ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ე.წ. “კუბოების” გატანა-ანუ იქ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტში ცვლილებების შეტანა – შესაძლოა გადაიფიქროს.
ამ საკითხთან დაკავშირებით “გურიის მოამბე” ოზურგეთის ვიცე მერს, გიორგი ღურჯუმელიძეს ესაუბრა.
ჩვენს კითხვაზე – იგეგმება თუ არა ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტში ცვლილებების შეტანა და თუ იგეგმება, მოსალოდნელია თუ არა რკინის კონსტრუქციების გატანა? – ოზურგეთის ვიცე მერმა პირდაპირ არ გვიპასუხა.
ღურჯუმელიძე ზოგადი პასუხით შემოიფარგლა:
“ოზურგეთის მერია ყველა მიმდინარე პროექტს მიმდინარეობის პროცესში ხვეწს და ავითარებს, ისევე როგორც სხვა პროექტები, ეს პროექტიც მიმდინარეობის პერიოდში დაიხვეწება და განვითარდება” – თქვა მან.
ჩვენ ვიცე მერს დაკონკრეტება და დეტალური პასუხი ვთხოვეთ კითხვაზე-იგეგმება თუ არა გამსახურდიას (თეატრალური) მოედნიდან რკინის კონსტრუქცების გატანა – თუმცა ღურჯუმელიძემ ამ შეკითხვას არ უპასუხა.
გაუგებარი დარჩა ასევე მისი პასუხიც, მაშინ როცა ყველა მიმდინარე პროექტი სამუშაოების დაწყებამდე იქმნება, შემდეგ მტკიცდება და ტენდერზე გადის, რატომ უნდა “ვითარდებოდეს” ანაც “იხვეწებოდეს” სამუშაობის განხორციელების პროცესში.
ცნობისათვის, რკინის კონსტრუქციები ოზურგეთის მერიის მიერ დაფინანსებული ცენტრალურ მოედანზე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში დადგეს.
მომხდარმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში და მეტიც, ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ოზურგეთის მერისაგან მის აღებას (გატანას) მოითხოვდა.
მოგვიანებით ბატონმა ავთანდილ თალაკვაძემ, პირობა დადო რომ პროექტში ცვლილებებს შეიტანდა, ანუ რკინის კონსტრუქციებს, ადგილობრივების ენაზე “კუბოებს” – გაიტანდა.
ამასთან დაკავშირებით მერმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე განცხადებაც გაავრცელა.
თუმცა ღურჯუმელიძის პასუხებიდან გვრჩება განცდა, რომ მერის მაშინდელი განცხადება მხოლოდ მოსახლეობის საპროტესტო განწყობის შენელებას ემსახურებოდა და ის “პროექტში ცვლილებების შეტანას” არ აპირებს.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამის ნათელი დასტურია გიორგი ღურჯუმელიძის დამაბნეველი და ორაზროვანი პასუხები შვენს შეკითხვებზე.