაროა. ვფიქრობ, რომ ეს მიზნობრივი სანქციები არის ნამდვილად სასარგებლო და თუ საჭირო იქნება შემდეგი ნაბიჯები, ამას აუცილებლად გადავდგამთ.. არ ვიცი, ვინ იქნება შემდეგ, თუმცა იმედი მაქვს, კარგად დაფიქრდებიან ადამიანები, სანამ იერიშს მიიტანენ აშშ-ს საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტზე” – ამბობს კრამერი 

ცნობისთვის, 5 აპრილს ამერიკამ 4 ქართველ მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სანქცირებულებს შორის ერთი, ვალერიან ცერცვაძე ამჟამად უკვე ყოფილი მოსამართლეა. გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა “მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო” მიიღო. შეზღუდვა შეეხება მათ ოჯახის წევრებსაც. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share